“ვერავის დავეთანხმები, რომ ოპოზიცია უმოქმედოა”-ნიკა მელია
მე ვერავის დავეთანხმები იმ ნაწილში, რომ ოპოზიცია უმოქმედოა, ოპოზიცია უკანასკნელი 10 წელია ებრძვის ძალიან მძიმე მოწინააღმდეგეს, რომელიც პუტინის რეჟიმთან მჭიდრო კავშირშია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
კითხვაზე, როგორ შეაფასებს “ერთიანი საქართველოს” ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებას, რომ ოპოზიცია უმოქმედოა და საპარლამენტო საქმიანობა აზრსმოკლებული, მელია განმარტავს, რომ “ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავსი წუხილი ისმის პოლიტიკოსებისგან”.
“ეს მოსაზრება არსებობს არამხოლოდ ნინო ბურჯანაძისთვის, არამედ სხვა პოლიტიკოსებისთვისაც, რომელსაც მიაჩნიათ, რომ საპარლამენტო საქმიანობა შესაძლოა, აზრმოკლებული იყოს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავსი წუხილი მესმის პოლიტიკოსებისგან. თუმცა, საუბარი იმაზე, რომ ოპოზიცია არ არის ქმედითი და ოპოზიციას გაცილებით მეტი შეუძლია, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვართ ავტოკრატიული რეჟიმის ფარგლებში მოქმედი პოლიტიკური პარტიები. დღეს რომ ოპოზიციური სპექტრი არსებობს, ვფიქრობ, ეს თითოეული პოლიტიკური პარტიის დამსახურებაა. ჩვენ მხოლოდ გაგვიხარდებოდა, რომ ხელისუფლება დღეს შეცვლილი იყოს, პოლიტპატიმრები არ იყვნენ, ქვეყანა განვითარების გზაზე იყოს. ავტოკრატიული რეჟიმი არის გამორჩეული სისასტიკით, პირველ რიგში პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ ბრძოლაში. მე ვერავის დავეთანხმები იმ ნაწილში, რომ ოპოზიცია უმოქმედოა, ოპოზიცია უკანასკნელი 10 წელია ებრძვის ძალიან მძიმე მოწინააღმდეგეს, რომელიც პუტინის რეჟიმთან მჭიდრო კავშირშია”,- აღნიშნავს მელია.
კითხვაზე, როგორ შეაფასებს იმ ფაქტს, რომ ბურჯანაძეს კითხვები იმას იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად თანმიმდევრულია ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა და პარლამენტში დარჩენა, მელია განმარტავს: ” ეს საკითხი ბევრჯერ დამდგარა დღის წესრიგში. ამ ეტაპზე შესაძლებელია, რომ პოლიტიკური ბრძოლა გაიმართოს პარლამენტის მიღმა და პარლამენტის ფარგლებშიც. მსჯელობას წინ არაფერი უდგას”.