“უნგრეთი არ გეგმავს უკრაინაში ომის გამო რუსებისთვის სავიზო სანქციების დაწესებას”- პიტერ სიიარტო
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ უნგრეთი არ გეგმავს უკრაინაში ომის გამო რუსებისთვის სავიზო სანქციების დაწესებას. აღნიშნულის შესახებ პიტერ სიიარტომ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართულ სატელეფონო საუბარში განაცხადა.
„ჩვენ ასევე ვისაუბრეთ რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროპული ვიზების გაცემის პრაქტიკის გამკაცრების წინადადებაზე. აქ ჩვენ მხარს ვუჭერთ გერმანიის კანცლერის პოზიციას და არ ვაპირებთ რაიმე გამკაცრებას ან შეზღუდვას“, – განაცხადა სიიარტომ.
ამასთან, როგორც სიიარტო აცხადებს, ესტონეთი რუსეთის წინააღმდეგ ახალი პაკეტის ინიცირებას გეგმავს, რომელიც რუსეთის ენერგორესურსების იმპორტის სრულ აკრძალვას მოიცავს.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ უნგრეთი წინააღმდეგია რუსეთზე ენერგეტიკულ სექტორში რაიმე ახალი სანქციის დაწესების. მისი თქმით, მის სახელმწიფოს არ აქვს ნავთობისა და გაზის სხვა წყაროებიდან მიღების შესაძლებლობა, ამიტომ ქვეყანა უარს ამბობს ამ საკითხზე მოლაპარაკებების გამართვაზეც კი.
„ამჟამად ფიზიკურად შეუძლებელია უნგრეთის ნავთობითა და ბუნებრივი აირით უზრუნველყოფა რუსული ენერგორესურსების გარეშე. ჩვენ ხელს არ შევუწყობთ იმას, რომ უნგრელმა ხალხმა გადაიხადოს ომის საფასური“, – განაცხადა მინისტრმა.