
ვფიქრობ, ზელენსკი ცდილობს, უკან დაიხიოს იშვიათი წიაღისეულის შესახებ შეთანხმებიდან და თუ ამას გააკეთებს, პრობლემები ექნება -დონალდ ტრამპი
ვოლოდიმირ ზელენსკის იშვიათი წიაღისეულის შეთანხმებიდან უკან დახევა სურს, თუ ამას იზამს, დიდი პრობლემები ექნება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„ვფიქრობ, ზელენსკი ცდილობს, უკან დაიხიოს იშვიათი წიაღისეულის შესახებ შეთანხმებიდან და თუ ამას გააკეთებს, პრობლემები ექნება, დიდი, დიდი პრობლემები“, – აღნიშნა ტრამპმა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინა ვერასდროს გახდება ნატო-ს წევრი, მიუხედავად იმისა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების სურვილი აქვს.
„მას ნატო-ს წევრობა სურს. მაგრამ ის ვერასდროს გახდება ნატო-ს წევრი და მას ეს ესმის“,-განაცხადა ტრამპმა.
მისივე თქმით, უკრაინაში სამი წლის განმავლობაში მიმდინარე ომის დასასრულებლად საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის გზაზე კარგი პროგრესია.
„ვფიქრობ, დიდ პროგრესს ვაღწევთ უკრაინისა და რუსეთის საკითხში. ვცდილობთ, ეს შევაჩეროთ. ჩვენ გვსურს, ვიხილოთ, როგორ დასრულდება კვირაში ათასობით ჯარისკაცის სიკვდილი, რადგან ისინი კვდებიან ისეთი რაოდენობით, რაც ალბათ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გვინახავს, სრულიად უაზროდ. ეს სამარცხვინოა. ეს სამარცხვინოა. ასე რომ, ვფიქრობ, ვაღწევთ პროგრესს, ნაბიჯ-ნაბიჯ. ლიდერებს შორის უზარმაზარი სიძულვილია. მაგრამ ვფიქრობ, ამას დავასრულებთ“, – აღნიშნა ტრამპმა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ვლადიმერ პუტინის ბოლოდროინდელმა განცხადებებმა ზელენსკის ლეგიტიმურობის შესახებ გარკვეული პრობლემები შექმნა მოლაპარაკებებში.
ჟურნალისტის კითხვაზე, ფიქრობს თუ არა აშშ-ის პრეზიდენტი, რომ მისი ურთიერთობა ვლადიმერ პუტინთან ამჟამად ყველაზე დაბალ წერტილშია, ტრამპმა უპასუხა, რომ ასე არ ფიქრობს.
„არა, არ ვფიქრობ ასე. არ ვფიქრობ, რომ ის თავის სიტყვას არ შეასრულებს. ჩვენ პუტინზე ვსაუბრობთ, მე დიდი ხანია, ვიცნობ მას. ჩვენ ყოველთვის კარგად ვეწყობოდით ერთმანეთს. მე გარკვეულწილად იმედგაცრუებული ვიყავი ზოგიერთი რაღაცით, რაც ბოლო ორი დღის მანძილზე ითქვა ზელენსკისთან დაკავშირებით, როდესაც ის ზელენსკის არასანდოდ მიიჩნევს, მან სავარაუდოდ მასთან უნდა დადოს გარიგება, მოსწონს თუ არა ის. ასე რომ, ამით არ ვიყავი კმაყოფილი. ნამდვილად არ მსურს რუსეთზე მეორადი ტარიფების დაწესება, მაგრამ თუ ისინი დაწესდება, ეს მათთვის არ იქნება კარგი“,- აღნიშნა ტრამპმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, არსებობს თუ არა კონკრეტული ვადა, როცა რუსეთის პრეზიდენტი ცეცხლის შეწყვეტას უნდა დათანხმდეს, ტრამპმა უპასუხა : „ეს ფსიქოლოგიური ვადაა. თუ ვიფიქრებ, რომ ისინი დროს გვაკარგვინებენ, არ ვიქნები კმაყოფილი“.