“ვინმე თუ ბედავს და ამბობს, რომ ექიმმა შესაძლოა, ვინმე მოწამლოს, ეს ამორალურია”- რატი ბრეგაძე
საქართველოს იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლაზე გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, სამინისტროს ჰქონდა მყისიერი რეაგირება, ექსპერტიზაზე კი სააკაშვილმა უარი განაცხადა.
„რაც შეეხება მოწამვლას, ერთ-ერთმა ადვოკატმა გაავრცელა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის შესახებ, რაზეც ჩვენ გვქონდა მყისიერი რეაგირება. მივმართეთ ექსპერტიზას და როდესაც მივიდნენ ექსპერტიზის წარმომადგენლები, თავად სააკაშვილმა განაცხადა ამ ექსპერტიზაზე უარი. მედიკამენტებს ბუნებრივია, აწვდის სამედიცინო პერსონალი და ამის შესახებაც ვთქვი, რომ არაერთი ცილისმწამებლური კამპანია ვნახეთ, რაც შეიძლება შეფასებული იყოს, როგორც ექიმის მუშაობაში უკანონო ჩარევა და შესაბამისად, თუ ვინმე ბედავს და ექიმზე მსგავსი ტიპის განცხადებას გააკეთებს, რომ ექიმმა შესაძლოა, ვინმე მოწამლოს, ეს არის ამორალური.
რაც შეეხება საკვებს, უნდა ითქვას, რომ მსჯავრდადებულ სააკაშვილს მიეწოდება მხოლოდ ის საკვები, რომელსაც აწვდიან მისი ნდობით აღჭურვილი პირები, ესენი არიან ოჯახის წევრები და ასევე სხვები, რომლებზეც მან განაცხადა თანხმობა. შესაბამისად, როდესაც ვინმე ბედავს და საუბრობს საკვებზე ან მედიკამენტებზე, კეთილი ინებოს და შესაბამისი დასკვნები გააკეთოს, ვისზე საუბრობს საერთოდ“, – განაცხადა ბრეგაძემ