1. Home
  2. TOP სიახლე
  3. საქართველო – ქვეყანა, რომელიც ევროკავშირს და რუსეთს შორის მერყეობს – რას წერს უცხოური პრესა
საქართველო – ქვეყანა, რომელიც ევროკავშირს და რუსეთს შორის მერყეობს – რას წერს უცხოური პრესა

საქართველო – ქვეყანა, რომელიც ევროკავშირს და რუსეთს შორის მერყეობს – რას წერს უცხოური პრესა

243
0

„საქართველოს მთავრობა ბრიუსელს სიტყვით ერთგულებას ეფიცება, მაგრამ საქმით მოსკოვისაკენ უხვევს“, – ამბობს ქართული პოლიტიკის ექსპერტი მარსელ რეტიგი. ასეთი კურსი საფრთხეს უქმნის ქვეყნის სავარაუდო გაწევრიანებას ევროკავშირში, – ნათქვამია გერმანული ტელეარხის ZDF Heit-ის მიერ ეთერში გადაცემულ სიუჟეტში, სათაურით „საქართველო – „ქვეყანა, რომელიც ევროკავშირს და რუსეთს შორის მერყეობს“.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში ყველაფერი დუღს. ხალხი ქუჩაშია გამოსული პარლამენტის მიერ სკანდალური კანონპროექტის – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ – მიღების გამო, რომელსაც „უცხოური აგენტების“ კანონპროექტსაც უწოდებენ. დოკუმენტი ავალდებულებს არასამტავრობო ორგავნიზაციებს და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს გაამჟღავნონ თავიანთი საზღვარგარეთული დაფინანსების თაობაზე და თუ ამას არ გააკეთებენ, მათ უცხოური გავლენის აგენტებად შერაცხავენ და მოზრდილ ჯარიმებსაც გადაიხდიან. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შიშობენ, რომ კანონპროექტი შეზღუდავს აზრის გამოხატვის თავისუფლებას და საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სწრაფვას ევროპისაკენ.

როგორც მარსელ რეტიგი – გერმანული ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთკავკასიური განყოფილების ხელმძღვანელი – ამბობს, კანონპროექტში ჩადებული „გამჭვირვალეობის“ მოთხოვნა მხოლოდ წინასწარ შენიღბულ მიზეზს წარმოადგენს: „საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების 90% მხოლოდ უცხოეთის ქვეყნებიდან გადმორიცხული თანხებით არსებობენ. კანონპროექტის ძალაში შესვლის შემდეგ ისინი მიიღებენ ისეთი ორგანიზაციების სტატუსს, რომლებიც უცხოური გავლენის გამტარებლები იქნებიან. მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ეს ორგანიზაციები „სამშობლოს გამყიდველებად“ შერაცხა“, – ამბობს მარსელ რეტიგი.

ქართული კანონპროექტი, რომელიც რუსულს ჰგავს

ექსპერტი ქართულ კანონში 2012 წელს მიღებული რუსული კანონის კვალს ხედავს, რომელსაც რუსეთის მმართველი რეჟიმი საკუთარი სამოქალაქო საზოგადოების მიმართ ზეწოლისათვის იყენებს. „ჩვენ ვიცით, თუ როგორ ახშობს და ზღუდავს კრემლი რუსული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას“, – ამბობს მარსელ რეტიგი.

საქართველოს ხელისუფლება, თავის მხრივ, უარყოფს რუსეთის რაიმე გავლენას ქარტულ პოლიტიკაზე და კერძოდ, კანონპროექტის შემუშავება-მიღების დროს. „საქართველო მთავრობა, რასაკვირველია, რუსეთის მარიონეტულ რეჯიმს ნამდვილად არ წარმოადგენს“, – ხაზს უსვამს მარსელ რეტიგი, – „მოსკოვის პირდაპირი გავლენა თბილისზე, ალბათ, არ არის. მე ვერ ვიტყვი, რომ მოსკოვიდან დარეკეს და თბილისს ამ კანონის მიღება უბრძანეს… ალბათ, უფრო მეტად მიზეზი ისაა, რომ მმართველ პარტიას ეშინია, რომ ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შედეგად ძალაუფლებას დაკარგავს. ამიტომ „ქართული ოცნება“ ცდილობს ქვეყნის საზოგადოების დანაწილებას მომხრეებად („მეგობრებად) და მოწინააღმდეგეებად („მტრებად“). მოწინააღმდეგეები („მტრები“) კი ყველა ისინია, რომლებიც დასავლეთთან თანამშრომლოებენ. ამრიგად, იქმნება პოლარიზების ატმოსფერო“.

კიდევ ერთ მოტივად ითვლება საქართველოს მუდმივი შიში რუსეთთან კონფლიქტის სავარაუდო გამწვავების მიმართ. თბილისს ეშინია, რომ რუსეთი საქართველოს ეკონომიკურ ომს გამოუცხადებს და ამის გამო კრიზისი დაიწყება. გარდა ამისა, არ არის გამორიცხული, რომ კრემლმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების – აფხაზეთისა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ ანექსია მოახდინოს და მეტიც – დამატებითი ტერიტორიები მიიტაცოს. ესე იგი, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კანონპროექტის მიღება თბილისის სიგნალს წარმოადგენს მოსკოვისათვის, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხში „ძალიან ღრმად შესვლა არ სურს“.

საერთაშორისო დემოკრატიულმა საზოგადოებამ ქართული კანონპროექტი მკვეთრად გააკრიტიკა და თბილისს მისი უკან გაწვევისაკენ მოუწოდა. ევროკომისია და ევროპარლამენტი დოკუმენტს განიხილავენ როგორ პირდაპირ დარღვევად იმ პირობებისა, რომელთა შესრულება საქართველომ ივალდებულა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების დროს. „აი, სწორედ ამის გამო გამოხატავს უკმაყოფილებას ხალხი. თბილისის მიზნები სცილდება კანონპროექტის ჩარჩოებს, საკითხი ეხება პრინციპულ გადაწყვეტილებას – გააგრზელებს თუ არა ევროპულ კურსს საქართველოს ხელისუფლება“, – განმარტავს მარსელ რეტიგი.

საქართველო რყევისა და გაურკვევლობის პერიოდში შედის – როგორი იქნება მომავალში ქართული სახელმწიფო? მისი პერსპექტივა რამდენიმე თვეში უნდა გადაწყდეს. გაგრძელდება თუ არა პროტესტები? იქნება თუ არა ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი? დაემორჩილება თუ არა საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის ზეწოლას და კანონპროექტს უკან გაიწვევს? ქუჩაში გამოსული ადამიანები მკაფიო მიმართულებას ითხოვენ: „შორს რუსეთისაგან და ახლოს ევროკავშირთან“.

„საქართველოს შეიძლება ვუწოდოთ ქვეყანა, რომელიც ევროკავშირსა და რუსეთს შორის მერყეობს: ერთი მხრივ, „თვალების ციმციმით უყურებს“ ბრიუსელს, მეორე მხრივ კი შეიძლება სახე კრემლისაკენ მიაბრუნოს“, – ასეთ დასკვნას აკეთებს მარსელ რეტიგი.

წყარო