„ვინ გაიმარჯვა სინამდვილეში შენჟენის „სამმხრივ შეხვედრაზე"? - ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ ჟურნალ The Spectator-ში გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორი, პოლიტიკური მიმომხილველი ფრედი გრეი შენჟენში გამართული ჩინეთის, რუსეთისა და აშშ-ის მეთაურების სამიტის მნიშვნელობაზე მსჯელობს: მთავარი, რასაც ლიდერებმა მიაღწიეს, მათი შეხვედრის სიმბოლურობაშია გამოხატული - რადგან „ძლიერნი ამა სოფლისა" ერთად არიან, ესე იგი, ეს ფაქტი იმის სიმბოლოა, რომ მსოფლიო „საიმედო ხელშია". ყოველ შემთხვევაში, ისინი ანი ბირთვული ზემძლავრი სახელმწიფოები ასე ფიქრობენ და სხვებს ყურადღებას არ აქცევენ - ვისაც რა უნდა, ის თქვას...
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
მასშტაბური საერთაშორისო სამიტები, როგორც წესი, სიახლეების კუთხით საკმაოდ უფერული ღონისძიებებია - მათი უმრავლესობა არ მთავრდებიან მოულოდნელი და საოცარი გადაწყვეტილებებით - მაშინაც კი, როდესაც საქმე ეხება დონალდ ტრამპის, სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის სახიფათოდ ძლიერ კომბინაციას. არც გასულ კვირას, შენჟენში გამართულ აშშ-ჩინეთ-რუსეთის ლიდერთა „სამმხრივ შეხვედრას" არ მოუტანია რაიმე განსაკუთრებული სიურპრიზები.
როგორც მოსალოდნელი იყო, პრეზიდენტებმა განიხილეს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობასთან დაკავშირებული საკითხები და შეიარაღებაზე კონტროლი - რაც, უნდა ითქვას, ჩინეთის კომუნისტური პარტიისთვის გარკვეულ სიახლეს წარმოადგენდა. პეკინს სულ რაღაც 600 ბირთვული ქობინი აქვს, მაშინ როდესაც რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს - დაახლოებით 5 000 თითოეულს. თანაც, ჩინეთი არასდროს ყოფილა New START-ის (სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ ხელშეკრულების) რეჟიმში.
თუმცა, კაცმა რომ თქვას, არაფერი არ არის რაიმე შოკისმომგვრელი არც მსოფლიო ლიდერების მიერ გამოქვეყნებულ ერთობლივი დეკლარაციაში, რომლის თანახმადაც „ბირთვულ ომში გამარჯვება შეუძლებელია და ის არასდროს არ უნდა დაიწყოს". ეს განცხადება კეთდება იმ ფონზე, როდესაც რუსი მაღალჩინოსნები არაერთხელ მიანიშნებენ, რომ უკრაინის წინააღმდეგ ტაქტიკური ბირთვული დარტყმის განხორციელება სრულიად შესაძლებელია.
და მაინც დეკლარაციაში უკრაინასა და ირანთან დაკავშირებით, რომლებიც ჩვენი დროის ყველაზე დესტაბილიზაციის გამომწვევ კონფლიქტებს წარმოადგენს, არანაირი ოფიციალური განცხადება თუ პირობა არ გაკეთებულა. დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ სი ძინპინთან შეთანხმდა ჰორმუზის სრუტის ღიად დატოვებაზე, ხოლო ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ჩინეთსაც, ისევე როგორც მას, სურთ იმ ომის დასრულება, რომელიც თავადვე წამოიწყო.
ზოგადად, ასეთი შეკრებების მთავარი არსი მათ სიმბოლურობაშია: ვლადიმერ პუტინმა შენჟენის სამიტზე მსოფლიოს ორი უძლიერესი ზესახელმწიფოს ლიდერის გვერდით ყოფნაში (ჯდომაში) მიიღო ის აღიარება, რომლისკენაც, როგორც ჩანს, ასე ძლიერ მიისწრაფვოდა. ამ სამმხრივმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მოსკოვისთვის სასურველი ნარატივი „ცივი ომის შემდგომი პერიოდის" წესრიგის შესახებ: „ჩვენ უკვე ვცხოვრობთ მულტიპოლარულ (მრავალპოლუსიან) სამყაროში, სადაც „ამერიკული ექსცეპციონალიზმი" (ანუ აშშ-ის განსაკუთრებული როლი) განმსაზღვრელი პრინციპი აღარ არის.
სი ძინპინმა ისაუბრა „ჰარმონიულ" ურთიერთობებზე ზესახელმწიფოებს შორის; აღნიშნა, რომ საუბარი იყო „კონსტრუქციული" და ხაზი გაუსვა სამივე სახელმწიფოს მიერ დიალოგის ახალი არხების შექმნის აუცილებლობას.
გარდა ამისა, სამმა სახელმწიფომ ნავთობპროდუქტების ფასების შემცირების მიზნით თანამშრომლობის პირობა დადო, თუმცა ბაზრის რეაქცია ამ სიახლეზე, საუკეთესო შემთხვევაში, ძალიან სუსტი იყო.
მომდევნო მნიშვნელოვანი მოვლენა 14 დეკემბერს, ფლორიდაში დაგეგმილი „დიდი ოცეულის" (G20) შეხვედრა იქნება, რომელიც, შესაძლოა, აშშ-სა და ჩინეთს შორის არსებული ურთიერთობების შესახებ მეტ ინფორმაციას მოგვაწვდის. შეხვედრა პრეზიდენტის ერთ-ერთ გოლფის კლუბში - მაიამიში მდებარე „ტრამპ ნეიშენელ დორალში" (Trump National Doral) - გაიმართება, ამიტომ დონალდ ტრამპისთვის დამახასიათებელ დიპლომატიურ „შოუებს" უნდა ველოდოთ.
მომდევნო დღეებში, სავარაუდოდ, გამოჩნდება, თუ რა ეტაპზეა ტრამპის გუნდისა და პუტინის მოლაპარაკებები უკრაინის ომთან დაკავშირებით. ევროპელი ლიდერები, ბუნებრივია, უკმაყოფილონი არიან იმით, რომ პროცესს პრაქტიკულად ჩამოაშორეს; თუმცა, მათთვის გარკვეული შვებაა ის ფაქტი, რომ ჩინეთი, როგორც ჩანს, მეტ-ნაკლებად იზიარებს ევროკავშირის პოზიციას სამშვიდობო შეთანხმების პირობებთან დაკავშირებით.
ამ მიმართულებით აქტიურობდნენ აშშ-ის მეთაური სპეციალური წარმომადგენლები - სიძე ჯარედ კუშნერი და მეგობარი სტივ უიტკოფიც. შენჟენის შეხვედრის პარალელურად, ბერლინში გამართულ უკრაინის დახმარების „მსურველთა კოალიციის" (Coalition of the Willing) სამიტზე მათ ხაზი გაუსვეს, რომ უკრაინის საკითხში დონალდ ტრამპს ევროპის მხარდაჭერის იმედი აქვს და არ აპირებს რაიმე გადაწყვეტილების ცალმხრივად თავს მოხვევას. ჯარედ კუშნერმა ისიც კი მიანიშნა, რომ რუსეთისთვის, შესაძლოა, მისაღები იყოს უკრაინის უსაფრთხოების ისეთი მოდელი, რომელიც ნატოს მე-5 მუხლის პრინციპს ეფუძნება.
თუმცა, ძნელი წარმოსადგენია ისეთი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა, რომლის დროსაც ევროპელები, ბრიტანელები და უკრაინელები თავს გარიყულად და ნაწყენად არ იგრძნობენ. ამის ნათელი მაგალითია ის შოკისმომგვრელი რეაქციები, რომლებიც დონალდ ტრამპის მიერ ვლადიმერ პუტინისადმი „ჩემი მეგობრის" წოდებას მოჰყვა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა „ტვიტერზე" დაწერა: „ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან". დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა კი აღნიშნა: „ვფიქრობ, დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ვლადიმერ პუტინი კიდევ უფრო გათამამდება. ის ბედნიერი ჩანს. სამწუხაროდ, ეს არ არის კარგი ნიშანი მსოფლიო მშვიდობისთვის და არც უკრაინისთვის".
რაც შეეხება დონალდ ტრამპს, ჯარედ კუშნერსა და სტივ ვიტკოფს, მათთვის სამართლიანობა და მშვიდობა ერთი და იგივე ცნებები არ არის. შესაბამისად, კონფლიქტის მოგვარების ხარვეზიანი გზაც კი მათთვის საერთოდ არანაირ გადაწყვეტილებას სჯობს. ვნახოთ, გამოიყენებენ თუ არა ისინი მსგავს მიდგომას ირანთან დაკავშირებითაც.

