საქართველოს მეფეთა: თამარისა და დავით-სოსლანის გარდაცვალებათა თარიღების დადგენის ცდა-გულბად ამირანაშვილი
ლაშა-გიორგის მეფობის დროინდელი მემატიანის თხზულება: „ცხოვრება დიდისა მეფეთ-მეფისა თამარისი“ ორი ნაწილისგან შედგება: მეორე ნაწილი იწყება სიტყვებით: „თამარის ქმარი დავითი იყო ოვსთა მეფე“ (ქართლის ცხოვრება. ტ. I. თბ. 1955 წ. გვ. 369). ამ წინადადების მომდევნოდ მოკლედ ჩაწერილია ჯერ: 1). „დავით-სოსლანის ცხოვრება“ (გვ. 369, სტრიქ. 8-14); შემდეგ, 2). თამარის დის – „რუსუდანის ცხოვრება“ (გვ. 369. სტრიქ. 15-18); და 3). სახელის დასახელების გარეშე ქრონოლოგია აღნიშნულია იმ მეფის შესახებ, რომელმაც იმეფა 23 წელი და გარდაიცვალა ქორონიკონით 427 წელს (გვ. 369. სტრიქ. 19-23); ბოლოს, 4). აღწერილია დავით-სოსლანის გარდაცვალება და ისიც, რომ სასწრაფოდ „დასვეს გიორგი ძე მისი მეფედ“ (გვ. 369. სტრიქ. 24-29).
მოგვაქვს ამონარიდი ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანის თხზულებიდან:
„ორნი შვილნი მიეცნეს: გიორგი და რუსუდან. ამის გიორგის შობასა ზედა გაილაშქრა და აიღო კარი: ესრე ჩნდა ბედნიერობა ამისი და თამარ მეფისა“.
„მოახლენი მათნი სულთანნი მოხარკედ დასხნა და სამეფო განუხეთქლად დაიცვა, ყოველნივე შეიტკბნა და მშვიდობა ყო ყოველთათჳს. მეფობასა შინა დაყო ოცდასამი წელიწადი და აღვიდა წინაშე ღმრთისა, სადა იგი მკვიდრობენ წინასწარმეტყველნი და მამათმთავარნი და მეფენი, თვესა იანვარსა თორმეტსა, დღესა ოთხშაბათსა, აგარათა სომხითისათა, ქრონიკონსა ოთხას ოცდაშვიდსა. დამართეს ახალსა მონასტერსა გელათს“.
ამონაწერი გვამცნობს:
-
„ორნი შვილნი მიეცნეს: გიორგი და რუსუდან“ [თამარსა და დავით-სოსლანს].
-
„ამის გიორგის შობასა ზედა გაილაშქრა და აიღო კარი“ [დავით-სოსლანმა].
-
„ესე ჩნდა ბედნიერობა ამისი [დავით-სოსლანისი] და თამარ მეფისა“.
-
„მოახლენი მათნი სულთანნი მოხარკედ დასხნა“ [დავით-სოსლანმა].
-
„სამეფო განუხეთქლად დაიცვა“ [დავით-სოსლანმა].
-
„ყოველნივე შეიტკბნა და მშვიდობა ყო ყოველთათჳს“ [დავით-სოსლანმა].
-
„მეფობასა შინა დაყო ოცდასამი წელიწადი“ [დავით-სოსლანმა].
-
„და აღვიდა წინაშე ღმრთისა“ [დავით-სოსლანი].
-
„სადა იგი მკვიდრობენ წინასწარმეტყველნი და მამათმთავარნი და მეფენი“ [სადაც არიან მამანნი: წინასწარმეტყველნი, პატრიარქნი, მეფენი, იქ აღვიდა დავით-სოსლანი].
-
„თვესა იანვარსა თორმეტსა, დღესა ოთხშაბათსა,……… , ქრონიკონსა ოთხას ოცდა-შვიდსა“ [დავით-სოსლანის გარდაცვალების თარიღი, ჩაწერილი სიტყვიერად].
-
„აგარათა სომხითისათა“ [დავით-სოსლანის გარდაცვალების ადგილი].
-
„ახალ მონასტერსა გელათს“ [დავით-სოსლანის დაკრძალვის ადგილი].
ამ მასალის საფუძველზე ვასკვნით:
1). ლაშა-გიორგის დროინდელ მემატიანის თხზულებაში „ცხოვრება დიდისა მეფეთ-მეფისა თამარისი“ დასახელებული 23 წელი, აღნიშნავს დავით-სოსლანის როგორც მეფობის, ასევე თამარის ქმრად ყოფნის ხანგრძლიობას.
2). ლაშა-გიორგის დროინდელ ანონიმ ისტორიკოსის მატიანეში დასახელებული „23 წელი“ ათარიღებს მხოლოდ დავით-სოსლანის მეფობის ხანგრძლიობას, ხოლო ქორონიკონით 427 წლით დასახელებულია ასევე დავით-სოსლანის გარდაცვალების თარიღი.
3). თამარი მეფობს 23 წელი დავით-სოსლანთან ერთად, ხოლო ბოლო 3 წელი გარდაცვალებამდე თამარი მეფობს მემკვიდრე ძე – ლაშა-გიორგისთან ერთად. მეფე თამარის გარდაცვალების თარიღად წყაროებში ჩაწერილია ქორონიკონით 430 წელი.
4). ბასილ ეზოსმოძღვრის თხზულებაში თამარის გარდაცვალების თვედ და რიცხვად ჩაწერილია „18 იანვარი“, კვირაშვიდეულის დღის დასახელების გარეშე.
5). ლაშა-გიორგის დროინდელ მატიანეში დასახელებული: „12 იანვარი, ოთხშაბათი“, აღნიშნავს მხოლოდ დავით-სოსლანის გარდაცვალების თვეს, რიცხვსა და დღეს.
6). სწორი პასუხის მისაღებად აუცილებელია, რომ თამარ მეფის გარდაცვალების თარიღის „ქორონიკონით 430 წლის“ = (1210 წ. III-XII და 1211 წ. I-II) თვეთა თადარიგში ვიპოვოთ ისტორიკოს ბასილ ეზოსმოძღვრის მიერ დასახელებული „18 იანვარი“, თუ რომელი წლის „18 იანვარია“. ეს არის იულიუსით 1211 წლის 18 იანვარი სამშაბათი, რომელიც შეიძლება დასახელდეს თამარ მეფის გარდაცვალების თარიღად. ხოლო თუ ვიანგარიშებთ ქორონიკონით, მაშინ 430 წლის 18 იანვარი უდრის: 1211 წლის იანვრის თვის ახალმთვარეობიდან (1211 წლის 16 იანვარი) ათვლილ მე-18 დღეს, რაც იულიუსით უთანაბრდება ამავე 1211 წლის 02 თებერვალს, ოთხშაბათ დღეს; იმის გასარკვევად, თუ რომელია თამარის გარდაცვალების თარიღი: იულიუსით 1211 წლის 18 იანვარი (სამშაბათი), თუ ქორონიკონით 430 წლის იანვრის ახალმთვარეობიდან მე-18 დღე (ოთხშაბათი), გვეხმარება ბასილ ეზოსმოძღვრის ჩანაწერი: „უკანასკნელ თვეთ მუნვე გელათს დაამკვიდრეს“ (ქართლის ცხოვრება. ტ. II. თბ. 1959 წ. გვ. 146), სადაც „უკანასკნელ თვეთ“ აღნიშნულია ქორონიკონით 430 წლის უკანასკნელი თვე _ თებერვალი, რომელ თვესაც თამარ მეფე გარდაიცვალა და ამავე „უკანასკნელ თვეთ მუნვე გელათს დაამკვიდრეს“.
7). დავით-სოსლანის გარდაცვალების თარიღი: „ქორონიკონით 427 წელი, თორმეტი იანვარი, ოთხშაბათი დღე“ იულიუსით უდრის: 1208 წლის 30 იანვარს, ოთხშაბათ დღეს.
8). მეფე თამარის გარდაცვალების თარიღი: „ქორონიკონით 430 წლის 18 იანვარი“ უდრის: 1211 წლის 2 თებერვალს, ოთხშაბათ დღეს.
9). თამარის გარდაცვალების ადგილად დასახელებულია: „მიიცვალა თამარ ხმელსა დგომასა შინა“ (რომელიც თბილისთან ახლომდებარე ტაბახმელაა), ხოლო ლაშა-გიორგის დროინდელ მემატიანეს, მეფის გარდაცვალების ადგილად დასახელებული აქვს „აგარათა სომხითისათა“, რომელიც მდებარეობს ქართლის სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს, და სადაც გარდაიცვალა დავით-სოსლანი.
10). „სამკვიდრებელსა მათსა გელათს“ დასაფლავებულია თამარ მეფე, ხოლო „ახალ მონასტერსა გელათს“ დასაფლავებულია დავით-სოსლანი.
ჩვენი გამოთვლით:
1). საქართველოს მეფის გიორგი III-ისა (1156-1184) და ოსთა დედოფალ ბურდუხანის ასული თამარი დაიბადა 1166 წლის პირველ მაისს, კვირადღეს;
2). ქორონიკონით 401 წლის, ხოლო იულიუსით 1181 წლის მაისის თვეში, მეფე-მამა გვირგვინი გიორგი III-ემ საკუთარი სამეფო გვირგვინი, თავისივე ხელით თავზე დაადგა პირმშო ქალიშვილს 15 წლის თამარს. ჩვენი ვარაუდით ამავე 1181 წელს ჩატარდა ქორწინება გიორგი რუსთან.
3). გიორგი III-ის გარდაცვალებიდან (ქორონიკონით 404 წლის, იულიუსით 1184 წლის 27 მარტს, ვნების სამშაბათს) რამოდენიმე თვეში შესრულდა 18 წლის ასაკის თამარის მეორედ გამეფების ცერემონიალი (გვირგვინს ადგამს პატრიარქი) და ასევე ამავე წელს ტარდება ქორწინება დავით სოსლანთან. 18 წლის თამარის ასაკიდან 23 წლის განმავლობაში მასთან ერთად მეფობს მისი მეუღლე _ დავით სოსლანი.
4). დავით-სოსლანი გარდაიცვალა ქრონიკონით 427 წლის მარტის თვიდან ათვლილი მეერთმეტე თვის (1208 წლის იანვარი) ახალმთვარეობიდან (19 იანვარი) მეთორმეტე დღეს 30 იანვარს, ოთხშაბათ დღეს; დაასაფლავეს ახალ მონასტერსა გელათს.
5). იულიუსით 1208 წლის თებერვლიდან 1211 წლის იანვრის ჩათვლით ანუ სრული სამი წელი (დავით-სოსლანის გარდაცვალებიდან თამარ მეფის გარდაცვალებამდე) თამარი მეფობს მემკვიდრე-ძე _ ლაშა-გიორგისთან ერთად (ფაქტიურად ორმეფობაა: „სამ წელ ოდენ“).
6). თამარ მეფე გარდაიცვალა ქორონიკონით: 430 წლის მეერთმეტე თვის (1211 წლის იანვარი) ახალმთვარეობიდან (16 იანვარი) მე-18 დღეს, რაც იულიუსით უდრის: 1211 წლის 2 თებერვალს, ოთხშაბათ დღეს.
7). მეფე თამარი დაკრძალეს ეკლესიასა გელათს, „საფლავსა პატიოსანსა“ ანუ ჯვარპატიოსნის ჩადგმის ადგილს.
8). თამარ მეფემ იცოცხლა იულიუსით: 44 წელი, 9 თვე და ერთი დღე.
და კიდევ:
-
15 წლის ასაკიდან ათვლილი მეფობის 26-ე წელი ანუ, ქორონიკონით: 401+26=427 წელი; ხოლო იულიუსით: 1181+26=1207 წელი არ არის თამარის გარდაცვალების თარიღი.
-
18 წლის ასაკიდან მეფობის 26 წელი ანუ იულიუსით 1184+26=1210 წელი არ არის თამარ მეფის გარდაცვალების თარიღი.
-
18 წლის ასაკიდან მეფობის 26 წელი ანუ ქორონიკონით 404+26=430 წელი წარმოადგენს თამარის გარდაცვალების თარიღს.
-
ბასილ ეზოსმოძღვარს დაფიქსირებული აქვს თამარის გარდაცვალების თვე: „იანვარი“ და რიცხვი: „18“. ქორონიკონით 430 წლის 18 იანვარი უდრის: 1211 წლის იანვრის თვის ახალმთვარეობიდან (16 იანვარი) მე-18 დღეს, რაც იულიუსით შეესაბამება: 1211 წლის 2 თებერვალს, ოთხშაბათ დღეს, თამარ მეფის გარდაცვალების ზუსტ თარიღს.
-
დავით-სოსლანმა „მეფობასა შინა დაყო 23 წელი და აღვიდა წინაშე ღმრთისა“ ქორონიკონით 404+23=427 წელს, იულიუსით 1184+23=1207 წელს. დავით-სოსლანის გარდაცვალების ზუსტი თარიღი აითვლება მხოლოდ: მარტის თვიდან დაწყებული წლის მიხედვით. ქორონიკონით 427 წელი უდრის: 1207 წლის მარტიდან 1208 წლის თებერვლის ჩათვლით წელს. „თვესა იანვარსა თორმეტს, დღესა ოთხშაბათსა, ქორონიკონსა ოთხას ოცდაშვიდსა“ უდრის: 1208 წლის იანვრის ახალმთვარეობიდან (19 იანვარი) მე-12 დღე ოთხშაბათს; რაც წარმოადგენს დავით-სოსლანის გარდაცვალების თარიღს: იულიუსით 1208 წლის 30 იანვარს, ოთხშაბათს.
-
15 წლის ასაკში გამეფების წლიდან 26-ე წელს თამარის გარდაცვალების არასწორი თარიღი (ქრონიკონით 427 წელი) დაემთხვა დავით სოსლანის გარდაცვალების მართებულ თარიღს (ქორონიკონით 427 წელს), რამაც გამოიწვია აღრევა.
-
ამიტომ დავით სოსლანის გარდაცვალების თარიღი ზოგიერთმა ქართველმა მეცნიერმა და უცხოელმა მკვლევარმაც შეცდომით აღიქვა თამარის გარდაცვალების თარიღად. ეს ვერსია, დღეიდან მაინც, მიუღებლად უნდა ჩაითვალოს ისტორიის მეცნიერებაში.
ტაბულა
| თამარის წლოვანება | თამარის გამეფების და პირველი ქორწინების წლიდან ათვლილი წლები | თამარის მეორედ გამეფების და მეორედ ქორწინების წლიდან ათვლილი წლები | წელთა ათვლა იულიუსით | წელთა ათვლა ქორონიკონით | ქრონიკონით ათვლილ წელთა შესაბამისობა იულიუსის წლებთან |
| 15 წლ. 1181 | 1181 წ. | 1181 I – XII | 401 01-12 = | 1181 III-XII, 1182 I-II | |
| 16 წლ. 1182 | 1 წ. | 1182 I – XII | 402 01-12 = | 1182 III-XII, 1183 I-II | |
| 17 წლ. 1183 | 2 წ. | 1183 I – XII | 403 01-12 = | 1183 III-XII, 1184 I-II | |
| 18 წლ. 1184 | 3 წ. | 1184 წ. | 1184 I – XII | 404 01-12 = | 1184 III-XII, 1185 I-II |
| 19 წლ. 1185 | 4 წ. | 1 წ. 1185 | 1185 I – XII | 405 01-12 = | 1185 III-XII, 1186 I-II |
| 20 წლ. 1186 | 5 წ. | 2 წ. 1186 | 1186 I – XII | 406 01-12 = | 1186 III-XII, 1187 I-II |
| 21 წლ. 1187 | 6 წ. | 3 წ. 1187 | 1187 I – XII | 407 01-12 = | 1187 III-XII, 1188 I-II |
| 22 წლ. 1188 | 7 წ. | 4 წ. 1188 | 1188 I – XII | 408 01-12 = | 1188 III-XII, 1189 I-II |
| 23 წლ. 1189 | 8 წ. | 5 წ. 1189 | 1189 I – XII | 409 01-12 = | 1189 III-XII, 1190 I-II |
| 24 წლ. 1190 | 9 წ. | 6 წ. 1190 | 1190 I – XII | 410 01-12 = | 1190 III-XII, 1191 I-II |
| 25 წლ. 1191 | 10 წ. | 7 წ. 1191 | 1191 I – XII | 411 01-12 = | 1191 III-XII, 1192 I-II |
| 26 წლ. 1192 | 11 წ. | 8 წ. 1192 | 1192 I – XII | 412 01-12 = | 1192 III-XII, 1193 I-II |
| 27 წლ. 1193 | 12 წ. | 9 წ. 1193 | 1193 I – XII | 413 01-12 = | 1193 III-XII, 1194 I-II |
| 28 წლ. 1194 | 13 წ. | 10 წ. 1194 | 1194 I – XII | 414 01-12 = | 1194 III-XII, 1195 I-II |
| 29 წლ. 1195 | 14 წ. | 11 წ. 1195 | 1195 I – XII | 415 01-12 = | 1195 III-XII, 1196 I-II |
| 30 წლ. 1196 | 15 წ. | 12 წ. 1196 | 1196 I – XII | 416 01-12 = | 1196 III-XII, 1197 I-II |
| 31 წლ. 1197 | 16 წ. | 13 წ. 1197 | 1197 I – XII | 417 01-12 = | 1197 III-XII, 1198 I-II |
| 32 წლ. 1198 | 17 წ. | 14 წ. 1198 | 1198 I – XII | 418 01-12 = | 1198 III-XII, 1199 I-II |
| 33 წლ. 1199 | 18 წ. | 15 წ. 1199 | 1199 I – XII | 419 01-12 = | 1199 III-XII, 1200 I-II |
| 34 წლ. 1200 | 19 წ. | 16 წ. 1200 | 1200 I – XII | 420 01-12 = | 1200 III-XII, 1201 I-II |
| 35 წლ. 1201 | 20 წ. | 17 წ. 1201 | 1201 I – XII | 421 01-12 = | 1201 III-XII, 1202 I-II |
| 36 წლ. 1202 | 21 წ. | 18 წ. 1202 | 1202 I – XII | 422 01-12 = | 1202 III-XII, 1203 I-II |
| 37 წლ. 1203 | 22 წ. | 19 წ. 1203 | 1203 I – XII | 423 01-12 = | 1203 III-XII, 1204 I-II |
| 38 წლ. 1204 | 23 წ. | 20 წ. 1204 | 1204 I – XII | 424 01-12 = | 1204 III-XII, 1205 I-II |
| 39 წლ. 1205 | 24 წ. | 21 წ. 1205 | 1205 I – XII | 425 01-12 = | 1205 III-XII, 1206 I-II |
| 40 წლ. 1206 | 25 წ. | 22 წ. 1206 | 1206 I – XII | 426 01-12 = | 1206 III-XII, 1207 I-II |
| 41 წლ. 1207 | 26 წ. | 23 წ. 1207 | 1207 I – XII | 427 01-12 = | 1207 III-XII, 1208 I-II |
| თამარის გარდაცვალების არასწორი თარიღი | დავით-სოსლანის გარდაცვალების წელი ქორონიკონით | დავით-სოსლანის გარდაცვალების თარიღი იულიუსით: 1208 წლის 30 იანვარი, ოთხშაბათი დღე | |||
| 42 წლ. 1208 | 24-ე წ. 1208 თამარის თანამეფობის 1-ლი წელი ლაშა-გიორგისთან… | 1208 I – XII | 428 01-12 = | 1208 III-XII, 1209 I-II | |
| 43 წლ. 1209 | 25-ე წ. 1209 თამარის თანამეფობის მე-2 წელი ლაშა-გიორგისთან… | 1209 I – XII | 429 01-12 = | 1209 III-XII, 1210 I-II | |
| 44 წლ. 1210 | 26-ე წ. 1210 თამარის თანამეფობის მე-3 წელი ლაშა-გიორგისთან | 1210 I – XII | 430 01-12 = | 1210 III-XII, 1211 I-II | |
| თამარის ვლოვანება გარდაცვალების დღეს: 44 წლის და 9 თვის | 430 თამარის გარდაცვალების თარიღი ქორონიკონით | თამარ მეფე გარდაიცვალა იულიუსით: 1211 წლის 02 თებერვალს, ოთხშაბათ დღეს. |
საკონტროლო ქრონოლოგია
| იულიუსით წლები | ქრონიკონით წლები | ქრონიკონით წლების შესაბამისი მარტის თვიდან დაწყებული წლები | მეფე დავითის გარდაცვალების დღე: იანვრის ახალმთვარეობიდან მე-12 დღე, ოთხშაბათი | თამარ მეფის გარდაცვალების დღე: იანვრის ახალმთვარეობიდან მე-18 დღე (კვირეულის დღე არაა დასახელებული) |
| 1204 I-XII | 424 01-12 = | 1204 III-XII, 1205 I-II | 1205 წელს, 01 თებერვალი, სამშაბათი | 1205 წელს, 07 თებერვალი, ორშაბათი |
| 1205 I-XII | 425 01-12 = | 1205 III-XII, 1206 I-II | 1206 წელს, 22 იანვარი, კვირადღე | 1206 წელს, 28 იანვარი, შაბათი |
| 1206 I-XII | 426 01-12 = | 1206 III-XII, 1207 I-II | 1207 წელს, 10 თებერვალი, შაბათი | 1207 წელს, 16 თებერვალი, პარასკევი |
| 1207 I-XII | 427 01-12 = | 1207 III-XII, 1208 I-II | 1208 წელს, 30 იანვარი, ოთხშაბათი
(დავით სოსლანის გარდაცვალების წელი, თვე, რიცხვი და დღე) |
1208 წელს, 05 თებერვალი, სამშაბათი |
| 1208 I-XII | 428 01-12 = | 1208 III-XII, 1209 I-II | 1209 წელს, 18 იანვარი, კვირადღე | 1209 წელს, 24 იანვარი, შაბათი |
| 1209 I-XII | 429 01-12 = | 1209 III-XII, 1210 I-II | 1210 წელს, 06 თებერვალი, შაბათი | 1210 წელს, 12 თებერვალი, პარასკევი |
| 1210 I-XII | 430 01-12 = | 1210 III-XII, 1211 I-II | 1211 წელს, 27 იანვარი, ხუთშაბათი | 1211 წელს, 02 თებერვალი, ოთხშაბათი
(მეფეთ-მეფე თამარის გარდაცვალების წელი, თვე, რიცხვი და დღე) |
| 1211 I-XII | 431 01-12 = | 1211 III-XII, 1212 I-II | 1212 წელს, 16 იანვარი, ოთხშაბათი | 1212 წელს, 22 იანვარი, სამშაბათი |