“ვის გაგზავნის ევროპა მოსკოვში მოსალაპარაკებლად უკრაინასთან ომის დამთავრების მიზნით?”-Deutshce Welle
„ბერლინი და კიევი ეწინააღმდეგებიან მოსკოვის შეთავაზებას – ვლადიმერ პუტინის სურვილს, რომ რუსეთთან მოლაპარაკების დროს, უკრაინასთან ომის დასრულების მიზნით, ევროკავშირს გერმანიის ექს-კანცლერი გერჰარდ შრედერი წარმოადგენდეს“, – ნათქვამია გერმანული სამაუწყებლო კომპანიის „დოიჩე ველეს“ (Deutshce Welle) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ვის გაგზავნის ევროპა მოსკოვში მოსალაპარაკებლად უკრაინასთან ომის დამთავრების მიზნით?“.
მასალაში განხილულია როგორც ყოფილი კანცლერების, ასევე გერმანიის მოქმედი პრეზიდენტის კანდიდატურები. ვის აქვს ყველაზე მეტი შანსი?
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
ბურთი ევროპის მხარეზეა. მაისის ბოლოს ევროკავშირს, წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, დაგეგმილი აქვს რუსეთთან შესაძლო მოლაპარაკების საკითხის განხილვა უკრაინასთან ომის დასრულების მიზნით. დღემდე ევროკავშირი წარუმატებლად ცდილობდა აშშ-ის შუამავლობით რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებაში მონაწილეობის მიღებას, მაგრამ რადგანაც ამჟამად, აშშ-ირანის ომის გამო, ვაშინგტონის შუამავლობა და შესაბამისად, მოსკოვ-კიევის მოლაპარაკება შეჩერებულია, დადგა ბრიუსელის ჩართვის დრო. და თუ კრემლტან კონტაქტების დაწყება გადაწყდება, ჩნდება მნიშვნელოვანი კითხვა: ვინ იქნება ევროკავშირის ისეთი ავტორიტეტიანი წარმომადგენელი, რომელიც მოსკოვში გაემგზავრება ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად?
უკრაინაზე რუსეთის თავდასხმისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ევროპელი ლიდერები სათითაოდ საუბრებოდნენ ხოლმე ვლადიმერ პუტინთან, მაგრამ მხოლოდ ტელეფონით – ყველაზე ხშირად რუსეთის პრეზიდენტთან მისი ფრანგი კოლეგა ემანუელ მაკრონი ლაპარაკობდა. მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა 9 მაისს განაცხადა, რომ მზად არის ევროკავშირის წარმომადგენელს შეხვდეს და სასურველ კანდიდატურად გერმანიის ექს-კანცლერი დაასახელა, ბერლინში და ბრიუსელში სხვადასახვა ვარიანტებს განიხილავენ.
გერჰარდ შრედერი? თითქმის არავითარი შანსი…
როგორც კი ვლადიმერ პუტინმა გერჰარდ შრედერის კანდიდატურა დაასახელა, 82 წლის ყოფილი კანცლერის წინააღმდეგ გერმანია და უკრაინა გამოვიდნენ. მათი უარის მთავარი მიზეზი ასეთია: მიუხედავად იმისა, რომ გერჰარდ შრედერმა დაგმო უკრაინასთან ომი და 2022 წლის მაისში დატოვა რუსეთის ენერგეტიკულ კომპანია „როსნეფტის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა, მას უარი არ უთქვამს ვლადიმერ პუტინთან მეგობრობაზე. სხვათა შორის, როგორც სხვადასხვა ინტერვიუებში თვითონ აცხადებდა, ომის დაწყების დროს გერჰარდ შრედერი უკვე იყო ე.წ. ფარული შუამავალი, დადიოდა მოსკოვში და სტამბოლში, ხვდებოდა უკრაინის წარმომადგენელს რუსტემ უმაროვს, თუმცა შედეგებზე არაფერი უთქვამს.
ანდრეას უმლანდმა, კიევში არსებული ევროპის შემსწავლელი ინსიტუტის ექსპერტმა, „დოიჩე ველესთან“ საუბარში ეჭვი გამოხატა გერჰარდ შრედერის შანსების მიმართ, რომ მას ევროკავშირის მთავარი მომლაპარაკებლის სტატუსი მიენიჭოს და აღნიშნა, რომ ამჟამად გერმანიაში ყოფილი კანცლერის მიმართ ნდობის ხარისხი ძალიან დაბალია. უნდობლობის გამო საქმე იქამდე მივიდა, რომ დადგა მისი მშობლიური სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან გარიცხვის საკითხი, თუმცა რიგი პოლიტიკოსების ინიციატივა ჩაიშალა. მართალია, მას ჰყავს მომხრეები, მაგრამ მათი გავლენა გერმანიის პოლიტიკურ წრეებში ძალიან სუსტია.
იქნებ შრედერი პლუს შტაინმაიერი? ესეც საეჭვოა…
გერმანულ პრესაში ერთ-ერთ ვარიანტად სახელდება ექს-კანცლერ გერჰარდ შრედერის დუეტი გერმანიის მოქმედ ფედერალურ პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან, რომელიც ადრე საგარეო საქმეთა მინისტრი იყო და რომელსაც, მისი მომხრეების არგუმენტირებული განცხადებით, აქვს რუსეთთან მოლაპარაკების გამოცდილება დონბასთან დაკავშირებით, როცა კრემლი ფარულად მხარს უჭერდა ადგილობრივ სეპარატისტებს. მიუხედავად იმისა, რომ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს 2027 წლის იანვარში გერმანიის პრეზიდენტობის მეორე ვადა უმთავრდება, მას მაინც თავისუფლად შეუძლია ევროკავშირის მთავარი მომლაპარაკებლის ფუნქციების შესრულება.
გერჰარდ შრედერისაგან განსხვავებით, 70 წლის შტაინმაიერმა ბევრად უფრო მწვავედ დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში: იგი მოითხოვდა რუსეთის პრეზიდენტის დაკავებას და მის გასამართლებას ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (მანამდეც კი, სანამ პუტინის დაპატიმრების ორდერი გაიცემოდა). ერთ-ერთ ინტერვიუში ფედერალურმა პრეზიდენტმა აღიარა, რომ ბერლინის ადრინდელი ლოიალური პოლიტიკა რუსეთის მიმართ მცდარი იყო.
მაგრამ საკითხავია, დაეთანხმება თუ არა მის კანდიდატურას კიევი? წარსულს თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ომის დაწყების დროს უკრაინამ მისი ადრე დაგეგმილი ვიზიტი კიევში გააუქმა, ანუ იყო უნდობლობის გარკვეული მომენტი, თუმცა მოგვიანებით ვიზიტი მაინც გაიმართა. როგორც ანდრეას უმლანდი ამბობს, პრინციპში, გერმანიისათვის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის კანდიდატურა მისაღებია, მაგრამ თვითონ პრეზიდენტს ჯერ რაიმე კომენტარი არ გაუკეთებია ახალ სავარაუდო შეთავაზებაზე – იგი დუმს და არაფერს არ ამბობს, მზად არის თუ არა ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად, ან მიიღებს თუ არა თვითონ პუტინი მისი დაპატიმრების მოსურნე შუამავალს…
ანგელა მერკელი? მას ყველაზე მეტი შანსი აქვს…
დიახ, გერმანიის კიდევ ერთ ყოფილ კანცლერს ანგელა მერკელს, მესამე სავარაუდო კანდიდატს, უფრო მეტი შანსები აქვს, ვიდრე ორივეს – შრედერს და შტაინმაიერს, მაგრამ 71 წლის ექს-კანცლერიც დუმილს ინარჩუნებს. იგი პერიოდულად გმობს რუსეთის ომს უკრაინასთან, მაგრამ არა ისე მწვავედ და ხისტად, როგორც ფედერალური პრეზიდენტი და რუსეთთან გატარებულ პოლიტიკაში თავის შეცდომებს არ აღიარებს. სოციალისტურ გდრ-ში დაბადებული და გაზრდილი ანგელა მერკელი თვლის, რომ მინსკის ცნობილი შეთანხმებები, რომლის მიხედვით, დონბასის კონფლიქტი გაიყინა, წარმატებული იყო. მისი კანცლერობის დროს აშენდა გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი“, რასაც პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიის დიდ შეცდომად მიიჩნევს რუსეთთან მიმართებით. გარდა ამისა, ზელენსკის მიწვევის მიუხედავად, მერკელი კიევში ჩასვლაზე არ თანხმდება – სხვა ევროპელი ყოფილი თუ მოქმედი ლიდერებისგან განსხვავებით, ომის დაწყებიდან იგი არცერთხელ არ ყოფილა უკრაინის დედაქალაქში.
ანგელა მერკელი ამას წინათ გერმანიის ქალაქებს სტუმრობდა თავისი მემუარების (ავტობიოგრაფიის) პრეზენტაციის დროს და შეხვედრების პროცესში მუდმივად იმეორებდა თეზისს, რომ რუსეთთან მოლაპარაკება აუცილებელია და რომ ევროპელი ლიდერები ვლადიმერ პუტინს აუცილებლად უნდა შეხვდნენ. ეს იდეა მან ჯერ კიდევ წლების წინ წამოაყენა, მაგრამ ექს-კანცლერი ბალტიის სახელმწიფოებმა და პოლონეთმა მკაცრად გააკრიტიკეს.
„მოლაპარაკების გარეშე ომი არ დამთავრდება“, – ამბობს ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი, რომელიც მოქმედი კანცლერის ფრიდრიხ მერცის თანაპარტიელია – კონსერვატიული ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის წევრი.
„ანგელა მერკელი დღესაც სერიოზულ ფიგურას წარმოადგენს და თუ მოსკოვი მის კანდიდატურას დაეთანხმება, ეს კარგი არჩევანი იქნებოდა“, – თვლის ანდრეას უმლანდი, – რა თქმა უნდა, გერმანელებს და უკრაინელებს ანგელა მერკელის მიმართაც აქვთ პრეტენზიები, მაგრამ იგი სრულიად სხვა კალიბრის პოლიტიკოსია“.