1. Home
  2. TOP სიახლე
  3. უნგრეთი ევროპას ძველი დიდების დაბრუნებას ჰპირდება – რას წერს „დოიჩე ველე“
უნგრეთი ევროპას ძველი დიდების დაბრუნებას ჰპირდება – რას წერს „დოიჩე ველე“

უნგრეთი ევროპას ძველი დიდების დაბრუნებას ჰპირდება – რას წერს „დოიჩე ველე“

149
0

გერმანული „დოიჩე ველე“ (Deutsche Welle) ევროკავშირში უნგრეთის თავმჯდომარეობის დაწყებას ეხმიანება და აქვეყნებს სტატიას სათაურით „უნგრეთი ევროპას ძველი დიდების დაბრუნებას ჰპირდება“ (ავტორები – ასია მილერი და ჟან როფე). „ბუდაპეშტის ევროპული დევიზი ძალიან ჰგავს აშშ-ის ექს-პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო მოწოდებას“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში და იქვე ხაზგასმულია: „უკრაინისადმი დახმარება უნგრეთისათვის პრიორიტეტული არ არის“.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

უნგრეთი, რომელიც რამდენიმე დღეში – ივლისიდან – ევროსაბჭოს თავმჯდომარე გახდება, ისარგებლებს ლოზუნგით Make Europe Great Again („გავხადოთ ევროპა ისევ დიდებული“ = „დავუბრუნოთ ევროპას ძველი დიდება“). თუ დავაკვირდებით, ბუდაპეშტის ლოზუნგი საკმაოდ ჰგავს დონალდ ტრამპის მოწოდებას ამერიკისათვის ძველი დიდების დაბრუნების თაობაზე. ამასთან, ბუდაპეშტის ევროპულ გეგმებში უკრაინისადმი დახმარებაზე ერთი სიტყვაც კი არ არის ნათქვამი.

„ჩვენი დევიზი გულისხმობს აქტიურ და პრაქტიკულ თავმჯდომარეობას – იმედს იმაზე, რომ ჩვენ ერთად უფრო ძლიერების ვიქნებით, ვიდრე განცალკევებულად და რომ ჩვენ შეგვიძლია დავრჩეთ ისეთებად, როგორებიც ვართ“, – განაცხადა იანოშ ბოკამ, ევროკავშირის საქმეების უნგრელ,ა მინისტრმა პრეს-კონფერენციაზე, რომელზეც მან თავმჯდომარეობის პროგრამა წარადგინა.

პრიორიტეტი: ბრძოლა არალეგალურ მიგრაციასთან

უნგრეთმა თავისი სამომავლო თავმჯდომარეობის პერიოდისათვის შვიდი პრიორიტეტი დაასახელა, რომელთა მისაღწევად ბუდაპეშტი ძალისხმევას არ დაიშურებს. ერთ-ერთ მათგანს არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა წარმოადგენს.

ბუდაპეშტის აზრით, უკანონო მიგრანტებთან ბრძოლა ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნის აქტიურ და ეფექტურ თანამშრომლობას გულისხმობს, რომ თავიდან იქნას აცილებული მიგრაციის წარმომშობი მიზეზები და წინასწარ იქნეს დადგენილი სავარაუდო ტრანზიტი. „მიგრაციის ზეწოლა ევროკავშირის ცალკეული წევრი ქვეყნებისათვის უდიდეს ტვირთს წარმოადგენს, განსაკუთრებით მათთვის, რომლებიც ევროკავშირის გარე საზღვრებზე მდებარეობენ“, – აღნიშნა იანოშ ბოკამ პრეს-კონფერენციაზე.

„უკრაინა უნგრეთის ჰორიზონტზე არ ჩანს“

„უნგრეთი, როგორც ევროსაბჭოს თავმჯდომარე, თავის ამოცანად ისახავს „დააბალანსოს“ ევროკავშირის გაფართოების პროცესები, კონკრეტულად კი „სამეულისათვის“ – უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოსთვის – კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების ფონზე ყურადღება მიაქციოს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებსაც“, – განაცხადა უნგრეთის წარმომადგენელმა ბალინთ ოდორმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, ბუდაპეშტი შეეცდება რაც შეიძლება მეტი მოლაპარაკება დაასრულოს დასავლეთ ბალკანეთის რეგიონის კანდიდატ ქვეყნებთან.

„დოიჩე ველეს“ კორესპონდენტის კითხვაზე, როგორი იქნება ევროკავშირის დამოკიდებულება რუსეთთან, რომელიც უკრაინასთან აგრესიულ ომს აგრძელებს, აგრეთვე უკრაინისადმი დახმარების საკითხთან მიმართებით, ბალინთ ოდორმა საკმაოდ ზოგადად  უპასუხა, რომ ბუდაპეშტი ყურადღებით დააკვირდება მოვლენების განვითარებას და როცა საჭირო და აუცილებელი იქნება, დღის წესრიგში განსახილველად ყველა აუცილებელ ასპექტს შეიტანს“.

ბრიფინგის დროს ჩამოთვლილ პრიორიტეტებს შორის შესიტყვება „უკრაინისადმი მხარდაჭერა“ არ გაჟღერებულა, მაგრამ ვრცლად იყო ლაპარაკი ისეთ სფეროებზე, როგორებიცაა ევროკავშირის კონკურენტუნარიანობა, ეკონომიკური ურთიერთობა მესამე ქვეყნებთან, თავდაცვითი პოლიტიკა, თანამშრომლობა იარაღის შესყიდვის სფეროში… მოკლედ, უნგრეთი განგებ არ აკეთებს აქცენტს უკრაინაზე და არ აკონკრეტებს, რით და როგორ დაეხმარება ევროკავშირი კიევს მისი თავმჯდომარეობის დროს.

წყარო