ბლუმბერგი“ – თურქეთი შავ ზღვაში საკუთარ ტერიტორიულ წყლებში უკრაინისა და რუსეთისკენ მიმავალი კომერციული გემებისთვის გადაადგილებას ზღუდავს
თურქეთის ხელისუფლება შავ ზღვაში გემებზე რუსეთისა და უკრაინის თავდასხმების გახშირებით შეშფოთებულია, ამიტომ ზღვის საკუთარ ტერიტორიულ წყლებში უკრაინისა და რუსეთისკენ მიმავალი კომერციული გემისთვის გადაადგილებას ზღუდავს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი” ავრცელებს.
თურქეთის სანაპირო უსაფრთხოების გენერალური დირექტორატის განცხადებით, მათ ნოვოროსიისკენ მიმავალ რამდენიმე გემს აცნობეს, რომ ამჟამად ტრანზიტის ნებართვებს ვერ გასცემენ. მსგავსი რეგულაცია ამოქმედდა უკრაინისკენ მიმავალ გემებზეც.
ამასთან, როგორც ცნობილია, შეზღუდვისგან თავისუფლდებიან სხვა მიმართულებებისკენ მიმავალი გემები.
„ბლუმბერგის” ინფორმაციით, ბულგარეთის, რუმინეთის, საქართველოსა და თურქეთის პორტებისკენ მიმავალი გემები დარდანელის სრუტის გავლით ჩრდილოეთის მიმართულებით მოძრაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ.