1. Home
  2. TOP სიახლე
  3. „ვლადიმერ პუტინი საქართველოს „ჰიბრიდული ომის“ საცდელ პოლიგონზე აბრუნებს“ – უცხოური პრესა
„ვლადიმერ პუტინი საქართველოს „ჰიბრიდული ომის“ საცდელ პოლიგონზე აბრუნებს“ – უცხოური პრესა

„ვლადიმერ პუტინი საქართველოს „ჰიბრიდული ომის“ საცდელ პოლიგონზე აბრუნებს“ – უცხოური პრესა

153
0

იაპონური ყოველკვირეული ინგლისურენოვანი ჟურნალი Nikkei Asia აქვეყნებს სტატიას სათაურით „ვლადიმერ პუტინი საქართველოს „ჰიბრიდული ომის“ საცდელ პოლიგონზე აბრუნებს“ (ავტორი – ჰიროიუკი აკიტა), რომელშიც საქართველო-რუსეთის ურთიერთობის პრობლემებია მიმოხილული.

 

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

 

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული აგრესიული ომის დროს ბევრი სამხედრო-სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, რომლებმაც კრემლის გამარჯვება ეჭვქვეშ დააყენა., თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოსკოვი გავლენის სფეროების გაფართოებისათვის მიმდინარე გეოპოლიტიკურ ომში მარცხდება, განსაკუთრებით ყოფილ საბჭოთა სივრცეში.

 

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დიდი ძალისხმევით ცდილობს, რომ მეზობელი ქვეყნები თავის მხარეზე გადაიბიროს „ჰიბრიდული ომების“ დახმარებით – კულისებს მიღმა მოქმედებებით, რომლებიც მიმართულია ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების დესტაბილიზებისაკენ, როგორც აშკარა და ღია, ასევე მალული ჩარევებით, კიბერშეტევების, აგიტაცია-პროპაგანდის და სხვა ძირგამომთხრელი მეთოდების ჩათვლით. ამ ტაქტიკით სარგებლობისას მოსკოვმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია საქართველოში.

 

რუსეთი საქართველოში 2008 წლის აგვისტოში შეიჭრა და მისი სეპარატისტული რეგიონების – აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპაცია მოახდინა. მას შემდეგ კრემლი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ს ეფექტურად აკონტროლებს. უკვე 15 წელია საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილი აქვს, მოსახლეობაში კი ანტირუსული განწყობები ისევ ძლიერია. 2022 წლის დეკემბერში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვები მოწმობს, რომ ქართველების დაახლოებით 80%-ს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანება სურთ. ისინი სოლიდარობას უცხადებენ უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომში, რომელშიც კიევის მხარეზე [არაოფიციალურად, მოხალისეთა სახით] თითქმის 2 ათასამდე ქართველი მეომარი იბრძვის.

 

მაგრამ, როგორ უცნაურადაც არ უნდა გვეჩვენოს, საქართველოს მთავრობა მოსკოვთან მიმართებით, შესამჩნევად ლოიალური გახდა. რუსეთ-უკრაინის ომი სულ რაღაც ორიოდე დღის დაწყებული იყო, როცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავისი განცხადებით კიევი გააღიზიანა – მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა დასავლეთის მიერ გამოცხადებულ ანტირუსულ სანქციებს არ შეუერთდებოდა – „ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, რადგან სანქციებით მოსახლეობა, ქართველი ხალხი დაზარალდებოდა“. ბევრმა ქართველმა პოლიტიკურმა ლიდერმა პრორუსული პოზიცია დაიკავა: მაგალითად, ირაკლი კობახიძემ, მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელმა, რომელმაც დასავლეთის ხშირი კრიტიკა დაიწყო.

 

ბოლო დროს საქართველოს რუსეთის ორბიტისაკენ გადახვევის ტენდენცია აშკარად დაჩქარდა. ქართულ პოლიტიკაში ისეთი მოვლენები ხდება, რომელიც მთავრობის მიერ პრორუსული პოლიტიკის გატარებაზე მიუთითებს: ეს მჟღავნდება ისეთი კანონპროექტების მიღების მცდელობაში, რომელიც ძალიან ჰგავს რუსულ კანონმდებლობას (ვთქვათ, კანონპროექტი „უცხოელი გავლენის აგენტების შესახებ“). სწორედ ამის გამო თბილისის ქუჩებში საპროტესტო აქციაზე უამრავი თბილისელი გამოვიდა, რის შემდეგაც ხელისუფლებამ კანონპროექტის განხილვა შეაჩერა და უკან გაიწვია. ირაკლი კობახიძემ კი აქციის მონაწილეები დასავლეთის მიერ მართულ პაიკებად შერაცხა.

 

საქართველოს მთავრობის მიდრეკილება მოსკოვისაკენ გამოიხატა აგრეთვე ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლის აღდგენით. ვლადიმერ პუტინს სურს, რომ საქართველო მტკიცედ მოექცეს რუსეთის გავლენის ქვეშ და ამიტომ გარკვეულ დათმობებზე წავიდა (განაახლა 2019 წელს შეწყვეტილი ფრენები და შემოიღო უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისათვის). თავის მხრივ, საქართველოს მთავრობა ეთანხმება კრემლის მოქმედებას და მას არავითარ წინააღმდეგობას არ უწევს. ავიამიმოსვლის აღდგენამ ქართულ საზოგადოებაში კრიტიკული განწყობა გამოიწვია, მაგრამ „ქართული ოცნების“ მთავრობა მოსკოვის ნაბიჯს დაეთანხმა.

 

უასაფრთხოების სფეროს ექსპერტებმა, რომლებიც 18-19 მაისს თბილისში იყვნენ შეკრებილნი (რონდელის სახელობის სტრატეგიული კვლევების ცენტრში), საქარტველოსში რუსეთის გავლენის გაძლიერების გამო შეშფოთება გამოხატეს. ზოგიერთმა განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის ჰიბრიდული ომების საცდელ ლაბორატორია გახდა და საბოლოო ჯამში, შეიძლება რუსეთის სატელიტ სახელმწიფოდ გადაიქცეს. კონფერენციაზე აღინიშნა, რომ ვლადიმერ პუტინი თავისი მიზნების რეალიზებისათვის „მათრახისა და თაფლაკვერის“ მეთოდით სარგებლობს.

 

„თაფლაკვერში“ იგულისხმება მნიშვნელოვანი ფინანსურ-ეკონომიკური მოგება რუსეთთან განვითარებული ურთიერთობების შედეგად. მართლაცდა, საქართველოსა და რუსეთის ეკონომიკური კავშირები ღრმავდება: საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის Transparency International-ის მონაცემებუთ, 2022 წელს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიერ დაახლოებით 15 ათასი ახალი კომპანია დარეგისტრირდა, რაც 16-ჯერ მეტია 2021 წელთან შედარებით. იმავე 2022 წელს საქართველოში რუსული პროდუქციის იმპორტის მოცულობა 79%-ით გაიზარდა და 1,8 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეს ფაქტი ნაწილობრივ იმით აიხსნება, რომ ბევრმარუსმა მოქალაქემ თავისი ბიზნესი რუსეთიდან საქართველოში გადმოიტანა, რათა თავი აერიდებინათ დასავლური სანქციებისა და არმიაში მობილიზებისაგან. „პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენამ ხელი შეუწყო უფრო მეტად რუსული ბიზნესი განვითარებას და რუსული კომპანიების წარმატებას“, – აღნიშნა უსაფრთხოების სფეროს ერთ-ერთმა ქართველმა ექსპერტმა.

 

ამასთან, ვლადიმერ პუტინი თავისი მიზნების მისაღწევად „მათრახსაც“ იყენებს – სხვადასხვა ქვეყნებს შიშს უნერგავს, რომ თუ ისინი კრემლის მითითებებს არ დაემორჩილებიან, მათაც უკრაინის მსგავსი ბედი ელოდებათ. კრემლს საქართველოში ძლიერი მოკავშირეები ჰყავს, პირველ რიგში კი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც თავისი ქონება ძირითადად რუსეთში დააგროვა 1990-იან წლებში, შემდეგ კი პარტია „ქართული ოცნება“ ჩამოაყალიბა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდა (მართალია, მცირე ხნით, მაგრამ მაინც). ითვლება, რომ ბიძინა ივანიშვილს რუსეთთან მტკიცე კავშირები აქვს შენარჩუნებული და საქართველოს ამჟამინდელ მთავრობაზე უაღრესად დიდ გავლენას ახდენს. ერთ-ერთი ყოფილი მაღალჩინოსანის აღიარებით, ბიძინა ივანიშვილი ანტიდასავლურად შეიძლება არ არის განწყობილი, მაგრამ იგი აცნობიერებს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეს და ამიტომ არ სურს ვლადიმერ პუტინის სახით მტერი ჰყავდეს.

 

საქართველოში რუსეთის მზარდი გავლენა აჩვენებს, თუ რამდენად მოხერხებულად სარგებლობს კრემლი ადამიანური რესურსებით, საინფორმაციო პოლიტიკით და დაშინებით, რომ თბილისი თავის ქსელში გაახვიოს. ის რაც საქართველოში ხდება, შეიძლება სხვა რომელიმე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაშიც მოხდეს, მათ შორის მოლდოვაშიც.

წყარო