ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ ტაიმსში" (Financial Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ვლადიმერ პუტინი - ნამდვილი გამარჯვებული შენჟენის სამმხრივ სამიტზე: ევროპა კრემლთან სერიოზული დიპლომატიისთვის უნდა მოამზადოს" (ავტორი - ალექსანდრე გაბუევი, აშშ-ის კარნეგის ფონდის „რუსეთისა და ევრაზიის ცენტრის" დირექტორი ბერლინში). „რუსეთის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ მას „მომგებიანი" მდგომარეობა აქვს. ვლადიმერ პუტინის რწმენას თავისი მიზეზები და საფუძველი აქვს", - აღნიშნულია მასალაში.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ოდესღაც დონალდ ტრამპი პირობას დებდა, რომ ვლადიმერ პუტინსა და სი ძინპინს - ამერიკის ორ მთავარ მოწინააღმდეგეს - „გაჰყრიდა" (ანუ ერთმანეთს დააშორებდა). თუმცა, დღეს მისი ფილოსოფია ასეთია: „თუ მათ ვერ სძლევ, შეუერთდი" - ისტორიაში პირველ სამმხრივ სამიტზე.

შენჟენში გამართული სანახაობა არ უკავშირდებოდა „იალტა-1945"-ის მონაწილე „დიდი სამეულის" „სულების გამოძახებას", იმ დროინდელი იდეების აღორძინებას ან რაიმე ახალი, არალიბერალური ღერძის ჩამოყალიბებას. მიზანი არც ის ყოფილა, რომ სამი პასუხისმგებლიანი ლიდერი დასხდებოდა, რათა საღი მსჯელობით განესაზღვრათ კონკურენციის ჩარჩოები მსოფლიოს უდიდესი ბირთვული არსენალების მქონე ქვეყნებს შორის. პირიქით, ეს იყო კიდევ ერთი ეპიზოდი იმ შემაშფოთებელი სერიისა, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ „კოლექტიური დასავლეთის დასასრული - ისეთის, როგორიც ჩვენ ვიცოდით".

სამიტის პრაქტიკული შედეგები, სადაც მთავარი აქცენტი ფოტოების გადაღებაზე კეთდებოდა, საკმაოდ უმნიშვნელოდ გამოიყურება, თუმცა შედარებით უმნიშვნელო შედეგებშიც შეიძლება ყველაზე მთავარი  და მნიშვნელოვანი გამოვარჩიოთ.

სი ძინპინმა მიიღო ტრიბუნა, საიდანაც კიდევ ერთხელ გააჟღერა თავისი საყვარელი თეზისები და თავი პასუხისმგებელ ლიდერად წარმოაჩინა. იმავდროულად, მან დაამშვიდა დონალდ ტრამპი და ჩინეთს დრო მოაგებინა გავლენის ბერკეტების გასაძლიერებლად.

დონალდ ტრამპი, როგორც ჩანს, კმაყოფილი იყო უკვე იმითაც, რომ სი ძინპინსა და ვლადიმერ პუტინთან ერთ მაგიდასთან იჯდა და საუბრობდა მისთვის საყვარელ თემებზე - მაგალითად, ბირთვული ომის თავიდან აცილების აუცილებლობასა თუ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ „უფლებამოსილების გადამეტებაზე".

ვლადიმერ პუტინი კი ნამდვილი ბენიფიციარია: პრაქტიკულად, მან გაიმარჯვა - რაც სურდა, იმას მიაღწია. კრემლის ბინადარისათვის სამიტისგან მიღებული სარგებელი მხოლოდ სიმბოლური არ არის. იგი დონალდ ტრამპს ორმხრივ ფორმატშიც შეხვდა და უზრუნველყო ის, რომ აშშ-ის პრეზიდენტს მომდევნო თვეებში რუსეთზე რეალური ზეწოლა არ მოეხდინა. ეს დროის მონაკვეთი კი გადამწყვეტია კრემლის „გამარჯვების თეორიის" გასაგებად.

რუსეთის პრეზიდენტის რწმენას საკუთარი „მომგებიანი" მდგომარეობის შესახებ თავისი მიზეზები აქვს:

პირველ რიგში იმიტომ, რომ მართალია, რუსეთი მზარდი ზეწოლის ქვეშაა, მაგრამ მას ჯერ კიდევ შესწევს უნარი, მოიძიოს საკმარისი რესურსები (ფინანსები, იარაღი და ცოცხალი ძალა) ომის გასაგრძელებლად მთელი მომავალი 2027 წლის განმავლობაში. გარდა ამისა, ფაქტია, რომ ვლადიმერ პუტინს ფრონტის ხაზზე არსებული რეალური ვითარების შესახებ სრულიად მცდარი წარმოდგენა აქვს (იგი დეზინფორმირებულია): რუსეთის ლიდერს ჰგონია, რომ მისი არმია წინ მიიწევს და უკრაინის ქალაქებს იკავებს. მას არანაირი საშუალება არ აქვს, რათა გაარღვიოს სიცრუის ის „წრე", რომელიც მისმა გენერლებმა და მათმა ხელქვეითებმა შეუქმნეს. ამას ემატება კრემლის უპირატესობა შორი მოქმედების დარტყმების კუთხით. მიუხედავად კიევის გაბედული თავდასხმებისა ქერჩის (ყირიმის) ხიდსა და რუსეთის უმეტეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, ვლადიმერ პუტინს შეუძლია უკრაინას გაცილებით დიდი ზიანი მიაყენოს. რუსული დარტყმები ანადგურებს უკრაინის ეკონომიკას - ქვეყნის საგადასახადო ბაზას, საბიუჯეტო  შემოსავლების საფუძველს - რითაც ზრდის იმ ფინანსურ ტვირთს, რომელიც ევროპის დედაქალაქებს მოუწევთ საკუთარ თავზე აიღონ. ისიც ცხადია, რომ დიდი ქალაქების განუწყვეტელი დაბომბვა ევროპაში ლტოლვილთა ახალ ტალღასაც იწვევს.

მეორე მიზეზი ისაა, რომ არსებობს ევროპის პოლიტიკური კალენდარიც - არჩევნების პერიოდი, ხელისუფლების ცვლა. დღეს ევროპაში უკრაინისთვის რესურსების მობილიზება ისედაც რთული ამოცანაა, მაგრამ სიტუაცია კიდევ უფრო გართულდება, თუ მომავალ გაზაფხულზე საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე ნაციონალისტი მარინ ლე პენი გაიმარჯვებს. შესაბამისად, ვლადიმერ პუტინს არ ექნება რეალური სტიმული, გარედან ზეწოლის სახით, რომ ზაფხულამდე სერიოზულ მოლაპარაკებებში ჩაერთოს. თანაც, ამის შემდეგაც არ არსებობს გარანტია, რომ რეალური დიპლომატიისთვის ხელსაყრელი პირობები შეიქმნება. რადგან მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები რუსეთს ბერკეტებს უქმნის, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვლადიმერ პუტინი დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას, როგორც არსებითი მოლაპარაკებების წინაპირობას. გარდა ამისა, არსებობს რისკი, რომ დონალდ ტრამპმა უკრაინის ძალისხმევა კიდევ უფრო გაართულოს იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტს, შეწყვიტოს აშშ-ის მხრიდან კრიტიკულად მნიშვნელოვანი მხარდაჭერა.

მთავარი პრობლემა ევროპელებისთვის - რომლებმაც შენჟენის „სამეულის" სამიტს  ბერლინში „მსურველთა კოალიციის" პარალელური სამიტი დაამთხვიეს - მხოლოდ კრემლში მყოფი ჯიუტი და ცბიერი მოწინააღმდეგე არ არის, რომელმაც საკუთარი ქვეყნის პრაგმატული ინტერესები იმპერიულ ნოსტალგიაზე გაცვალა. არანაკლებ რთული გამოწვევაა დონალდ ტრამპის ფაქტორი და მისი გარემოცვის არასერიოზული დამოკიდებულება ევროპელებისადმი.

ევროპას სჭირდება აშშ-ის კომპეტენტური ადმინისტრაცია, რომელიც ჩაწვდება არსებულ პრობლემებს, ექნება მკაფიო ხედვა, მოსკოვთან შეთანხმებების მიღწევის გამოცდილება და შეძლებს „დასავლური ბანაკის" ლიდერობას. საბოლოო ჯამში, მიუხედავად ევროპის სწრაფვისა შეიარაღების გაძლიერებისა და სტრატეგიული ავტონომიისკენ, რუსეთის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების რეალური მოგვარება ვაშინგტონის გარეშე შეუძლებელია. თუ თეთრ სახლის ამჟამინდელი ადმინისტრაცია ახალი, კომპეტენტური გუნდით არ შეიცვლება, არსებობს იმის დიდი ალბათობა, რომ მოლაპარაკებებს არავითარი შედეგი არ მოჰყვება - განსაკუთრებით მაშინ, როცა ორივე მხარეს - უკრაინასაც და რუსეთსაც - ჯერ კიდევ აქვს ბრძოლის გაგრძელების სურვილიც და რესურსებიც.

სიტუაცია, რომელშიც ევროპელი ლიდერები აღმოჩნდნენ, მათთვის საკმაოდ არასასიამოვნო და შეიძლება ითქვას, მძიმეც კი არის: მათ არა მხოლოდ უკრაინის მხარდაჭერის უწყვეტი ნაკადი უნდა უზრუნველყონ და კონტინენტი მოსალოდნელი პოლიტიკური რყევებისგან დაიცვან, არამედ მოსკოვთანაც რთული და დამქანცველი დიპლომატიური ურთიერთობა უნდა აწარმოონ. პარალელურად, მათ ვაშინგტონთანაც უნდა იმუშაონ, რათა ხელი შეუშალონ დონალდ ტრამპს თავისი რუსი კოლეგის ნარატივის გაზიარებაში და მოამზადონ ნიადაგი რეალური მოლაპარაკებებისთვის, როგორც კი ამის შესაძლებლობა გაჩნდება. სავარაუდოა, რომ ევროპელი ლიდერებისა და მათი მთავარი მრჩევლების რესურსები მთლიანად ყოველდღიური კრიზისების მართვას მოხმარდება.

სწორედ ამიტომ უაღრესად მნიშვნელოვანია, ევროპელებმა რესურსები მოიძიონ  კონტინენტის მეტი უსაფრთხოებისათვის და იმავდროულად დაფიქრდნენ რუსეთთან ურთიერთობების მომავალზე გულწრფელი და სტრატეგიული მსჯელობისთვის - საკითხი, რომელიც ბოლო დრომდე, დიდწილად, უყურადღებოდ რჩებოდა. ისინი უნდა შეეცადონ, რომ მიაღწიონ კონსენსუსს ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის თვალსაზრისით, რაც, ერთი მხრივ, უკრაინის გადარჩენას უზრუნველყოფს, ხოლო, მეორე მხრივ, რუსეთთან შედარებით უფრო ფართომასშტაბიანი ომის რისკებს შეამცირებს.

ევროპელების ძალისხმევაში მათი პარტნიორებად შეიძლება იქცნენ შეერთებული შტატების ის პოლიტიკური ფიგურები, რომლებიც, შესაძლოა, მომავალ ადმინისტრაციაში აღმოჩნდნენ. საბოლოო ჯამში, ამერიკელებს - ორივე პოლიტიკური ბანაკიდან - კრემლთან უსაფრთხოების რთული ხელშეკრულებების გაფორმების ისეთი გამოცდილება აქვთ, რაც ევროპელებს არ გააჩნიათ. მსგავსმა პროცესმა შესაძლოა ატლანტიკის ოკეანის ორივე მხარეს მყოფ ლიდერებს ისეთი სტრატეგია შესძინოს, რომელიც მისაღებ მიზნებს რეალისტურ საშუალებებთან დააკავშირებს.

სამწუხაროა, რომ ომი ამდენ ხანს გრძელდება. კიდევ უფრო მტკივნეული იქნება იმის გაგება, რომ 2029 წლის იანვარში [როცა დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ვადა ამოიწურება], დასავლეთს ომის დასრულებისთვის სერიოზული გეგმა ჯერ კიდევ არ ექნება.

 

 

წყარო: