1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ახალი ადგილი Trump Tower-ისთვის – ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, რომელიც რუსეთს უახლოვდება-თბილისური ცათამბჯენი დაგეგმილია აიგოს იმ ადგილზე, რომელიც ამერიკული სანქციების ქვეშ მყოფი ქართველი მილიარდერის ფონდისაგან არის ნაყიდი -The Wall Street Journal
“ახალი ადგილი Trump Tower-ისთვის – ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, რომელიც რუსეთს უახლოვდება-თბილისური ცათამბჯენი დაგეგმილია აიგოს იმ ადგილზე, რომელიც ამერიკული სანქციების ქვეშ მყოფი ქართველი მილიარდერის ფონდისაგან არის ნაყიდი -The Wall Street Journal

“ახალი ადგილი Trump Tower-ისთვის – ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, რომელიც რუსეთს უახლოვდება-თბილისური ცათამბჯენი დაგეგმილია აიგოს იმ ადგილზე, რომელიც ამერიკული სანქციების ქვეშ მყოფი ქართველი მილიარდერის ფონდისაგან არის ნაყიდი -The Wall Street Journal

0

„ახალი ადგილი Trump Tower-ისთვის – ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, რომელიც რუსეთს უახლოვდება // თბილისური ცათამბჯენი დაგეგმილია აიგოს იმ ადგილზე, რომელიც ამერიკული სანქციების ქვეშ მყოფი ქართველი მილიარდერის ფონდისაგან არის ნაყიდი“ – ასეთი სათაური აქვს ამერიკულ გაზეთ „უოლ სთრით ჯორნელში“ (The Wall Street Journal) 13 სექტემბერს გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორები ელიოტ ბრაუნი და ევან გორშკოვიჩი  ქართველი დეველოპერებისა და აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ოჯახის ბიზნეს-კონტაქტებია გაანალიზებული. რა მიზანი აქვს თბილისში ცათამბჯენების აშენებას Trump Organization-ის ბრენდით?

 

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

 

ბოლო წლებში სამხრეთკავკასიური ქვეყნის – საქართველოს თბილი ურთიერთობები აშშ-სთან გაცივდა: ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ მკაცრი ზომები მიიღო განსხვავებული აზრის ჩასახშობად და ვლადიმერ პუტინის რუსეთთან დაახლოების გზას დაადგა. მაგრამ ერთ-ერთი ამერიკული კომპანია ამ ცვლილებებმა ვერ შეაჩერა. ეს არის კომპანია  Trump Organization.

 

ამ კვირაში ქართველი დეველოპერების ჯგუფი თბილისში გეგმავს სარეკლამო პროექტის Trump Tower-ის გაშვებას, რომელიც ითვალისწინებს ცათამბჯენის ვიზუალიზებას და რომელიც ქვეყანაში შეიძლება ყველაზე მაღალი შენობა გახდეს. მაისის თვეში ქართულმა საინვესტიციო ფირმებმა დონალდ ტრამპის კომპანიასთან ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც 70-სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობისას მილიარდერის ოჯახური ბრენდით სარგებლობას ითვალისწინებს.

 

ამჟამად Trump Tower-ის საზღვარგარეთული პროექტები ერთგვარ ბუმს განიცდიან: ბოლო სამი წლის განმავლობაში კერძო დეველოპერები – აბუ დაბიდან დაწყებული, მალდივითა და ვიეტნამით დამთავრებული – რიგში ჩადგნენ იმისთვის, რომ თავიანთი სასტუმროებისა და გოლფის სათამაშო მინდვრების პროექტები დონალდ ტრამპის სახელს დაუკავშირონ და ამით გაალამაზონ.

 

დონალდ ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს, ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, Trump Organization-ის ხელმძღვანელობამ ნებაყოფლობით განაცხადა, რომ უცხოურ კომპანიებთან არანაირ გარიგებებს არ დადებდა. ამ გადაწყვეტილებამ ფაქტიურად კომპანიის ბიზნესის შეჩერება გამოიწვია. მაგრამ პრეზიდენტობის მეორე ვადის დროს Trump Organization-იმა გააუქმა ეს შეზღუდვა, რომელიც თავის თავს თვითონ დაუწესა და გარიგებების გაფორმება დაიწყო.

 

2025 წელს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 59 მილიონი დოლარი მიიღო იმ  გარიგებებისაგან, რომლებიც საზღვარგარეთ უძრავი ქონების ლიცენზირებას ეხება. თუ ამ თანხას 2024 წელს მიღებულთან – 45 მილიონთან – შევადარებთ, დავინახავთ, რომ ის ბევრად მეტია და საერთოდ, საკმაოდ აღემატება ნებისმიერ სხვა დროს მიღებულ თანხას.

დეველოპერები Trump Organization-ს ჯერ ავანსს – 5 მილიონ დოლარს უხდიან, შემდეგ მიღებული შემოსავლების ნაწილს, თუმცა შეიძლება კონკრეტული პირობების ვარირება მოხდეს. ისევე როგორც რესტორანული ფრანშიზის პირობებში, დეველოპერებს, თავის მხრივ, შეუძლიათ თავიანთი პროექტების პოზიცირება Trump Tower ბრენდით განახორციელონ  – იმ პირობების გათვალისწინებით, რომ სრულად იქნება დაცული დიზაინი და მომსახურების სტანდარტები.

ტრამპის ოჯახი ხშირად უწყობს ხელს ამგვარი პროექტების რეალიზებას და ამ მიზნით საჯარო ღონისძიებებშიც მონაწილეობს ხოლმე.

 

დონალდ ტრამპის განცხადებით, თავისი ვაჟები ბიზნესს მისი სახელით კი მართავენ, მაგრამ რეალურად მას როგორც პრეზიდენტს ამ საქმესთან რაიმე შეხება არ აქვს. კომენტარებს Trump Organization-ის ხელმძღვანელობა არ აკეთებს. უფრო ადრე კომპანია უარყოფდა  ინტერესთა კონფლიქტის არსებობას და აღნიშნავდა, რომ მისი საქმიანი ურთიერთობები აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ გატარებულ სახელმწიფო პოლიტიკასთან კავშირში არ არის.

 

დემოკრატიული პარტია და სახელმწიფო მართვის საკითხებით დაკავებული რიგი ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ საზღვარგარეთიდან მიღებული შემოსავლებს პრეზიდენტის საგარეოპოლიტიკურ პროგრამაში პოტენციური კონფლიქტების გამოწვევა შეუძლიათ. მართლაცდა, როგორც ირკვევა, ზოგიერთ დეველოპერს, რომლებიც Trump Organization-თან თანამშრომლობენ და მას ფულს უხდიან, აშშ-ის მთავრობის მიმართ გარკვეული ინტერესები აქვთ.

 

თეთრმა სახლმა განაცხადა, დონალდ ტრამპი მხოლოდ და მხოლოდ ამერიკული საზოგადოების სასარგებლოდ მოქმედებს და რომ პრეზიდენტის ბიზნესში ინტერესთა კონფლიქტი არ არის, თუმცა იმავდროულად თეთრმა სახლმა თხოვნა, რომ კომენტარი გაეკეთებინა სიტუაციისათვის, უპასუხოდ დატოვა.

 

პერსპექტივა იმისა, რომ საქართველოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენი დონალდ ტრამპის სახელით იქნება აშენებული, განსაკუთრებულ საგარეოპოლიტიკურ დისონანსს იწვევს.

საქართველო ოდესღავ აშშ-სათვის ერთ-ერთი ყველაზე ახლო პარტნიორი იყო პოსტსაბჭოთა სივრცეში: 2005 წელს თბილისში თვით აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუშიც კი იმყოფებოდა, რათა ქვეყანა „დემოკრატიის შუქურად“ გამოეცხადებინა. იმ დროს საქართველო  ნატოს წევრობის კანდიდატათაც განიხილებოდა. მაგრამ მას შემდეგ ურთიერთობა გაუარესდა: საქართველოს მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ აშშ-ის მკვეთრი უკმაყოფილება გამოიწვია ისეთი კანონების მიღებით, რომლებიც ოპოზიციური აზრის ჩასახშობად არის გამიზნული. ვაშინგტონი ნეგატიურად აფასებს თბილისის ნაბიჯებსაც, გადადგმულს რუსეთთან დაახლოების მიზნით.

 

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია საჯაროდ აკრიტიკებდა საქართველოს ხელისუფლებას მართვის დემოკრატიული ნორმებიდან გადახვევის გამო. სიტუაცია არც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს არ გაუმჯობესებულა და ცივი რჩება: სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ გასულ წელს [კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტში გამართული მოსმენების დროს] საქართველო „ანტიამერიკული მთავრობის მქონე ქვეყნად“ მონათლა.

 

ამასთან, აღსანიშნავია, რომ [Trump Organization-თან დაკავშირებულმა] პროექტმა ქართველ მილიარდერს ბიძინა ივანიშვილს, რომლის მიმართ 2024 წელს ამერიკული სანქციები იქნა შემოღებული, ფინანსური მოგება მოუტანა.

 

ქართული კორპორატიული ანგარიშების მონაცემებით, როცა 2023 წელს დეველოპერებმა გარიგება დადეს ივანიშვილების ოჯახის მიერ კონტროლირებულ ფონდთან მიწის ყიდვის თაობაზე, ისინი დათანხმდნენ მოგვიანებით ფონდისათვის 85 მილიონი დოლარი გადაეხადათ. მართლაცდა, როგორც მონაცემები ადასტურებენ, ფული გადახდილი იქნა და, პროექტის წარმომადგენლის თქმით, გარიგების პირობებიც საბოლოოდ ივლისში სრულიად იქნა რეალიზებული.

 

ბევრი ანალიტიკოსი ბიძინა ივანიშვილს ქვეყანაში საბოლოო გადაწყვეტილების მიმღებ პირად თვლის. სანამ 2012-2013 წლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახდებოდა, მან თავისი ქონება რუსეთში დააგროვა. მართალია, მოგვიანებით ბიძინა ივანიშვილმა პრემიერის პოსტი დატოვა, თუმცა თავისი პარტიის – „ქართული ოცნების“ – საპატიო თავმჯდომარე გახდა.

ქართველი მილიარდერს, რომლის სასახლეც თბილისს ზემოდან გადმოჰყურებს, ბრალს სდებენ აგრეთვე პოლიტიკური ოპოზიციის მიმართ განხორციელებულ მკაცრ ზომებში. ასევე „ქართული ოცნება“ დადანაშაულებულია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაში, რომელმაც თითქმის ორწლიანი ქუჩის საპროტესტო აქციები გამოიწვია. ამის მიუხედავად, „ქართული ოცნება“ აცხადებს, არჩევნებში მისი გამარჯვება კანონიერია.

 

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ გასულ წელს გარკვეული ნაბიჯები გადადგა საქართველოს პოლიტიკური ლიდერების დასასჯელად: ორივე პარტიის მხარდაჭერით მიღებული იქნა კანონპროექტი, რომელიც ავალებდა აშშ-ის მთავრობას სანქციები გამოეყენებინა როგორც ქვეყნის პარლამენტის ამჟამინდელი და ყოფილ წევრების, აგრეთვე [„ქართული ოცნების“] სხვა პოლიტიკური ლიდერების მიმართ.

 

„ქართული ოცნება“ თავისი ანტიამერიკული პროპაგანდით თითქმის ყოველდღიურად აყენებს შეურაცხყოფას პრეზიდენტ დონალდ ტრამპს“, – განაცხადა ჯო უილსონმა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრმა-რესპუბლიკელმა სამხრეთ კაროლინიდან, რომელიც მხარს უჭერს აღნიშნულ კანონპროექტს.

 

ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელმა და „ქართულმა ოცნებამ“ თხოვნა კომენტარების გაკეთების შესახებ უპასუხოდ დატოვეს.

 

ტრამპის ცათამბჯენის აგების მცდელობა ქვეყანაში უკვე მეორე შემთხვევაა: პირველი იყო 15 წლის წინათ, როცა დეველოპერებმა საქართველოს შავი ზღვის კურორტ ბათუმში Trump Organization-ს ავანსის სახით დაახლოებით ერთი მილიონი დოლარი გადაუხადეს – შენობის  ბრენდინგის მიზნით, თუმცა საბოლოოდ იმ დროს ბრენდინგის გარიგება ჩაიშალა და ვერ განხორციელდა.

 

პროექტში ჩახედული ერთ-ერთი წყაროს თქმით, ცათამბჯენის აგების ბოლო ვერსია მას შემდეგ გაჩნდა, როცა ნიუ-იორკელი დეველოპერი ალექს საპირი გასულ წელს საქართველოს ეწვია და ადგილობრივ კოლეგებს შეხვდა. უნდა აღინიშნოს, რომ ალექს საპირის ოჯახი ქართული წარმოშობისაა და ნიუ-იორკში მის მიერ  უკვე აგებულია Trump SoHo-ს კომპლექსი. მან ქართველი დეველოპერები Trump Organization-ის ხელმძღვანელებს გააცნო.

 

მიმდინარე წლის მაისში ქართველი ინვესტორების ჯგუფი, კონგლომერატ Wissol Group-ის პრეზიდენტის სამსონ ფხაკაძისა და „ქართული ოცნებიდან“ პარლამენტის ყოფილი წევრის ილია წულაიას ჩათვლით, სამხრეთ ფლორიდაში, მარა-ლაგოში გაემგზავრა, რათა  ერიკ ტრამპთან გარიგება გაეფორმებინა.

 

განცხადებაში, რომელიც მაისში გამოქვეყნდა, ილია წულაიამ აღნიშნა, რომ „ცათამბჯენი ისეთი ღისშესანიშნავი ობიექტი გახდება, რომელიც თბილისის პეიზაჟს შეცვლის და მსოფლიო არენაზე საქართველოს ყოფნას განამტკიცებს“.

 

ქართველი ანალიტიკოსები ამ გარიგებას განიხილავენ როგორც ბიზნეს-საზოგადოების ჟესტს გადადგას მშვიდობიანი ნაბიჯები დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან „შერიგების“ მიზნით. იმავდროულად ეს არის სიგნალი იმისა, რომ საქართველო მზად არის მხარი დაუჭიროს აშშ-სთან ურთიერთობის გაგრძელებას იმ დროს, როცა დიპლომატიური არხები  დაძაბულია.

„ამ პროექტის ძირითადი მიზანი ისაა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან როგორმე რაიმენაირი კავშირები დამყარდეს“, – ამბობს გიორგი ხიშტოვანი, თბილისის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ეკონომისტი, – „მოქმედება შეიძლება გარკვეული პიარ-მიზნის მიღწევასაც უკავშირდებოდეს“.

 

იმ დროს, როცა ქვეყნის მთავრობა მართლაც არის დაახლოებული რუსეთთან – საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების ვადები გადადო, ამასთან თბილისი ცდილობს, რომ მოსკოვზე ძალიან დამოკიდებული არ გახდეს. გასათვალისწინებელია, რომ ქვეყნის ტერიტორიის მეხუთედი რუსეთის ოკუპაციის ქვეშ რჩება – 2008 წლის ომის შედეგად.

 

თვითონ ილია წულაია გასულ წელს იმ დელეგაციის შემადგენლობაშიც იმყოფებოდა, რომელიც ვაშინგტონში გაემგზავრა ამერიკელ კანონმდებლებთან და ადმინისტრაციის ჩინოვნიკებთან შესახვედრად, მათთან ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაუმჯობესების უპირატესობებზე საუბრის მიზნით.

 

„ვიზიტის დროს დელეგაციამ მკაფიოდ მიანიშნა, რომ დაინტერესებულია აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობის გაუმჯობესების გზების ძიებით და სანქციების შერბილებით“, – განაცხადა ერთ-ერთმა ყოფილმა ამერიკელმა ჩინოვნიკმა, რომელიც მოლაპარაკებაში მონაწილეობდა, – „ყოველ ქვეყანას თავისი განსაკუთრებული ნიუანსები აქვს… მათ სურთ, რომ ურთიერთდაახლოების მცდელობის შედეგი პოზიტიური იყოს“.

 

წყარო: