“ნაცები თავის გუნდის წევრებს არ ექცეოდნენ ისე, როგორ ოცნება მოგვექცა მე, სოსო გოგაშვილს და სხვა თანაგუნდელებს” – ერეკლე კუხიანიძე
„ქართული ოცნების“ გუნდს, სოსო გოგაშვილის მიმართ ღალატში ადანაშაულებს თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი ერეკლე კუხიანიძე. კუხიანიძე „ოცნების“ გუნდთან ურთიერთობის საკუთარ გამოცდილებას იხსენებს და ამბობს, რომ იარაღით ადამიანის მკვლელობაზე უარესი ისე მოქცევაა, როგორც „ქართული ოცნება“ გუნდის ყოფილ წევრებს ექცევა.
„მოღალატე – მოღალატეა! ერთ მეგობარს უღალატებ და სასიკვდილოდ გაწირავ თუ ბევრს გაუკეთებ ამას – მაინც მოღალატე და მკვლელი ხარ! იარაღით მოკლავ კაცს, თუ ისე მოექცევი რომ იმას შეიძლება გული გაუსკდეს ამათ შორის ის განსხვავებაა, რომ მეორე მეთოდი კიდევ უფრო ნაძირლური და სადისტური მკვლელობაა! ისე, იარაღიდან სასიკვდილოდ დაჭრილი ადამიანიც შეიძლება გადარჩეს ღვთის წყალობით!
ნაცები თავის გუნდის წევრებს არ ექცეოდნენ ისე როგორ ოცნება მოგვექცა მე, სოსო გოგაშვილს და კიდევ ბევრ თანაგუნდელს,“- წერს ერეკლე კუხიანიძე.
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი 16 ივლისს დააკავეს. გოგაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 133-ე, 157-ე და 236-ე მუხლებით ოფიციალურად წარედგინა.
რაც შეეხება ერეკლე კუხიანიძეს, მისი დაპირისპირება მმართველ გუნდთან 2019 წელს მას შემდეგ დაიწყო, რაც კუხიანიძემ რუსეთთან ურთიერთობის აუცილებლობის შესახებ საჯარო განცხადება გააკეთა. ერეკლე კუხიანიძეს საკრებულოს უმრავლესობა დაატოვებინეს.