ვიქტორ ორბანის ვიზიტი თბილისში ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში შედგა, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არ უზღუდავს წევრ ქვეყანას, ჰქონდეს საკუთარი საგარეო პოლიტიკა -ჯოზეფ ბორელი
ვიქტორ ორბანის ვიზიტი თბილისში მხოლოდ საქართველო-უნგრეთის ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში შედგა, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არ უზღუდავს წევრ ქვეყანას, ჰქონდეს საკუთარი საგარეო პოლიტიკა, არაერთხელ მინახავს, როცა წევრ ქვეყნებს აქვთ განსხვავებული დამოკიდებულებები, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
ბორელს კითხვა დაუსვეს უნგრეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მიერ „ქართული ოცნებისთვის“ არჩევნებში გამარჯვების მილოცვაზე.
როგორც ბორელმა განაცხადა, შესაძლოა, პრემიერ ორბანს აქვს განსხვავებული შეხედულება, თუმცა დამკვირვებლებს არ გამოუცხადებიათ 26 ოქტომბრის არჩევნები სამართლიანად.
„ევროკავშირის პოზიცია მკაფიოდ იქნა გამოხატული ჩემს მიერ, ევროკომისიასთან ერთად გაკეთებული განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ კვირას გაკეთებული განცხადებით. ეს საკითხი იქნება ბუდაპეშტში ლიდერების არაფორმალური შეხვედრის დღის წესრიგში. ვფიქრობ, ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ რეალობა. შესაძლოა, პრემიერ ორბანს აქვს განსხვავებული შეხედულება, თუმცა დამკვრვებლებს არ გამოუცხადებიათ ეს არჩევნები თავისუფალ და სამართლიანად. ჩვეულებრივ როდესაც დამკვირვებლებს სჯერათ, რომ არჩევნები იყო სამართლიანი და თავისუფალი, ისინი ამას ამბობენ, მათ არ უთქვამთ არც საპირისპირო, თუმცა არ უთქვამთ არც ის, რომ ეს არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი“, – განაცხადა ბორელმა.
ჯოზეფ ბორელის თქმით, არის დარღვევების გრძელი სია, რომელიც საჭიროებს ანალიზსა და განხილვას.
„ჩვენ ველოდებით, რომ საქართველოს შესაბამისი უწყებები, რომლებსაც ევალებათ საარჩევნო პროცესის მართვა, ამას გააკეთებენ გამჭვირვალედ. ჩვენ ველოდებით, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და შესაბამისი უწყებები გამოიძიებენ ამ დარღვევებს, რომლებიც დამკვირვებლებმა აღრიცხეს. თქვენ მხოლოდ ანგარიშის წაკითხვა გჭირდებათ, სადაც არის გრძელი სია იმისა, რაც მიიჩნევა, რომ არ არის კარგი არა მხოლოდ საარჩევნო დღეს, არამედ წინა დღეებშიც. დამკვირვებლები ამბობენ, რომ მთელი პროცესი აღინიშნებოდა დაძაბული გარემოთი, პროცედურული შეუსაბამობებით, განსაკუთრებით საჯარო სექტორში დასაქმებულებთან დაკავშირებით, პირადობების დამადასტურებელი მოწმობების ჩამორთმევით, დაშინებით, ამომრჩევლების მიერ თავისუფლად ხმის მიცემასთან დაკავშირებული შეშფოთებებით. წაიკითხეთ ანგარიში და შემდეგ გააკეთეთ საკუთარი დასკვნა. პირადად ჩემი აშკარად განსხვავდება უნგრეთის პრემიერ-მინისტრისგან. თუმცა მე არ ვაპირებ, მოვაჩვენო თავი, რომ ევროკავშირის ყველა წევრს ერთნაირი შეხედულება აქვს, ჩვეულებრივ, ეს ასე არ არის“, – განაცხადა ბორელმა.