საფრანგეთის პოლიციამ გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ჩანს პოლიციის ოფიცერი, რომლის მიმართულებითაც ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლეს და მას ცეცხლი ეკიდება.

საფრანგეთის ეროვნულ ჟანდარმერიაში განაცხადეს, რომ აქციების დროს სამართალდამცავი ორგანოების წინააღმდეგ „მიუღებელი ძალადობა" ხორციელდება. მათივე ცნობით, ინციდენტის შედეგად ოფიცერმა „მძიმე დამწვრობა" მიიღო.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით 296 ადამიანი დააკავეს.

ფრანგული მედიის ცნობით, ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ნაკლებია გასული კვირების დაკავებებთან შედარებით. მათივე ინფორმაციით, 24 ოქტომბერს ქვეყნის მასშტაბით 1 314 პირი დააკავეს, ხოლო 17 ოქტომბერს - 2 628.