ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ ტაიმსის" (Financial Times) 8 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რას ნიშნავს დემოკრატიული კონგრესი უკრაინისთვის" (ავტორები - ემი მაკინონი და ფაბრის დეპრე). „რამდენადაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზე კონტროლს ინარჩუნებს, შუალედური არჩ ევნების შემდეგ დემოკრატი კანონმდებლები შეეცდებიან თავიანთი მეთოდებით ისარგებლონ უკრაინისათვის დახმარების გაწევის მიზნით", - ნათქვამია მასალაში. რამდენად მოახერხებენ კონგრესი დემოკრატი წევრები განზრახვის შესრულებას?


გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

 

მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკურმა პარტიამ შუალედურ არჩევნებში კრახი განიცადა, თეთრი სახლის ადმინისტრაცია რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის მცდელობებს აგრძელებს. ამ კვირაში აბუ-დაბიში დაგეგმილ მოლაპარაკებაში მონაწილეობას რუსეთის, აშშ-სა და უკრაინის წარმომადგენლები მიიღებენ. იბადება კითხვა: რას ფიქრობენ დემოკრატები - როგორ დაეხმარებიან ისინი უკრაინას ომის გაგრძელების შემთხვევაში?

 

ახლა, როცა დემოკრატიული პარტიის წევრები კონგრესის ორივე პალატაში უმრავლესობას შეადგენენ, კანონმდებლები შეეცდებიან უკრაინას აქტიურად და ქმედითად დაეხმარნონ - ისარგებლონ უფლებამოსილებით საბიუჯეტო სახსრების განაწილებისა და მათი ხარჯვის კონტროლის სფეროში. ერთ-ერთი ჩინოვნიკის თქმით, რომელიც წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტში თანაშემწედ მუშაობს, დემოკრატები მოამზადებენ ახალ პაკეტს კიევისათვის სამხედრო დახმარების გასაწევად - დაახლოებით 15 მილიარდი დოლარის ოდენობით.

დემოკრატებმა არჩევნებში ისეთ დროს გაიმარჯვეს, როცა უკრაინას ძალიან უჭირს - მთავრობა და მოსახლეობა მკაცრი ზამთრის წინაშე დგას, რომელიც მთელი ომის განმავლობაში ყველაზე მძიმე იქნება. რუსები ბალისტიკური რაკეტებით და რეაქტიული დრონებით ყოველდღიურად ბომბავენ უკრაინის ეკონომიკურ ობიექტებს, კიევს კი მათ ჩამოსაგდებად „პეტრიოტის" ანტირაკეტები არ ჰყოფნის.

უკრაინის მომხრეებს იმედი აქვთ, რომ გარკვეულწილად ისარგებლებენ ე.წ. „კოჭლი იხვის" პერიოდითაც, სანამ ახალი კონგრესი მუშაობას შეუდგება, იანვარში. ისინი მოამზადებენ კანონპროექტებს, რათა დრო არ გააჭიანურონ და სხდომების დაწყებიდანვე უკრაინას დახმარება ოპერატიულად გაუწიონ.

„ჩვენი პრიორიტეტების სიაში ენერგოდახმარებას ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უკავია", - ამბობს ერთ-ერთი დემოკრატი კონგრესმენის ერთ-ერთი თანაშემწე.

დიდი ალბათობით, დემოკრატი კანონმდებლები თავიანთი განზრახვის შესასრულებლად, უკრაინის დახმარების მიზნით, ინსტრუმენტის სახით გამოიყენებენ ყოველწლიურ კანონს საბიუჯეტო ასიგნებების თაობაზე ეროვნული თავდაცვის საჭიროებებისათვის (NDAA), რომელიც კონგრესის ამჟამინდელი შემადგენლობის უფლებამოსილების გასვლამდე უნდა იქნას განხილული.

როგორც მელინდა ჰარინგი, საზოგადოებრივი ორგანიზაცია Razom for Ukraine-ს („ერთად უკრაინისათვის") ხელმძღვანელი, აცხადებს, „ველოდები, რომ უკრაინის მომხრე კონგრესმენები  NDAA-ს კანონის საფუძველზე რიგ პროუკრაინულ ძალისხმევებს განახორციელებენ - სანქციებს გაამკაცრებენ, სტაბილურს გახდიან სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას, მისცემენ „პეტრიოტის" რაკეტა-დამჭერებს, უზრუნველყოფენ  მომსახურების გაწევას Starlink-ით და Starshield-ით".

დემოკრატების ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება ცვლილებების შეტანა რუსეთის წინააღმდეგ გამოცხადებული სანქციების კანონში, რომელიც აწ განსვენებული სამხრეთკაროლინელი დეპუტატის ლინდსი გრემის სახელს ატარებს და რომელსაც ფართო ორპარტიული მხარდაჭერა აქვს.

თუმცა მასში არის დებულებები, რომლითაც დონალდ ტრამპმა კანონზე ხელმოწერისთანავე ისარგებლა - აშშ-ის „ეროვნული ინტერესების" საფუძველზე რუსეთს ენერგოშეზღუდვები მოუხსნა და ვლადიმერ პუტინისაგან დიზელის საწვავი შეისყიდა. შეიძლება ითქვას, რომ პრეზიდენტმა კანონის მოქმედება ნულამდე დაიყვანა. „ჰოდა, ამიერიდან ჩვენ ამ დებულებებს გავასწორებთ", - თქვა დემოკრატი კონგრესმენის ერთ-ერთმა თანაშემწემ.

რასაკვირველია, დემოკრატებს ორივე პალატაში ორმესამედიანი უმრავლესობა არ ჰყავთ, ამიტომ ისინი ხელს ვერ შეუშლიან პრეზიდენტს საკანონმდებლო ინიციტივებზე ვეტოს დადებაში, თუ ამ საქმისთვის ისინი დამატებით რესპუბლიკელებს არ გადაიბირებენ, რაც ძალიან რთულია და თითქმის შეუძლებელიც. სამაგიეროდ, დემოკრატს კანონმდებლებს შეუძლიათ კონტროლი გააძლიერონ  თანამგზავრულ საკომუნიკაციო ქსელ Starlink-ზე, რომელიც ბოლო დროს შეფერხებებით მუშაობს და უკრაინის არმიის დანაკარგებს იწვევს. ნიშანდობლივია, რომ „სტარლინკის" ქსელი რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერ ილონ მასკს ეკუთვნის. სენატის ახლადარჩეული დემოკრატი წევრის თანაშემწის თქმით, საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტმა ილონ მასკს უკვე გაუგზავნა წერილი და მოითხოვა, რომ „სტარლინკის" შეფერხებების თაობაზე ყველა მასალა და დოკუმენტი მომზადებული იქნას მათი შემოწმების მიზნით. გარდა ამისა, იგივე კომიტეტი ამზადებს მიმართვას ნავსადგურების, ბანკებისა და სხვა ორგანიზაციებისადმი, რომლებიც დონალდ ტრამპის გარიგებაში მონაწილეობენ რუსული დიზელის საწვავის შესყიდვასთან დაკავშირებით. ასევე დემოკრატებს განზრახული აქვთ გამოიძიონ პრეზიდენტის ოჯახის წევრების და მათთან დაახლოებული პირების კომერციული ინტერესები (ჯარედ კუშნერისა და სტივ უოტკოფის საქმიანობის ჩათვლით) და ამ მიზნით მოწმეები გამოიძახონ. (...)

უკრაინა დიდი ხნის განმავლობაში სარგებლობდა ორივე პარტიის მხარდაჭერით კონგრესში, მაგრამ ამჟამად ის რესპუბლიკელები, რომლებიც კიევის დასახმარებლად აქტიურად იღწვოდნენ, მათ შორის სენატორები ტომ ტილისი, მიტჩ მაკკონელი და სიუზან კოლინზი, ან პენსიაზე გადიან, ან არჩევნებში დამარცხდნენ და წლის ბოლომდე კონგრესიდან წავლენ. დემოკრატებისათვის ახალი მხარდამჭერების ძიება რესპუბლიკელთა რიგებში ძალიან მნიშვნელოვანია იმ შემთხვევისათვის, თუ რომელიმე პროუკრაინული საკითხის გადაწყვეტას კვალიფიციური უმრავლესობა დაჭირდება ხმების ორი მესამედის სახით, პრეზიდენტის ვეტოს გადასალახავად.

იმავდროულად უკრაინა ცდილობს ფრთხილად იმოქმედოს: ვოლოდიმირ ზელენსკი ინტერვიუში, რომელიც ხუთშაბათს გამოქვეყნდა, აცხადებს, რომ იმედი აქვს კონგრესის ახალი შემადგენლობა განაახლებს საკითხების განხილვას უკრაინისათვის პერსპექტიული დახმარების გასაწევად - ფინანსებისა და შეიარაღების გადაცემის სახით.

„არ ვფიქრობ, რომ რაიმე კარდინალურად შეიცვლება - საგარეო პოლიტიკის გატარება ხომ ძირითადად პრეზიდენტის პრეროგატივას წარმოადგენს", - აცხადებს ალექსანდრე მერეჟკო, უკრაინის მმართველი პარტიის „ხალხის მსახურის" წევრი, ვერხოვნა რადას კომიტეტის თავმჯდომარე საგარეო პოლიტიკის საკითხებში, - მე მხოლოდ იმედი მაქვს, რომ სიტუაცია კიდევ უფრო არ გაუარესდება და რომ აშშ კიდევ არ მოუხსნის რუსეთს სანქციებს და მასთან გარიგებებს არ დადებს".

 

წყარო: