
“პოლიტიკა ომის დროს – უკრაინული სტილით: არაოფიციალური წინასაარჩევნო ბრძოლა რუსული ბომბების ქვეშ”-Politico
„მიუხედავად იმისა, როცა ჯერ არ არის ცნობილი არჩევნების ჩატარების მიახლოებითი თარიღიც კი, როცა არ გამოცხადებულა ოფიციალურად საარჩევნო კამპანიის კონკრეტული ვადები, კიევში წინასაარჩევნო აგიტაცია, შეიძლება ითქვას, არაოფიციალურად სრული სვლით მიმდინარეობს“, – წერს აშშ-ის გაზეთი „პოლიტიკო“ (Politico) თავის ევროპულ გამოშვებაში (იბეჭდება ბრიუსელში) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით: „პოლიტიკა ომის დროს – უკრაინული სტილით: არაოფიციალური წინასაარჩევნო ბრძოლა რუსული ბომბების ქვეშ“ (ავტორი – ჯეიმი დეტმერი). როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, „ვოლოდიმირ ზელენსკის თანაშემწეები თავიანთ უფლებამოსილებას და სტატუსს იმისთვის იყენებენ, რომ ცდილობენ დაჩრდილონ პრეზიდენტის პოტენციური მეტოქეები და მათ პატიოსანი ბრძოლის უფლება წაართვან“.
გთავაზობთ სტატიის შემოკლებულ ვარიანტს:
ხმები ვრცელდება, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი სერიოზულად ფიქრობს გადადგომაზეო. ნუთუ მართლა? გასულ თვეში მიცემულ ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „მზად არის მეორე ვადით არჩევაზე უარი თქვას, რადგან პრეზიდენტობა მისი თვითმიზანი არ არის“, თუმცა მისი თანამემამულეები დაპირებას არ ენდობიან. უფრო მეტიც – პრეზიდენტის ნათქვამს ინტერესიც კი არ გამოუწვევია. პოლიტიკურმა მოწინააღმდეგეებმა კი ვოლოდიმირ ზელენსკის „გულახდილობის“ მიმართ უნდობლობა გამოამჟღავნეს და გარკვეული ზიზღიც კი გამოხატეს.
ვოლოდიმირ ზელენსკი პირველად არ ლაპარაკობს პრეზიდენტის პოსტის დატოვებაზე. მან თებერვალშიც განაცხადა წასვლაზე, მაგრამ იმ დროს უკრაინის ლიდერს, „დიქტატორად“ შერაცხულს, ამერიკელ კოლეგასთან დაძაბული დამოკიდებულება ჰქონდა. „თუ ჩემი წასვლა პრეზიდენტის პოსტიდან უკრაინას მშვიდობას მოუტანს, მზად ვარ. შემიძლია ჩემი თანამდებობა უკრაინის ნატოში მიღებაზე გავცვალო“.
მაგრამ ახლა ამერიკულ გამოცემასთან ინტერვიუში ვოლოდიმირ ზელენსკი თავის პირობას ცვლის და ამბობს: „ჩემი მიზანია კონფლიქტის დასრულება. არ მსურს ხელახლა არჩევა… მივმართავ პარლამენტს, რომ არჩევნები მაშინ დანიშნოს, როცა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება იქნება მიღწეული და საკონსტიტუციო აკრძალვა გაუქმდება
უკრაინის ყოფილი ვიცე-პრემიერი ივანა კლიმპუშ-ცინცაძე, რომელიც ახლა ოპოზიციაშია, სკეპტიკურად მიუდგა ვოლოდიმირ ზელენსკის „გულახდილ“ განცხადებას პოლიტიკური სცენიდან წასვლის თაობაზე: „ზელენსკის მოქმედება საწინააღმდეგოს აჩვენებს – მას პოსტიდან წასვლა არ სურს“, – თქვა მან Politico-სთან საუბარში, – „მნიშვნელოვანია არა სიტყვები, არამედ საქმეები“.
მხოლოდ ივანა კლიმპუშ-ცინცაძე არ აფასებს ასე ვოლოდიმირ ზელენკის, მას სხვებიც ეთანხმებიან. მმართველი პარტიის „ხალხის მსახურის“ კანონმდებლებმა თავიანთ ლიდერთან შეხვედრა, რომელიც დახურულ კარს მიღმა გაიმართა გასულ თვეში, ისეთი შთაბეჭდილებით დატოვეს, რომ მას არ სურს პრეზიდენტის პოსტის დატოვება კონფლიქტის დასრულების შემთხვევაშიც კი. როგორც ორმა კანონმდებელმა შეატყობინა Politico-ს, პრეზიდენტი თავის შანსებს ხელახლა არჩევის მიზნით. მან მკაცრად გააკრიტიკა ოპონენტები, თანაპარტიელი დეპუტატები და ჟურნალისტები, რომლებიც, მისი თქმით, ვერ ქმნიან უკრაინის ლამაზ და სასიამოვნო სახეს დასავლელი პარტნიორების თვალში.
როგორც ჩანს, პარტიული უთანხმოება, რომელიც ომამდე უკრაინელი პოლიტიკოსების პოპულარულ „გართობას“ წარმოადგენდა, ისევ ბრუნდება, რაც ბევრად არის პროვიცირებული თვითონ ვოლოდიმირ ზელენსკისა და მისი თანაშემწეების წინდაუხედავი და ნაჩქარევი მანევრით: გასულ ზაფხულს ისინი შეეცადნენ ორი საკვანძო ანტიკორუფციული უწყების გაუქმებას. სწორედ იმ ხანებში დაიწყეს სახელმწიფო მოსამსახურეების შემოწმება პრეზიდენტის ერთგულების მიზნით, თუმცა მოგვიანებით, საგარეო და საშინაო ზეწოლის გამო, უკან დაიხიეს.
თავის მხრივ, პრეზიდენტით უკმაყოფილო პოლიტიკოსებმა და ბევრმა მოქალაქემაც მომხდარი ამბები ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის ფარულ მცდელობად ჩათვალეს – საარჩევნო კამპანიის არაოფიციალურად დაწყებისა და ქვეყნის მეთაურის პოზიციის განმტკიცების მიზნით. „მას შემდეგ, რაც ანტიკორუფციულ ორგანოებთან დაკავშირებით მოხდა, უკრაინაში დიდი პოლიტიკა დაბრუნდა“, – ამბობს ერთ-ერთი ყოფილი უკრაინელი მინისტრი, – „ამის დამალვა უკვე შეუძლებელია“. ექს-მაღალჩინოსანმა გაზეთის ჟურნალისტს სთხოვა, რომ მისი ვინაობა არ გაემჟღავნებინა – „ვაითუ პრეზიდენტის თანაშემწეების რისხვა დავიმსახუროო“.
მისი თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკის გარემოცვა ყველანაირად ცდილობს კრიტიკოსები და პოლიტიკური მოწინააღმდეგეები როგორმე გააჩუმოს.
ყოფილ მაღალჩინოსანს კიდევ ერთი ექს-მინისტრი ეთანხმება (არც მან მოისურვა ვინაობის დასახელება), რომლის თქმით, „ვოლოდიმირ ზელენსკის თანაშემწეები თავიანთ უფლებამოსილებას და სტატუსს იმისთვის იყენებენ, რომ ცდილობენ დაჩრდილონ პრეზიდენტის პოტენციური მეტოქეები და მათ პატიოსანი ბრძოლის უფლება წაართვან“.
„მათი მიდგომა ასეთია: „თუ თქვენ ერთ სიტყვასაც კი იტყვით ჩვენს საწინააღმდეგოდ, იცოდეთ, რომ ჩვენ, სამაგიეროდ, თქვენს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს აღვძრავთ და მოქმედებას ყველანაირად შეგიზღუდავთ“, – აცხადებს Politico-ს ჟურნალისტთან საუბარში ანონიმი ექს-მინისტრი, – არსებითად, ისინი ყველა სავარაუდო ოპონენტს და მეტოქეს – რეალურს და მოჩვენებითს – შანტაჟს უწყობენ“.
პრეზიდენტის ხელისუფლების ერთგულები ქვეყნის მეთაურის ოპონენტთა სასამართლო დევნას ხშირად „სახელმწიფოს ღალატის“ ბრალდებით მეშვეობით ახორციელებენ – მათ რუსეთთან კავშირებში და კრემლთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ. კაცმა რომ თქვას, ეს ხერხი ახალი არ არის, თუ გავიხსენებთ იმას, რომ ჯერ კიდევ 2019 წელს, ვოლოდიმირ ზელენსკის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, მისი მომხრეები წინამორბედის – პეტრო პოროშენკოს – მომხრეებს დაერივნენ და ათეულობით სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, მათ შორის სახელმწიფო ღალატის“ ბრალდებებით. უფრო მეტიც – პირადად ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოაწერა ხელი ბრძანებულებას პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ სანქციების დაწესების თაობაზე – გაყინა ექს-პრეზიდენტის აქტივები უკრაინაში და ფინანსური ოპერაციების განხორციელება აუკრძალა. რასაკვირველია, ზელენსკის ასეთმა ნაბიჯმა უკმაყოფილება გამოიწვია – პრეზიდენტის მოქმედება „ჭინკებზე ნადირობად“ შეაფასეს, მაგრამ მას აინუნშიაც კი არ ჩაუგდია, კრიტიკა უყურადღებოდ დატოვა.
ამჟამად, ორივე ანონიმი ექს-მინისტრის თქმით, ოპონენეტბის სამართლებრივი დევნა სულ უფრო აქტიურად ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ანტიკორუფციული უწყებების დამოუკიდებლობა ფორმალურად აღდგენილია, ისინი მაინც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან. სამოქალაქო საზოგადოების ცნობილი აქტივისტების თქმით, აღნიშნული უწყებებისადმი ღია რეპრესიები ფარული ზეწოლით და დაშინებით ჩანაცვლდა. მათი მტკიცებით, უკრაინის უშიშროების სამსახური – „ესბეუ“ (СБУ – Служба безпеки України) ხშირად აშანტაჟებს ანტიკორუფციული ორგანოების თანამშრომლებს და დაბრკოლებას უქმნის პრეზიდენტთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ აღძრული კორუფციული საქმეების გამოძიებას.
ივლისში, როცა „ესბეუ“-ს თანამშრომლები ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურის ოფისებში შეიჭრნენ და ჩხრეკა ჩაატარეს, მათ პრეზიდენტის გარემოცვისა და მათთან დაახლოებული პირების მიმართ აღძრული ათეულობით სისხლის სამართლის საქმე წაიღეს. ყოფილი გამომძიებლების მიმართ პერიოდულად დღესაც ტარდება ჩხრეკები – მათ აშინებენ, რომ სიტყვა არ დაძრან პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრების გასაკრიტიკებლად. არასამთავრობო ორგანიზაციის – კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის – დირექტორის დარია კალენიუკის თქმით, „ვოლოდიმირ ზელენსკისა და უშიშროების სამსახურის უშუალო მიზანს ანტიკორუფციული ბრძოლის დისკრედიტაცია წარმოადგენს“.
უკრაინის უშიშროების სამსახურმა [რომელიც პრეზიდენტის ხელში ფაქტიურად სადამსჯელო ორგანოდ არის გადაქცეული] ბოლო დროს გააქტიურა თავისი საგამოძიებო მოქმედება რიგი ყოფილი გენერლების მიმართ და მათ ბრალად უყენებს ომის პირველ თვეებში დაშვებულ შეცდომებს. როგორც ჩანს, ეს შეიძლება მოწმობდეს იმას, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მატულობს შეშფოთება უკრაინის არმიის ყოფილი მთავარსარდლის ვალერი ზალუჟნის მიმართ – ხომ არაფერი აქვს მას ჩაფიქრებული პრეზიდენტის წინააღმდეგ კოლეგა გენერლების მონაწილეობით. ყველას კარგად ახსოვს სკანდალური დაპირისპირება არმიის მთავარსარდალსა და პრეზიდენტს შორის, რომლის შედეგად ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვალერი ზალუჟნი პოსტიდან გაათავისუფლა [და დიდ ბრიტანეთში ელჩად გაუშვა]. დღეს ბევრი თვლის, რომ სამომავლო საპრეზიდენტო არჩევნებში ზალუჟნი ზელენსკის მთავარი მეტოქე იქნება. სოციოლოგიური ჯგუფის „რეიტინგის“ მიერ ზაფხულში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, მოქალაქეთა 35%-მა მხარი მოქმედ პრეზიდენტს დაუჭირა, 25%-მა კი – გენერალს. თუ ვთქვათ და საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდება, ვოლოდიმირ ზელენსკის ექს-სარდალთან და ამჟამად ელჩთან ბრძოლაში წინ პრობლემები ელოდება.
„გენერლების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები, რომელთა მიხედვით, ისინი 2022 წლის განმავლობაში მიმდინარე ბრძოლების დროს განცდილ დიდ დანაკარგებში არიან ბრალდებულნი, ზეწოლის ერთგვარ პოტენციურ ბერკეტებს წარმოადგენენ, რომლითაც პრეზიდენტის თანაშემწეებს ვალერი ზალუჟნიზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ“, – ამბობს ყოფილი მინისტრი, თუმცა, როგორც თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ანონიმი მაღალჩინოსანი ამბობს, ასეთი პოზიცია არასწორია: „არცერთი ბრალდებული გენერალი ვალერი ზალუჟნისთან ახლოს არ ყოფილა და გამოძიება მათ მიმართ კანონის ფარგლებში მიმდინარეობს“.
შესაძლოა მართლაც ასეა, მაგრამ გასულ კვირას ვალერი ზალუჟნიმ, პირველად თავის ცხოვრებაში, საჯაროდ დაიწყო ვოლოდიმირ ზელენსკის კრიტიკა, თუნდაც ირიბად, გვარის დაუსახელებლად, მაგრამ მაინც. თავის სტატიაში გენერალმა და დიპლომატმა ნეგატიურად შეაფასა რუსეთის კურსკის ოლქში შეჭრის ოპერაცია (რომელსაც პრეზიდენტი პოზიტიურად და წარმატებულად თვლის) და წერს, რომ იმ დროს განცდილი ცოცხალი ძალის (უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების) დანაკარგები „გამანადგურებელია“, ხოლო მიღწევები – სრულიად უმნიშვნელო. რას არის ეს – ფაქტების უბრალო დამთხვევა თუ წინასაარჩევნო ბრძოლის პირველი ზალპი?