ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი “დიდი ოცეულის”სამიტს დაესწრებიან -Reuters
ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი „დიდი ოცეულის“ სამიტს დაესწრებიან, – Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ ინდონეზიის პრეზიდენტმა, ჯოკო ვიდოდომ განაცხადა.
ინდონეზიას, რომელიც წელს „დიდი ოცეულის“ თავმჯდომარე ქვეყანაა, დასავლეთის ქვეყნებმა არაერთხელ მოუწოდეს, გაეუქმებინა ვლადიმერ პუტინის სამიტზე მიწვევა მისი ქვეყნის უკრაინაში შეჭრის გამო.
აღსანიშნავია, რომ ინდონეზიამ სამიტზე დასასწრებად უკრაინის ლიდერი, ვოლოდიმირ ზელენსკიც მიიწვია.
Reuters-ი წერს, რომ ჯოკო ვიდოდო უკრაინასა და რუსეთს შორის შუამავლის როლის შესრულებას ცდილობს და ომის შეწყვეტის მოწოდებითა და გლობალური სასურსათო კრიზისის შემსუბუქების მიზნით ბოლო თვეების განმავლობაში ის ორივე ქვეყნების პრეზიდენტებს შეხვდა.
შეგახსენებთ, „დიდი ოცეულის“ სამიტი ნოემბერში კუნძულ ბალიზე გაიმართება.