„ნაცმოძრაობას“, გახარიას, ხაზარაძეს, ამომრჩევლები ხმის მიცემით, ხელს უწყობენ, რომ დანაშაულები კვლავ ჩაიდინონ – ლევან ნიკოლეიშვილი
მე ვერ ვიტყოდი რომ მწვავე კრიტიკა მივიღეთ, ვინაიდან ძალიან ბევრი ადამიანი უჭერს ამ ინიციატივას მხარს საქართველოში. კარგად გავიხსენოთ თუ რა ხდებოდა ძველი რეჟიმის დროს და რამდენი ადამიანი არის დაზარალებული, ქონება წართმეული, თუ უბრალოდ წამებით ან სხვა მიზეზებით გარდაცვლილი, რამდენი ადამიანი იყო ციხეში, რა დანაშაულები აქვთ ჩადენილი. ეს ადამიანები არსად არ წასულან, ისევ საქართველოში არიან და თავისთავად ცხადია, მათ უნდათ და სურთ, რომ სამართლიანობა აღდგეს ბოლოს და ბოლოს ამ ქვეყანაში, – ასე უპასუხა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა ლევან ნიკოლეიშვილმა ამავე მოძრაობის ინიციატივის – მოხდეს „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველთა გასამართლება და მხილება, ირგვლივ არსებულ კრიტიკაზე ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას გადაცემაში „დღის კურიერი“.
მისივე თქმით, ყველამ უნდა გაითავისოს, რომ დამნაშავეზე ხმის მიცემა იგივე დანაშაულია და ჩვეულებრივი დანაშაულის ხელშემწყობი ჰქვია იმ ადამიანებს ვინც ეხმარებოდა და კვლავაც აპირებს დაეხმაროს „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ უფრო უარესი დანაშაული ჩაიდინოს. მანვე აღნიშნა, რომ დანაშაულის დასჯა ჯერჯერობით არცერთ ქვეყანაში არ გაუუქმებიათ, განსაკუთრებით დემოკრატიული სისტემის ქვეყნებში.
„მეორე, რაც შეეხება იმას, რომ ვიღაცებს არ მოსწონთ ეს და გასაგებია, რომ არ მოსწონთ ძირითადად ოპოზიციის მხარდამჭერები არიან. ეს არიან ის ადამიანები, რომლებიც მოდი ვთქვათ პირდაპირ, რომ ხელს უწყობენ ამ დამნაშავეებს – „ნაციონალურ მოძრაობას“, იგივე გახარიას, იგივე ხაზარაძეს, რომ მსგავსი დანაშაულები კვლავ ჩაიდინონ, თუ უარესი არა და ეთანხმებიან ყველა იმ დანაშაულში, რაც მანამდე იქნა ჩადენილი. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ არანაირი შიში არ უნდა ჰქონდეთ თუ დამნაშავეები არ არიან. ამომრჩეველი თუკი არის დანაშაულში თანამონაწილე და ეთანხმება დამნაშავეს და ხელს უწყობს დანაშაულის ჩადენას, ის არ არის უბრალო ამომრჩეველი, მას მოქალაქეობას არავინ არ ართმევს, მაგრამ ჩვეულებრივად დამნაშავე არის ხომ? ერთი არის დამნაშავის ჩამდენი და მეორე არის ხელშემწყობი. ხელშემწყობი ჰქვია იმ ადამიანს ვინც ეთანხმება და ეხმარება იგივე ხაზარაძეს და იგივე გახარიას იმ თავის საქმეებში, რაც მათ ჩაიდინეს და რის ჩადენასაც აპირებენ. ჩვეულებრივი დანაშაულის ხელშემწყობი ჰქვია იმ ადამიანებს ვინც ეხმარებოდა და კვლავაც აპირებს დაეხმაროს „ნაციონალურ მოძრაობას“ რომ უფრო უარესი დანაშაული ჩაიდინოს“, – განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.