ეს არის უკიდურესად გაბოროტებული და ხელმოცარული ადამიანის საკუთარ მოქალაქეებზე გადმოფრქვეული ღვარძლი. ეს სიტყვები ამ ადამიანის შინაგან სამყაროს აშიშვლებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა გიგი უგულავასთან დაკავშირებით განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“კამპანია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მიმდინარეობს ადამიანების დაბულინგება.
„ეს ის კლასიკაა, რითაც „ნაცმოძრაობა“ სახელმწიფოს მართავდა. მაშინ საშუალება ჰქონდათ, რომ ვინც არ ეთანხმებოდა, ის ციხეში ჩაეგდოთ და მისთვის ქონება წაერთმიათ. ამას დღეს ვეღარ აკეთებენ, მაგრამ თავისუფლების მონაპოვარი მედიითა და სოციალური ქსელით სარგებლობენ და ზუსტად იმავეს აკეთებენ, ოღონდ უკვე ფსიქოლოგიური ზეწოლის თვალსაზრისით. უგულავას მსგავს ზონდერებს ჩვენი ერთობა უნდა დავანახოთ“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის: პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ 29 აპრილს დაანონსებულ შეკრებასთან დაკავშირებით განაცხადა: „29 აპრილს ვუყუროთ, როგორ ჩამოიყვანენ გოდრებით ხალხს, როგორ მიატოვებენ უსინდისო პედაგოგები მოწაფეებს, როგორ ჩამოიყვანენ „ალკოჰოლიკებს“ რაიონებიდან, მოაოხრებენ ქალაქს“.