1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “უკრაინაში ევროპული “საღვთო კავშირი” ირღვევა – ევროპელი მოკავშირეები კიევს არასაკმარისად ეხმარებიან”- Le Figaro
“უკრაინაში ევროპული “საღვთო კავშირი” ირღვევა – ევროპელი მოკავშირეები კიევს არასაკმარისად ეხმარებიან”- Le Figaro

“უკრაინაში ევროპული “საღვთო კავშირი” ირღვევა – ევროპელი მოკავშირეები კიევს არასაკმარისად ეხმარებიან”- Le Figaro

443
0

ფრანგულ გაზეთ „ლე ფიგაროში“ (Le Figaro) გამოქვეყნებულია სტატია-რეპორტაჟი სათაურით „უკრაინაში ევროპული „საღვთო კავშირი“ ირღვევა: ევროპელი მოკავშირეები კიევს არასაკმარისად ეხმარებიან“ (ავტორი – პატრიკ სენ-პოლი).

მასალაში განხილულია უკრაინაში შექმნილი სიტუაცია, 2024 წლის იანვრის მდგომარეობით.

პუბლიკაცია იწყება ხარკოვის ერთ-ერთი სასაფლაოს აღწერით, სადაც უკრაინის დროშიანი ახალი საფლავები მრავლად მოჩანს. ეს იმას მიუთითებს, რომ მათში ომში დაღუპული ჯარისკაცები არიან დაკრძალული. მსგავსი სასაფლაოები უკრაინაში ძალიან ბევრია. ყველგან დაინახავთ ახალგაზრდა ქვრივ ქალებს, დედებს, რომლებიც ქმრებს და შვილებს დასტირიან“. შემდეგ კი ავტორი განიხილავს იმ გავლენის შედეგებს, რასაც რუსეთ-უკრაინის ომის ახდენს მსოფლიო პოლიტიკაზე.
გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

„უკრაინის ომი გავლენას მთელ მსოფლიოზე ახდენს და განსაკუთრებით ევროპაზე – ომი ევროკავშირს ღრმა კრიზისით ემუქრება. უკრაინის ომმა იმავდროულად ნატოს აღორძინების პროვოცირება და ევროკავშირის გაფართოების დაჩქარებაც მოახდინა. ევროპაში ნეიტრალური ქვეყნების რაოდენობა შემცირდა – ფინეთი და შვედეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაერთიანდნენ.

ამასთან, აშშ-ში უკვე ჩანს უკრაინის ომისადმი განუწყვეტელი მხარდაჭერით გამოწვეული დაღლილობა, რომელიც, პრინციპში, მოსალოდნელიც იყო. მიუხედავად იმისა, აშშ-ში და მის მეზობელ კანადაშიც უკრაინული ლობი ყოველთვის არსებობდა და განსაკუთრებით ბოლო წლებში, რუსეთ-უკრაინის ომი ამერიკელთა საზოგადოებრივ აზრში მთავარ თემად არ გადაქცეულა.
ევროპაში სხვაგვარი სიტუაცია არის შექმნილი, ორი მიზეზის გამო: პირველი, რომ ომი, ფაქტობრივად ევროპის ახლოს, უფრო ზუსტად – მის ფარგლებში (აღმოსავლეთ ნაწილში) მიმდინარეობს და მეორე – ევროკავშირი, მართალია, უნიფიცირებული ორგანიზაციაა, მაგრამ მაინც სხვადასხვა სამხედრო-პოლიტიკური ინტერესების მქონე ქვეყნებისაგან შედგება.

ევროკავშირს მანევრირების ფართო შესაძლებლობა არ აქვს. ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ „ჯვაროსნული ლაშქრობის“ დროშებით წავიდა, მაგრამ ამერიკული დამცავი ქოლგის იმედით. ევროპამ მთლიანად გამოიყენა ის ინსტრუმენტები, რაც მას გააჩნია: ათზე მეტი ანტირუსული სანქციური პაკეტი, იარაღის მიწოდება (თუნდაც თავისის რეზერვების შემცირებისა და უსაფრთხოების საზიანოდ), ფინანსური დახმარება და ბოლოს, ევროკავშირის გაფართოება.

რუსეთისა და მისი მიდგომების უკეთ გაგებისათვის უნდა გავიხსენოთ ალექსანდრე სოლჟენიცინი, რომელიც წერდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსკოვისათვის კავშირების შენარჩუნება სლავურ რესპუბლიკებთან – უკრაინასთან და ბელარუსთან. ამგვარი კავშირის საფუძველი განპირობებული იყო სულიერი ერთობის აღდგენის აუცილებლობით, ანუ ისეთი წინამძღვრების შექმნაში, რომელიც საჭიროა რუსეთის ჭეშმარიტი აღორძინებისთვის.

ის, რაც რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობას აკლდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, გამოიხატებოდა იმით, რომ არ არსებობდა ერთობლივი ძალისხმევა ახალი ეპოქისადმი ადაპტაციისათვის, კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. არ არსებობდა აგრეთვე გულწრფელი სწრაფვა რეალური განმუხტვისა და თანამშრომლობისთვის. ცივი ომის დროინდელი ყოფილი მეტოქეები, იდეოლოგიური ბარიერის გაქრობის მიუხედავად, მაინც ისევ მოწინააღმდეგეებად დარჩნენ. ამაში დამნაშავეა დასავლეთიც, რომელიც თავისი ვიწრო ინტერესების და პოლიტიკური იდეოლოგიის ტყვე გახდა.
კრემლი დასავლეთს ადანაშაულებდა იმაში, რომ ნატოს თავისი ბაზების განთავსება რუსეთის ახლოს სურდა და ცდილობდა მისთვის თავს მოეხვია საკუთარი ხედვები, თავისი ეკონომიკური დომინირება და ე.წ. „შერჩევითი“ საერთაშორისო სამართალი.

დასავლეთისა და რუსეთის დაპირისპირება განსაკუთრებით უკრაინის ომში გამოიხატა და ახლა, მისი დაწყებიდან ორი წლის შემდეგ, როგორც ჩანს, ბალანსის მაჩვენებელი სასწორის პინა რუსეთის სასარგებლოდ გადაიხარა.
ოტო ფონ ბისმარკს რუსეთის შესახებ საკმაოდ ცნობილი გამონათქვამი აქვს: „რუსეთი არასოდეს ისეთი ძლიერი ან არასოდეს ისეთი სუსტი არ არის, როგორც ჩვენ გვგონია“. რუსეთის სამხედრო ისტორიაში არცთუ იშვიათია მაგალითები, როცა სამხედრო კამპანია მარცხით დაწყებულა, მაგრამ საბოლოოდ მაინც გამარჯვებით დასრულებულა. რუსეთი დღესაც ახდენს უდიდეს გავლენას მსოფლიოს მდგომარეობაზე და ამიტომ აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა შეცდა, როცა რუსეთი რეგიონული სახელმწიფოს რანგში გადაიყვანა.
ამჟამად რუსეთში რევოლუციის მომზადების არავითარი ნიშნები არ ჩანს.

ვლადიმერ ლენინის, ბოლშევიკთა ლიდერის ცნობილი გამონათქვამი რომ შევაბრუნოთ, რევოლუციური სიტუაცია არ დამდგარა: საზოგადოების ზედაფენას ჯერ კიდევ შეუძლიათ მართვა, ქვედაფენებს კი ჯერ-ჯერობით არაფრის შეცვლა არ სურთ“.

უკრაინის არმიის 2023 წლის ზაფხულის კონტრშეტევის ჩაშლისა და რუსეთის ეკონომიკის ადაპტაციისა და მისი „სამხედრო რელსებზე გადასვლის“ შემდეგ, საეჭვოა რომ კრემლმა უკრაინაში ომი წააგოს. უფრო მეტიც – რუსეთი ომის გაჭიანურებაზეც თანახმაა – იმიტომ, რომ პრობლემების გადალახვა კარგ ცხოვრებას მიჩვეულ დასავლეთს უფრო გაუჭირდება, ვიდრე რუსეთს, რომელსაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბევრი უბედურება აქვს გამოვლილი. კრემლის ანტიდასავლური პროპაგანდა და დიპლომატია წარმატებით მუშაობს „გლობალური სამხრეთის“ ქვეყნებში.

რუსეთ-უკრაინის ომის შესაჩერებლად მსოფლიოს ბევრი ქვეყანა მუშაობს – როგორც „გლობალური სამხრეთიდან“, ასევე ნატოდანაც – მაგალითად, თურქეთი, უნგრეთი… თუმცა ომის შეწყვეტა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული აშშ-ის მხარდაჭერაზე უკრაინის მიმართ და 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე.

სხვათა შორის, ომით დიდი სარგებელი მიიღო თვითონ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა – ენერგეტიკის სფეროში: რადგან ევროპა რუსული გაზის გარეშე დარჩა, მისი ადგილი ამერიკულმა თხევადმა გაზმა დაიკავა.
ევროკავშირმა ფრიად საკამათო გადაწყვეტილება მიიღო, როცა უკრაინას წევრობის კანდიდატის სტატუსი მინიჭა (ეს ეხება მოლდოვას და საქართველოსაც). ამ ქვეყნებს დიდი ფულადი და მატერიალური დოტაცია დასჭირდებათ, განსაკუთრებით უკრაინას, რაც ძალიან რთული და მძიმე იქნება ევროკავშირის ქვეყნების ბიუჯეტებისათვის.
რუსეთ-უკრაინის ომის ერთ-ერთი შედეგი ევროკავშირის შიგნით მომხდარი რევოლუცია იქნება: „ევროკავშირის მამების ხედვა უკვე მკვდარია. და თუ ორგანიზაცია ჯერ კიდევ ინარჩუნებს ერთიანობას, ეს მოკლევადიან სარგებლებს და ბრექსიტის ნეგატიურ შედეგებს უკავშირდება – კონტინენტურმა ევროპამ დაინახა, თუ რა პრობლემები გაუჩნდა დიდ ბრიტანეთს.

ვლადიმერ პუტინმა გაბედა და ევროპაში საზღვრების ცვლილებებზე არსებული ტაბუ დაარღვია. კრემლმა კვლავ გააქტიურა პრინციპი, რომლის თანახმად, „ომი არის პოლიტიკის გაგრძელება სამხედრო საშუალებებით“. ადრე აღნიშნულ ტაბუს ნატოს ქვეყნები არღვევდნენ, მათ შორის უპირატესად ამერიკის შეერთებული შტატები, როცა სერბეთს და ერაყს ბომბავდნენ. ამიტომაც უახლოეს წლებში ასეთი შემთხვევები გახშირდება.

ჯერ-ჯერობით, ურღვევი რჩება ერთადერთი ტაბუ – ბირთვული იარაღის გამოყენება, მაგრამ, როგორც ჩანს, ალბათ, ისიც დაირღვევა და შესაძლოა არა რუსეთის მიერ.

წყარო: