უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 95 სამხედრო მოსამსახურე დაიბრუნა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 95 სამხედრო დაიბრუნა. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, მათ შორის არიან მარიუპოლისა და „აზოვსტალის“, ასევე დონეცკის, ლუგანსკის, ხარკოვის, კიევის, ჩერნიგოვისა და ხერსონის ოლქების დამცველები.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ჯგუფს, რომელიც ტყვეების ძებნასა და დაბრუნებაზე მუშაობს. მისი განცხადებით, ყველაფერი კეთდება, რათა რუსეთის ტყვეობაში მყოფი ყველა ადამიანი გათავისუფლდეს.
საკოორდინაციო შტაბის მონაცემებით, ზოგ გათავისუფლებულს რუსეთის მიერ გრძელვადიანი და სამუდამო სასჯელი ჰქონდა მისჯილი. გათავისუფლებულებს შორის არიან 69 ჯარისკაცი და 26 ოფიცერი.
„ბევრ მათგანს სერიოზული დაავადება და მძიმე ჭრილობების შედეგად დარჩენილი სირთულეები, წამებისა და არასაკმარისი კვების გამო წონის დაკარგვა აქვს. ეს უკვე 58-ე გაცვლაა. ჩვენი მუშაობის შედეგად უკვე სულ 3767 ადამიანია გათავისუფლებული”, – განაცხადეს საკოორდინაციო შტაბში.