
თიბისი, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე, საქართველოს ნაკრების მხარდამჭერია
2025 წელს საქართველო პირველად წარადგენს მოსწავლეთა ეროვნულ ნაკრებს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI). საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ GAIA, IOAI-ისგან ეროვნული ნაკრების შერჩევის ექსკლუზიური ავტორიზაცია მოიპოვა.
თიბისი, როგორც ახალი თაობის განათლების ხელშეწყობის წამყვანი კომპანია, საოლიმპიადო კურსის, ეროვნული ოლიმპიადისა და IOAI-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდამჭერია. GAIA-სთან პარტნიორობის ფარგლებში, თიბისის მონაცემთა მეცნიერების გუნდის პროფესიონალები კურსის მენტორები არიან და მოსწავლეებს აქტიურად უჭერენ მხარს ოლიმპიადისთვის მომზადებაში.
GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიონალების ახალი თაობის და ეროვნული ნაკრების შესარჩევი შიდა ოლიმპიადისთვის მოსამზადებლად ხელოვნური ინტელექტის საოლიმპიადო კურსი შექმნა. კურსი კომაროვის სკოლასთან პარტნიორობით და ქვეყნის წამყვანი AI ინჟინრების ჩართულობით შეიქმნა და უკვე 3 თვეზე მეტია მიმდინარეობს. საოლიმპიადო კურსს ლაივ ფორმატში, ოლიმპიადისთვის მოსამზადებლად შერჩეული 40-მდე მოსწავლე გადის.
აღსანიშნავია, რომ სასწავლო მასალებზე წვდომა – ლექციები, დავალებები, დისქორდის სივრცე ღიად ხელმისაწვდომია და კურსის გავლა დამოუკიდებლად მთელ საქართველოში AI-თი დაინტერესებულ ყველა ახალგაზრდას სრულიად უფასოდ შეუძლია GAIA-ს გვერდზე https://www.aiassociation.ge/ai-olympiad
ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადა (IOAI) 2024 წლიდან ტარდება და მოსწავლეთა მსოფლიო ოლიმპიადების სისტემის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და პრესტიჟული ნაწილია. ოლიმპიადა ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, გამოავლინონ, გაიუმჯობესონ ცოდნა და უნარები ხელოვნური ინტელექტის უახლესი მიმართულებებით და ახლებურად გადაწყვიტონ პრობლემები. 2025 წელს ოლიმპიადა 2-9 აგვისტოს პეკინში გაიმართება. წელს ოლიმპიადაში მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის გუნდი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის პირველად საქართველოც. საქართველოს სახელით მოასპარეზე გუნდი მაისში, შიდა ოლიმპიადის საფუძველზე, IX-XII კლასების მოსწავლეებს შორის შეირჩევა.
თითოეული მონაწილე ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, ოლიმპიადა AI-ის მიმართულებით ახალი ტალანტისა და ზოგადად, ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარების შესაძლებლობაა. ქვეყნის მსოფლიო ოლიმპიადაში მონაწილეობა და შიდა საოლიმპიადო კურსის შექმნაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს AI ეკოსისტემის განვითარებისა და საქართველოს გლობალურ ტექნოლოგიურ რუკაზე პოზიციონირებისთვის.
R