1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “გერმანია იშლება?! ქვეყნის გაერთიანების პროცესი შეჩერდა”-Der Spiegel
“გერმანია იშლება?! ქვეყნის გაერთიანების პროცესი შეჩერდა”-Der Spiegel

“გერმანია იშლება?! ქვეყნის გაერთიანების პროცესი შეჩერდა”-Der Spiegel

369
0

შვერინში – ჩრდილოგერმანულ ქალაქში, რომელიც ადრე გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის (გდრ) შემადგენლობაში შედიოდა, 3 სექტემბერს გერმანიის გაერთიანების 34-ე წლისთავის აღსანიშნავად, ცენტრალური საზეიმო ღონისძიება გაიმართა. სიტყვით გამოსვლისას კანცლერმა ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ გერმანიის გაერთიანების პროცესი ჯერ კიდევ არ არის დასრულებული. მართლაცდა, გერმანიის ერთიანობის დღეს აშკარად გამოჩნდა, რომ არანაირი ერთიანობა არ არსებობს. ქვეყანა გაყოფილია არა მხოლოდ დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილად, არამედ ცალკეულ რეგიონებადაც, რომლებსაც ერთმანეთი, როგორც მინიმუმი, არ მოსწონთ, – ნათქვამია ჟურნალ „შპიგელში“ (Der Spiegel) გამოქვეყნებულ ვრცელ სტატიაში სათაურით: „გერმანია იშლება?! ქვეყნის გაერთიანების პროცესი შეჩერდა“ (ავტორი – საბინა რენეფანცი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

უკვე რამდენიმე თვეა აშკარა გახდა ერთი ჭეშმარიტება: ქვეყნის გაერთიანების პოლიტიკური სამართლებრივი და ეკონომიკური პროცესი, რომელიც 1990 წლის ბოლოდან დაიწყო, ფაქტობრივად შეჩერდა. 34 წლის შემდეგ ვხედავთ, რომ რეგიონები თავიანთი ცხოვრებით ცხოვრობენ… საქსონიაში, ბავარიაში, ტიურინგიაში სპეციფიკური პროცესები მიმდინარეობს.

1990 წლის ოქტომბერში გერმანიის ოფიციალურ გაერთიანებამდე ორი დღით ადრე, გდრ-სა და გფრ-ის ტელეეთერში ერთდროულად გავიდა ინტერვიუ გდრ-ის მეცნიერებათა აკადემიის ბოლო პრეზიდენტთან, იმ დროისთვის მედიცინის თვალსაჩინო წარმომადგენელ ჰორსტ კლიკმანთან, რომელმაც ორი გერმანელის – დასავლელისა და აღმოსავლელის განსხვავებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკვე ხედავს იმ პრობლემებს, რომლებიც ორი გერმანიის გაერთიანების შემდეგ კვლავ დიდი ხნის განმავლობაში იქნება და შეიძლება საბედისწერო როლი შეასრულონ. 34 წლის წინ ჰორსტ კლინკმანის ნათქვამს არავინ ყურადღება არ მიაქცია, მაგრამ იგი წინასწარმეტყველური აღმოჩნდა…

არცთუ ერთიანი გერმანელი ერი

სამ ათეული წელზე მეტი ხნის გასვლის შემდეგ ჩვენ იძულებულნი ვართ დავაფიქსიროთ, რომ აღმოსავლეთი და დასავლეთი ერთმანეთთან უფრო დაშორებულები არიან, ვიდრე ოდესმე.. ცხადია, პირველ ეტაპზე ყოფილი გდრ გფრ-ს დაუახლოვდა, მაგრამ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ კონსოლიდაციის პროცესი შეჩერდა ახლა უკვე არის ნიშნები იმისა, რომ ორი გერმანია ისევ არსებობს, არ გამქრალან და ისინი ერთმანეთს შორდებიან. დიახ, გერმანია პოლიტიკური, იურიდიული, ეკონომიკური და კულტურული თვალსაზრისით გაერთიანებულია, არის კონტაქტები, არიან კოლეგები და პარტნიორები, მაგრამ არის თუ არა გერმანელი ერი მონოლითური და საკუთარ თავში დარწმუნებული? საზოგადოებრივი გამოკითხვების შედეგთა ანალიზი ადასტურებს, რომ არ არის.
როდის დაიწყო ორი გერმანელის ერთმანეთთან გაუცხოება? 2014-2015 წლებში, როცა ქვეყანაში უამრავი მიგრანტ-ლტოლვილი შემოვიდა? ან იქნებ უფრო ადრე, 2008-2009 წლების ეკონომიკური კრიზისის დროს, როცა მთავრობამ სწრაფად გამოძებნა მილიარდობით თანხები ბანკების გადასარჩენად, მანამდე კი სულ წუწუნებდა – სკოლების, კლინიკების, გზების, ხიდებისა და საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად ფული არ გვყოფნისო?

აღმოსავლეთ გერმანიაში (ყოფილ გდრ-ში) ძლიერდებიან ისეთი პოლიტიკური ძალები, რომელთა იდეოლოგიაში ადრინდელი სოციალისტური რეალობის ნოსტალგია გამოსჭვივის. მაგალითად, პარტია „ალტერნატივა გერმანიისათვის“ (რომელიც პრორუსულად ითვლება). აღმოსავლელ და დასავლელ გერმანელს ერთმანეთთან დიალოგის არანაირი ინტერესი არ აქვთ – ისინი თითქოსდა სხვადასხვა სამყაროში ცხოვრობენ.
გასაოცარია, როგორი აზრთა სხვადასხვაობაა აღმოსავლელ და დასავლელ გერმანელებს შორის უკრაინასთან მიმართებით. დასავლელები თვლიან, რომ აღმოსავლელები რუსეთის პროპაგანდის ქვეშ არიან. იგივეს იმეორებენ მთავრობის წევრებიც – საგარეო საქმეთა „მწვანე“ მინისტრი ანალენა ბერბოკი თვლის, რომ საქსონიასა და ტიურინგიაში „მწვანეთა“ პარტიის კრახი და აღმოსავლეთგერმანელი პოლიტიკოსის სარა ვაგენკნეხტის წარმატება კრემლის ეფექტურმა პროპაგანდამ განაპირობაო. დიახ, ლოზუნგი – „აღმოსავლეთი რუსების მარწუხებშია მოქცეული“ – დიდი ხანია ცნობილია. ამგვარი განმარტების უპირატესობა იმაშია, რომ ამ დროს არ არის საჭირო ღრმად გაანალიზო საკუთარი პოლიტიკა. დიახ, ძალზე იოლია, რომ ბრანდენბურგში, საქსონიასა და ტიურინგიაში მწვანეთა კრახი პუტინს დააბრალო. ძალიან მოხერხებული გამოსავალია!.

რასაკვირველია, რუსული პროპაგანდა ნამდვილად არსებობს. მაგრამ კითხვა – რატომ არის შედეგიანი კრემლის პროპაგანდა, უპასუხოდ რჩება. რუსული აგიტაციის ე.წ. წარმატების მიზეზებზე და საკუთარ შეცდომებზე მთავრობა არ საუბრობს. სამაგიეროდ, ვინც უკრაინის ომის ესკალაციაზე [და გერმანელებისათვის საჭირო უამრავი ფულის ომის ცეცხლში გადაყრაზე] გამაფრთხილებლად ლაპარაკობს, მათ „პუტინის პროპაგანდისტებს“ უწოდებენ.

„აღმოსავლეთი“ – რუსეთის დანამატია, „დასავლეთი“ კი თვალთმაქცი“

ომის ესკალაციისადმი შიში აღმოსავლეთ გერმანიაში უფრო მეტია, ვიდრე დასავლეთში, რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ მეორე მსოფლიო ომის კვალი აღმოსავლეთში უფრო მეტად იგრძნობა. გდრ-ელები უფრო მეტად გრძნობდნენ შიმშილს, უსახლკარობასა და შეზღუდვებს. აღმოსავლელებს ანალენა ბერბოკის რიტორიკა სძულთ, რომელიც მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში დემოკრატიის, კარგი ცხოვრების, ეკონომიკური სტაბილურობისა და განცხრომის მეტი არაფერი უნახავს.

გერმანიაში დეზინგრაციული პროცესების მიზეზად ასევე ითვლება საზოგადოების დაყოფა სხვადასხვა საინფორმაციო წყაროების მოხმარების მიხედვით. შეიძლება ითქვას, რომ ყოფილ გდრ-ის მცხოვრებლებს თავიანთი მსოფლმხედველობა აქვთ ჩამოყალიბებული. ერთი მხრივ, დასავლელი გერმანელები აღმოსავლელებს „რუსეთის დანამატად“ თვლიან, მეორე მხრივ, აღმოსავლელები დასავლელებს თვალთმაქცებად, დაცემულ და სუსტი ნებისყოფის მქონე ადამიანებად თვლიან. „ოსტდოიჩეების (დასავლელთა) ხელახალი აღზრდა უიმედოა“, – ასეთი პოზიცია აქვს პოპულარულ „ვესტდოიჩურ“ (აღმოსავლეთგერმანულ) გაზეთს „ბერლინერ ცაიტუნგს“.

სამწუხაროდ, „ოსტებისა“ და „ვესტების“ შეხლა-შემოხლა არ არის უბრალო დაპირისპირება, მასში სულ უფრო მკაფიოდ ჩანს მსოფლმხედველური კონფრონტაცია – სუვერენიტეტის ინტერპრეტაცია, სხვადასხვა პოზიცია პოლიტიკური მოვლენებისა და გავლენების მიმართ. პოლიტიკური დაჯგუფებების მიერ მიზანმიმართულად ხდება ქვეყნის ორ ნაწილს შორის არსებული განხეთქილების გაღრმავება და გაძლიერება. ისინი ცდილობენ თავიანთ მხარეზე გადაიბირონ მოსახლეობა და ამ მიზნით არაფერს არ ერიდებიან. ბოლო დროს აღმოსავლეთისა და დასავლეთის განხეთქილების ხაზი ერთგვარ ტრიგერული წერტილი ხდება, ამისათვის უკვე აღარ არის აუცილებელი აღმოსავლელ გერმანელად ყოფნა.

დრამატურგი ჰაინერ მიულერი 1990 წლის სამ ოქტომბერს წერდა, რომ ერთიანი გერმანული საზოგადოება უკვე ანაქრონიზმს წარმოადგენს – იმიტომ, რომ ევროპაში ყველგან რეგიონალიზაციის პროცესი მიმდინარეობს, ხოლო მეტროპოლიები ერთმანეთს სულ უფრო მეტად ემსგავსებიანო. შესაძლოა, იგი მართალი იყო და შესაძლოა გერმანია არამარტო აღმოსავლეთ-დასავლეთად იყოფა, არამედ ბევრს სხვა რეგიონად – „ჩვენ ბავარიელები ვართ“, „ჩვენ ბრანდენბურგელები“, „ჩვენ ტიურინგიელები, საქსონიელები“ და ა.შ. იქნებ ერთიანი გერმანია უკვე აღარ არსებობს? თუ ასე გაგრძელდება, მართლაც აღარ იქნება.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: