“ყოველგვარი “შემოვლითი გზების” გარეშე – გამოააშკარავეს საკუთარი რეალური მიზნები”-დავით ქართველიშვილი არესტოვიჩის განცხადებაზე
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის მიერ საქართველოს შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე, რომ უახლოეს მომავალში, რაც უკრაინა რუსეთთან ომში უპირატესობას მოიპოვებს, ისინი უნდა გადაერთონ საქართველოს “შველაზე“ოფიციალური სათანადო პასუხის გაცემას ითხოვს მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ოფიციალური წარმომადგენლის ამ განცხადების ფონზე საჭიროა მკაფიო განმარტება – რასთან გვაქვს საქმე.
„როგორც იქნა, ყოველგვარი “შემოვლითი გზების” გარეშე – გამოააშკარავეს საკუთარი რეალური მიზნები: რა რუსეთის დამარცხება ან უკრაინის გადარჩენა?! საქართველოს აყირავება, საქართველოს – ჩვენგან, ქართველებისგან დახსნა, მილიონამდე მებრძოლი უკრაინელის ძალით – პოსტ-საბჭოურ სივრცეში ახალი ცხელი წერტილის, ახალი ომის გაჩაღება!
მე მესმის ხელისუფლების მცდელობის, საქართველო-უკრაინის ურთიერთობების კიდევ გარკვეული დროით, “ინერციით”, “ცალმხრივი მეგობრობის” პოლიტიკაში შეფუთვისა. მაგრამ ეს გაჟღერდა გუშინ. დღეს, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ოფიციალური წარმომადგენლის ამ განცხადების ფონზე – მე გუშინდელი მიდგომა აღარ მაკმაყოფილებს. მე სამთავრობო დონეზე მჭირდება მკაფიო განმარტება – რასთან გვაქვს საქმე,“- წერს ქართველიშვილი.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა ერთ-ერთ იუთუბ არხზე გამართულ დისკუსიაში საქართველოს შესახებ ისაუბრა.
“თუ გავითვალისწინებთ საქართველოში პრორუსულ ხელისუფლებას, რომელსაც არ აქვს გადაწყვეტილებების მიღების უნარი და ანგრევს ყველაფერს, რაც შექმნა სააკაშვილმა, ისევ დააბრუნა კორუმპირებული პოლიცია, ისევ ყველაფერი იყიდება, ეს ყველაფერი აგიჟებს საქართველოში დარჩენილ პატრიოტებს, რომლებიც სიმწრით თმებს იგლეჯენ. ამდენად, ჩვენ მოგვიწევს იქ ძალის პროეცირება, მოგვიწევს ქართველების დახსნა, მოგვიწევს სომხების შველა, მოლდოვეთის შველა, ყველას შველა. ეს კარგი ამბავია. ჩვენ გვყავს მილიონამდე ნაბრძოლი ადამიანი, რომელთაც პოსტ-საბჭოთა სივრცეში საქმე გამოუჩნდება უახლოეს მომავალში,“- განაცხადა არესტოვიჩმა.