1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ვოლოდიმირ ზელენსკი ზოგიერთ სამხედრო მეთაურს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის გვერდის ავლით ეკონტაქტება

ვოლოდიმირ ზელენსკი ზოგიერთ სამხედრო მეთაურს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის გვერდის ავლით ეკონტაქტება

201
0

ვოლოდიმირ ზელენსკი ზოგიერთ სამხედრო მეთაურს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის გვერდის ავლით ეკონტაქტება, – აღნიშნულის შესახებ ნათქვამია უკრაინული მედიის მიერ დღეს გამოქვეყნებულ სტატიაში, რომლის სახელწოდებაა „ომი პოლიტიკის წინააღმდეგ. სინამდვილეში რა ხდება ზელენსკისა და ზალუჟნის შორის“.

როგორც „უკრაინსკაია პრავდას“ ანონიმურმა წყარომ განუცხადა, პრეზიდენტის ასეთი ქმედებები ხელს უშლის ზალუჟნის, მთელი არმია მართოს. ამავე წყაროს ცნობით, ასეთი კონტაქტები აჩქარებს ზელენსკის მუშაობის ტემპს, მაგრამ ართულებს შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის სამუშაოებს, რადგან ზალუჟნი ხშირად ინფორმაციას ფორმალურად დაქვემდებარებული პირებისგან იღებს.

ზელენსკის ოფისში უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან კონფლიქტს უარყოფენ.

„ხანდახან შთაბეჭდილება იქმნება, რომ ზელენსკის ჰყავს ორი ტიპის შეიარაღებული ძალები: „კარგი“, რომელსაც მეთაურობს აღმოსავლეთის დაჯგუფების მეთაური ალექსანდრ სირსკი და სხვა ფავორიტები, „ცუდი“, რომელიც ემორჩილება ზალუჟნის. ეს ახდენს სამხედროების დემოტივაციას და, რაც მთავარია, ხელს უშლის მთელი არმიის მართვას“, – განუცხადა მედიას ერთ-ერთმა ანონიმურმა რესპონდენტმა.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან საუბარში აცხადებდა, რომ უკრაინის პრეზიდენტის ოფისი მას ხშირად უშლის ხელს. როგორც ანონიმური წყარო აცხადებს, ზალუჟნის ამ საუბრების შესახებ პრეზიდენტის ოფისი ინფორმირებული იყო.

ცნობისთვის, უკანასკნელ კვირებში უკრაინული და საერთაშორისო მედია აქტიურად წერს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურს, ვალერი ზალუჟნის შორის არსებულ კონფლიქტზე.