1. Home
  2. TOP სიახლე
  3. „დონალდ ტრამპი ჯერ არ გამხდარა პრეზიდენტი, მაგრამ გეოპოლიტიკას უკვე ცვლის“ – Foreign Affairs
„დონალდ ტრამპი ჯერ არ გამხდარა პრეზიდენტი, მაგრამ გეოპოლიტიკას უკვე ცვლის“ – Foreign Affairs

„დონალდ ტრამპი ჯერ არ გამხდარა პრეზიდენტი, მაგრამ გეოპოლიტიკას უკვე ცვლის“ – Foreign Affairs

839
0

ამერიკულ ჟურნალ „ფორინ ეფეარსში“ (Foreign Affairs) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „დონალდ ტრამპი ჯერ არ გამხდარა პრეზიდენტი, მაგრამ გეოპოლიტიკას უკვე ცვლის“ (ავტორი – გრემ ელისონი). მასალაში განხილულია საკითხი, თუ როგორ რეაგირებენ აშშ-ის მოკავშირეები და მოწინააღმდეგეები ყოფილი პრეზიდენტის თეთრ სახლში სავარაუდო დაბრუნების მიმართ.

გთავაზობთ ვრცელი პუბლიკაციის შინაარსს:

დონალდ ტრამპს თითქმის ყველა შანსი აქვს იმისათვის, რომ მან აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვოს და თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში დაბრუნდეს. სხვათა შორის, მსოფლიოს ქვეყნებმა ამ მოვლენისათვის მზადება უკვე დაიწყეს. მიმდინარე წლის ამერიკული პოლიტიკის მთავარი მოვლენა – ნოემბერში დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნები – უკვე ახდენს თავის გავლენას რიგი სახელმწიფოების ლიდერების გადაწყვეტილებებზე: ისინი მშვენივრად აცნობიერებენ იმას, რომ ერთი წლის შემდეგ მოუწევთ საქმე ჰქონდეთ აშშ-ის სულ სხვა მთავრობასთან, დღევანდელთან შედარებით. ისინი მიხვდნენ, რომ დიდი ალბათობით, დონალდ ტრამპს ნამდვილად შეუძლია პრეზიდენტის სავარძლის დაბრუნება.

ბუნებრივია, ევრაზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნების ლიდერები ამ გარემოებას თავიანთ პოლიტიკაში ახლავე ითვალისწინებენ. ფსონი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპზე დადო უკრაინის ომთან დაკავშირებით, ამ სტრატეგიის ნათელ მაგალითს წარმოადგენს. ბოლო თვეებში, როცა ბრძოლის ველზე „ჩიხური სიტუაცია“ წარმოიქმნა, გავრცელდა ხმები, რომ ვლადიმერ პუტინს უკრაინასთან კონფლიქტის დასრულება უნდა, თუმცა უფრო რეალური ისაა, რომ შეიარაღებული დაპირისპირება მომავალი წლის დასაწყისამდე არ დამთავრდება.

საქმე იმაშია, რომ ვლადიმერ პუტინი მზად არის დაელოდოს იმ დღეს, როცა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდება – მან ხომ განაცხადა, რომ იგი თავის ყოფილ რუს კოლეგას კარგად იცნობს და შეუძლია ომი 24 საათში შეწყვიტოს. ანუ არსებობს იმის შანსი, რომ აშშ-ის ახალი „ძველი“ პრეზიდენტი თავის ძველ კრემლელ ნაცნობს ომის დასამთავრებლად უფრო სარგებლიან და მომგებიან პირობებს შესთავაზებს – ბევრად უკეთესს, ვიდრე ჯო ბაიდენი და რასაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იძულებული გახდება დაეთანხმოს.

უკრაინის ევროპელი მოკავშირეები კი პირიქით თვლიან – ისინი აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევას ევროპის უსაფრთხოების მუქარად მიიჩნევენ – ეჭვი აქვთ იმაზე, რომ ამერიკა, რუსეთის პოტენციური თავდასხმის შემთხვევაში, ევროპის უსაფრთხოების გარანტი აღარ იქნება. კერძოდ, გერმანელებს კარგად ახსოვთ რამდენიმე წლის წინ ყოფილი კანცლერის ანგელა მერკელის განცხადება დონალდ ტრამპთან დაძაბული მოლაპარაკების შემდეგ: „ევროპელებმა თავიანთი მომავალი აშშ-სგან დამოუკიდებლად უნდა უზრუნველყონ“.

ევროპა საშინელ განცდებში ვარდება იმის გაფიქრებით, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს აშშ შეიძლება ჩრდილო ატალანტიკური ალიანსიდან გავიდეს. ამერიკის რესპუბლიკური პარტიის მთავარი კანდიდატის წინასაარჩევნო კამპანიის ამსახველ ვებ-საიტზე შეიძლება წაიკითხოთ დონალდ ტრამპის მოწოდებები „ნატოს მიზნებისა და მისიის ფუნდამენტურ გადაფასებაზე“. დღეს, როცა უკრაინა ევროპის სახელმწიფოებისაგან იარაღს ითხოვს, ზოგიერთი ქვეყნის ლიდერი პაუზას აკეთებს და საკუთარ თავს ეკითხება – „ახლა რომ იარაღი კიევს მივცეთ, რას გავაკეთებთ იმ შემთხვევაში, თუ დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი გახდება და ნატოდან გასვლას მოისურვებს? იარაღი ხომ ჩვენივე დაცვისთვის დაგვჭირდება?“.

იყო დრო აშშ-ის უახლეს ისტორიაში, როცა საგარეო პოლიტიკური საკითხებისადმი დემოკრატებისა და რესპუბლიკელების მიდგომებში განსხვავება იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ მას ვერავინ ამჩნევდა, მაგრამ ბოლო ათ წელიწადში სიტუაცია აბსოლუტურად შეიცვალა. დღეს ისეთი მდგომარეობაა, რომ აშშ-ის კონსტიტუციური დებულება პრეზიდენტის არჩევის თაობაზე შეიძლება ყოველ ოთხ წელიწადში „პოლიტიკის რეიდერული მიტაცების მცდელობას“ შევადაროთ – ანუ ყოველი პრეზიდენტი საგარეო პოლიტიკას რადიკალურად ცვლის.

ამის შედეგი კი ისაა, რომ ყოველ საკითხში – კლიმატის შესახებ მოლაპარაკებით დაწყებული და უკრაინის მხარდაჭერით დამთავრებული – ჯო ბაიდენი და მისი საგარეო პოლიტიკური გუნდი სულ უფრო მეტი სირთულეების წინაშე დგება: იმიტომ, რომ ევროპელი პარტნიორები ფრთხილად იქცევიან – ვაითუ მომავალ წელს საქმე აშშ-ის ახალ, რადიკალურად განსხვავებული ხედვების მქონე მთავრობასთან გვქონდესო.

მიმდინარე წელი შეიძლება სახიფათო წლად იქცეს იმ ფონზე, რომ აშშ-ის პოლიტიკას მთელი მსოფლიო უყურებს როგორც უნდობლობითა და ეჭვის თვალით, ასევე იმედით და აღფრთოვანებით: ყველა აცნობიერებს, რომ არჩეული იქნება არა მხოლოდ აშშ-ის პრეზიდენტი, არამედ პლანეტის ყველაზე გავლენიანი ლიდერი.

წყარო