1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ევროპული ზამთარი პუტინისთვის შეიძლება გაზაფხული გახდეს” – The Wall Street Journal-ი
“ევროპული ზამთარი პუტინისთვის შეიძლება გაზაფხული გახდეს” –  The Wall Street Journal-ი

“ევროპული ზამთარი პუტინისთვის შეიძლება გაზაფხული გახდეს” – The Wall Street Journal-ი

1.23K
0

ამერიკული გაზეთ The Wall Street Journal-ში გამოქვეყნებულია სტატია „ევროპული ზამთარი პუტინისთვის შეიძლება გაზაფხული გახდეს“ (ავტორები – დენიელ ერგინი და მაიკლ სტოპარდი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

უკრაინის ომმა „მეორე ფრონტის“ – ენერგეტიკული ომის გახსნა გამოიწვია. ვლადიმერ პუტინის სტრატეგია უკვე საიდუმლო აღარ არის, მან  თავისი გეგმები სანქტ-პეტერბურგში, ივნისში გამართულ ეკონომიკურ კონფერენციაზე გაამჟღავნა. ენერგორესურსების მაღალი ფასები ევროპულ ეკონომიკაზე ნეგატიურად აისახება, იქმნება პრობლემები, რაც, თავის მხრივ, ადამიანთა კეთილდღეობის დონეს აუარესებს. საზოგადოებაში მღელვარება მატულობს, არჩევნებზე ადამიანები ცარიელი ჯიბეებით მიდიან… ასეთი სიტუაცია ხელს უწყობს ხელისუფლებაში პოპულისტური პარტიების მოსვლას, რომლებიც, პუტინის ენით რომ ვთქვათ, ევროპული „ელიტების ცვლილებას“ ახდენენ.

რა არის ამ სტრატეგიის საბოლოო მიზანი? ვლადიმერ პუტინის აზრით, ევროკავშირის ქვეყნებში ისეთი მთავრობები უნდა იქნას მოყვანილი, რომლებიც უკრაინას მხარს აღარ დაუჭერენ და თავიანთი პოლიტიკით დასავლურ კოალიციაში დიდ ბზარებს შეიტანს. სხვათა შორის, ეს სტრატეგია უკვე მუშაობს: გასულ თვეში იტალიის კოალიციური მთავრობა დაიშალა  – აღმასრულებელი ხელისუფლების შემადგენლობიდან პარტია „ჩრდილოეთის ლიგა“ გავიდა. მისი ლიდერების განცხადებით, არ სურთ იმ მთავრობაში ყოფნა, რომლის პოლიტიკის გამო იტალიელები მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. საბოლოო ჯამში, გადადგა პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი, რომელიც უკრაინის ხელისუფლების მხარდამჭერია და კიევშიც იყო ჩასული სოლიდარობის მიზნით.

ევროპაში გაზზე და ნავთობპროდუქტებზე ფასების ზრდის სახით ენერგეტიკული ომი მიმდინარეობს. მიდის ზამთრამდე დარჩენილი დროის ათვლა. მოასწრებს თუ არა ევროპა გაზის  შემცირებული ნაკადით გაზსაცავების შევსებას? ეყოფა თუ არა გაზი ცივი ზამთრის პირობებში?

2021 წელს ევროკავშირი ბუნებრივი გაზის მოთხოვნილებას 38%-ით რუსული გაზის მეშვეობით აკმაყოფილებდა. ასეთი მჭიდრო დამოკიდებულების საფუძველი ის იყო, რომ რუსეთი (და არა საბჭოთა კავშირი) მუდმივად აცხადებდა – „მე ენერგიის საიმედო მიმწოდებელი ვარ“. ანუ რაც არ უნდა მომხდარიყო პოლიტიკურ სფეროში, ის მილსადენებით გაზისა და ნავთობის მიწოდებაზე არ იმოქმედებდა: რუსეთი თავს „სუფთა ბიზნესის“ მხარდაჭერად ასაღებდა.

ახლა ყველაფერი შეიცვალა. კრემლმა ევროპისათვის გაზის მიწოდების შემცირება ჯერ კიდევ უკრაინის ომამდე დაიწყო, ამჟამად კი გაზის საჭირო რაოდენობით უზრუნველყოფას მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-თაც აღარ  ახდენს. აღსანიშნავია, რომ ამ გაზსადენს 2011 წლამდე (გახსნამდე) ევროკავშირი „პრიორიტეტულ ენერგეტიკულ პროექტს“ უწოდებდა, მაგრამ მაშინ სხვა დრო იყო.

დღეს რუსეთი, თითქოსდა ტექნიკური პრობლემების გამო, ევროპას გაზს „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-ით, შარშანდელი მოცულობის მხოლოდ 20%-ს აწვდის, ანუ თითქმის 80%-ით ნაკლებს. ამის შედეგად მისი ფასი ჩვეულებრივზე 7-8-ჯერ ძვირი გახდა და ერთი ბარელი ნავთობის ფასს – 380 დოლარს შეესაბამება.

რასაკვირველია, როცა ევროპაში გაზის უკმარისობაა და თან მაღალი ფასები, ასეთი სიტუაცია თხევადი გაზით იმპორტს მაგნიტივით იზიდავს. ასეთ გაზს წინა წლებში სხვა ქვეყნები იყენებდნენ, უპირატესად აზიის სახელმწიფოები. სულ რაღაც ორიოდე წლის წინ აშშ-ის წიაღიდან ამოღებული ფიქლის გათხევადებული გაზი სწორედ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში იგზავნებოდა, ახლა კი ორი მესამედი ევროპაში მიდის.

და მაინც ევროპისთვის ამერიკული და თუნდაც არაბული ბუნებრივი თხევადი გაზი სამყოფი არ არის. უფრო მეტიც – ტერმინალებიც კი არ აქვს იმდენი, რომ საჭირო მოცულობის საწვავი მიიღოს. გერმანია დაჩქარებული ტემპით აშენებს ახალ ტერმინალებს. ოლაფ შოლცი გაზს სთხოვს ეგვიპტეს, ისრაელს… აფრიკაშიც კი იყო, სენეგალში. იტალიის პრეზიდენტი გაზისთვის შორეულ მოზამბიკს ეწვია. დიახ, ხელი საკმაოდ ბევრ კონტრაქტს მოეწერა, მაგრამ მათი რეალიზება მოახლოებული ზამთრისათვის ვერ მოესწრება. ალბათ, ვერც სამომავლოდ, ერთი წლის შემდეგ. სწორედ ამიტომ, გერმანიამ თავისი ძველი თბოელექტროსადგურების განკონსერვაცია დაიწყო, რომლებიც ქვანახშირზე მუშაობენ. ენერგოკრიზისით შეშფოთებულმა გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ ატომური ელექტროსადგურების ბლოკები, დახურვის ნაცვლად, მუშაობას მომავალ წელსაც გააგრძელებენ.

უახლოეს თვეებში, ალბათ, სიტუაცია გაუარესდება. რუსეთი მოძებნის მიზეზებს გაზის კიდევ უფრო მეტად შესამცირებლად. მოსკოვს შეუძლია მთლიანად გადაკეტოს როგორც „ჩრდილოეთის ნაკადი-1“, ასევე უკრაინის მილსადენების სისტემა. საერთოდ, საკვირველია, მაგრამ ომის მიუხედავად, უკრაინის მილსადენები მუშაობას მაინც აგრძელებენ. რუსეთი ევროპაში ვერც თხევად გაზს ვერ გაგზავნის გემებით: ჯერ ერთი, რომ თვითონ ევროკავშირის მიერ არის სანქცია დაწესებული და მეორეც, თუნდაც სანქცია არ იყოს, რუსული თხევადი საწვავის უდიდესი ნაწილი ახლა უკვე ჩინეთისაკენ მიედინება. რა თქმა უნდა, ევროპაში ზამთრის თვეებში ფასები კიდევ უფრო აიწევს.

გამოსავალი ერთადერთია: უნდა შემცირდეს გაზის მოხმარება. ამას წინათ ევროკავშირის ქვეყნები გაზის მოხმარების 15%-იან შემცირებაზე შეთანხმდნენ, თუმცა ასეთ გადაწყვეტილებას ყველამ მხარი არ დაუჭირა. გაზის მოხმარების შემცირება ეკონომიკის ვარდნას იწვევს. როგორ იმოქმედებს ეს გერმანიის ეკონომიკაზე? უეჭველია, როცა არც იაფი გაზი აღარ არის და არც იაფი გაზით წარმოებული იაფი ელექტროენერგია, ეს დასაქმებაზე ნეგატიურად აისახება. ესე იგი, მკაცრი რეცესია ახლოვდება, რაც ევროპულ პოლიტიკაზე გავლენას მოახდენს.

მაგრამ, როგორც ჩანს, ენერგეტიკულ ომზე უფრო მეტ გავლენას, პოლიტიკის ნაცვლად,  სხვა მოვლენა მოახდენს. როგორც რუსეთის წინააღმდეგ ნაპოლეონის 1812 წლის ლაშქრობამ და ადოლფ ჰიტლერის 1941 წლის თავდასხმამ გვაჩვენა, ენერგეტიკული ომის შედეგი ამინდზე იქნება დამოკიდებული. ამინდს კი ვერც ვლადიმერ პუტინი ვერ მართავს და ვერც ევროპელი ლიდერები. მოკლედ, ზამთარი ახლოვდება…

წყარო