1. Home
  2. TOP სიახლე
  3. NASA-მ ტელესკოპ James Webb-ის მიერ გადაღებული პირველი სრულყოფილი ფოტო გამოაქვეყნა
NASA-მ ტელესკოპ James Webb-ის მიერ გადაღებული პირველი სრულყოფილი ფოტო გამოაქვეყნა

NASA-მ ტელესკოპ James Webb-ის მიერ გადაღებული პირველი სრულყოფილი ფოტო გამოაქვეყნა

424
0

NASA-მ, ამერიკის აერონავტიკისა და კოსმოსის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა ტელესკოპ James Webb-ის მიერ გადაღებული პირველი სრულყოფილი ფერადი ფოტო.

ფოტოს გამოქვეყნებასთან დაკავშირებით საჯარო ღონისძიება თეთრ სახლში გაიმართა, რომელსაც პრეზიდენტი ბაიდენი, ვიცე-პრეზიდენტი ჰარისი და NASA-ს დირექტორი ბილ ნელსონი დაესწრნენ.

“ეს სურათები მსოფლიოს შეახსენებს, თუ რა დიდებული საქმეების კეთება შეუძლია ამერიკას და შეახსენებს ამერიკელ ხალხს, განსაკუთრებით ჩვენს შვილებს, რომ ჩვენი შესაძლებლობები უსაზღვროა”, – თქვა ბაიდენმა.

“ჩვენ ვხედავთ შესაძლებლობებს, რომლებიც აქამდე არავის უნახავს. ჩვენ შეგვიძლია წავიდეთ ისეთ ადგილებში, სადაც აქამდე არავინ ყოფილა”, – დასძინა მან.

 

ტელესკოპის მიერ გადაღებული პირველი სრულყოფილი ფერადი ფოტო აღბეჭდავს ათასობით გალაქტიკას, მათ შორის ყველაზე მკრთალ ობიექტებს, რომლებზეც ოდესმე ჩატარებულა დაკვირვებები ინფრაწითელ დიაპაზონში.

NASA-ს ცნობით, ტელესკოპმა გადაიღო სამყაროს ყველაზე ღრმა და მკვეთი ფოტო ინფრაწითელი გამოსახულების სახით, უმაღლესი გარჩევადობით. სურათზე ნაჩვენებია გალაქტიკები, როგორც ისინი არსებობდნენ 13 მილიარდი წლის წინ.

NASA და მისი პარტნიორები, ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA) და კანადის კოსმოსური სააგენტოი (CSA), ტელესკოპის მიერ გადაღებულ სხვა ფოტოებს 12 ივლისს, მოგვიანებით გამოქვეყნებენ.

ტელესკოპი James Webb-ი კოსმოსში გასული წლის ბოლოს გაუშვეს.

NASA-მ ტელესკოპის პროექტზე მუშაობა 1980-იანი წლების ბოლოს დაიწყო. მასზე დაახლოებით 10 მილიარდი დოლარი დაიხარჯა. NASA-სთან ერთად ტელესკოპის შექმნაზე, კანადის კოსმოსური სააგენტო (CSA) და ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA) მუშაობდნენ.

ტელესკოპი ზომითა და ტექნიკური აღჭურვილობით მრავალჯერ აღემატება მის წინამორბედს, სახელგანთქმულ ჰაბლის ტელესკოპს. ის მკვლევარებს საშუალებას მისცემს დაინახონ სამყაროს შორეული წარსული, პირველი გალაქტიკების და პირველი ვარსკვლავების ფორმირება.

James Webb-ის ერთ-ერთი უპირატესობა არის ინფრაწითელ და ოპტიკურ დიაპაზონში მუშაობის შესაძლებლობა, რაც კიდევ უფრო ფართო შესაძლებლობას იძლევა შორეული გალაქტიკების შესწავლისა. ექსპერტების თქმით, მას შეუძლია მთლიანად შეცვალოს ჩვენი გაგება კოსმოსის შესახებ.