1. Home
  2. TOP სიახლე
  3. სულ უფრო მეტი უკრაინელი აცნობიერებს იმას, რომ დონბასი და ყირიმი რუსეთს დარჩება – Berliner Zeitung
სულ უფრო მეტი უკრაინელი აცნობიერებს იმას, რომ დონბასი და ყირიმი რუსეთს დარჩება – Berliner Zeitung

სულ უფრო მეტი უკრაინელი აცნობიერებს იმას, რომ დონბასი და ყირიმი რუსეთს დარჩება – Berliner Zeitung

575
0

„იმ დროს, როცა ბერლინში ახლა ზაფხულის პაპანაქებაა და პოლიტიკური აქტიურობა მიყუჩებულია, აღმოსავლეთ ევროპაში შექმნილი სიტუაცია ყოველდღიურად გაზეთების მოწინავე სტატიების სათაურებში ასახული: უკრაინის რეგულარული ჯარების ანაზდეული შეჭრა რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში; დეზერტირების ახალი რეკორდი უკრაინის არმიაში და გამოკითხვის შედეგები, თუ როგორ უყურებენ უკრაინელები სავარაუდო სამშვიდობო მოლაპარაკებებს…

უკრაინელი სოციოლოგი ვლადიმერ იშჩენკო ინტერვიუში კომენტარს უკეთებს თავის სამშობლოში შექმნილ სიტუაციას. იგი არ ერიდება მკვეთრ კრიტიკას უკრაინის მთავრობის მიმართ. ვლადიმერ იშჩენკო ის ადამიანია, რომელიც მუდამ ხმამაღლა ლაპარაკობს იმას, რასაც ფიქრობს.“, – ნათქვამია ინტერვიუს შესავალში, რომელიც გერმანულ გაზეთ „ბერლინერ ზაიტუნგში“ (Berliner Zeitung) გამოქვეყნდა სათაურით „სულ უფრო მეტი უკრაინელი აცნობიერებს იმას, რომ დონბასი და ყირიმი რუსეთს დარჩება“ (ესაუბრება ჟურნალისტი ნიკოლას ბუტილინი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

უკრაინა აგრძელებს დასავლეთისათვის წინააღმდეგობრივი სიგნალების გაგზავნას: ერთი მხრივ, კიევის არმია კურსკის ოლქის სამხრეთში შეიჭრა, რასაც უკრაინული საზოგადოება ენთუზიაზმით შეხვდა, მაგრამ მეორე მხრივ, ვრცელდება ინფორმაციები მობილიზაციისაგან თავის ამრიდებლების რეკორდული რაოდენობის შესახებ. გარდა ამისა, რუსეთის არმია ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდება უკრაინის ქალაქ პოკროვსკს – მთავარ ლოჯისტიკურ ცენტრს აღმოსავლეთის ფრონტზე. რუსები ქალაქის „კედლებთან“ უკვე 10-12 კილომეტრში არიან.

[გერმანიაში მყოფი] ვლადიმერ იშჩენკო ამბობს, რომ უკრაინელების ენთუზიაზმი კურსკის ოლქში შეჭრასთან დაკავშირებით დიდხანს არ გაგრძელდება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ რუსები ქალაქ პოკროვსკის დაკავებას მოახერხებენ: „თუ უკრაინის არმია დონბასში რუსების შეტევას ვერ გაუძლებს და პოკროვსკს დათმობს, კიევი იძულებული იქნება თავისი ქვედანაყოფები კურსკის ოლქიდან გამოიყვანოს, რაც, საბოლოო ჯამში, უკრაინელების ამჟამინდელ ეიფორიას ნოლამდე დაიყვანს“.

საერთოდ კი, როგორც სოციოლოგი აღნიშნავს, კურსკის ოლქში არმიის შეჭრამაც კი ვერ შეცვალა ის სკეპტიკური განწყობა, რომელიც უკრაინელებში შეინიშნება – კიევი კრემლტან დაპირისპირებაში ვერ გაიმარჯვებს, საჭიროა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყება. ამჟამად მოლაპარაკების მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი ქვეყნის მოსახლეობის მესამედი. ვლადიმერ იშჩენკოს აზრით, „სულ უფრო მეტი უკრაინელი აცნობიერებს, რომ დონბასის ნაწილი და ყირიმი, დიდი ალბათობით, რუსების ხელში დარჩება. ვინც ასე ფიქრობს, მათი რიცხვი ნელა, მაგრამ დამაჯერებლად მატულობს, შეინიშნება ზრდის ტენდენცია“.

სოციოლოგი ხაზს უსვამს, რომ „გამოკითხვების შედეგები ფაქტიურად არავითარ როლს არ ასრულებს უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ გადაწყვეტილებების მიღებაში. მოლაპარაკებების გამართვა სრულიად სხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული – მაგალითად, უკრაინელთა პოზიციაზე საკუთარი სახელმწიფოს მიმართ, მოსახლეობის მობილიზაციაზე და მათ მზადყოფნაზე ომში იბრძოლონ. უკრაინელი სოციოლოგი აცხადებს, რომ საზოგადოება უკვე დაღლილია ომით, მოსახლეობას საომარი მოქმედებების მიმართ კითხვები ებადება – ღირს თუ არა ასობით ათასი მსხვერპლის და ნგრევის მომტანი ომის გაგრძელება? ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია ის, რომ კანონის გამკაცრების მიუხედავად, უკრაინის გასაწვევ პუნნქტებში სავალდებულო რეგისტრაცია გაიარა გასაწვევი ასაკის მქონე მხოლოდ 40%-მა. უარესი მდგომარეობაა საზღვარგარეტ, სადაც ჯარში გასაწვევი უკრაინელი მამაკაცების მნიშვნელოვანი ნაწილი ცხოვრობს – იქ რეგისტრაცია მხოლოდ 10%-მა განაახლა“.

ინტერვიუში უკრაინელი სოციოლოგი ეხება გასაწვევის ასაკის მქონე ახალგაზრდების მასობრივ გაქცევას საზღვარგარეთ, რომლებსაც, უბრალოდ, ეშინიათ თავიანთი პოზიციების გამოხატვა, რომელსაც ხელისუფლება არ მოიწონებს. ასეთი სიტუაცია უკრაინაში ჯერ კიდევ მაიდნამდე, ანუ 2014 წლამდე ყალიბდებოდა. ვლადიმერ იშჩენკო პესიმისტურად უყურებს უკრაინის მომავალს და ამბობს, რომ უკრაინელებს შორის განხეთქილება მატულობს – სხვაგვარი პოზიციები აქვთ მათ, ვინც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობს და მათ, ვინც კიევის კონტროლირებულ ტერიტორიაზე იმყოფებიან. კიევი ასიმილაციის პროგრამას ჯერ კიდევ 1990 წლიდან ახორციელებს, უკრაინელ ნაციონალისტთა გეგმების მიხედვით.

„უკრაინის ელიტა აძლიერებს ქვეყნის დამოკიდებულებას დასავლეთზე, შეგნებულად ანადგურებს საბჭოურ კულტურულ მემკვიდრეობას, წმენდს მისგან საჯარო სივრცეს და ქვეყნის რუსულენოვანი მოსახლეობის ასიმილაციას ახორციელებს, ე.წ. დეკომუნიზაციის, დეკოლონიზაციისა და დესტალინიზაციის ჩარჩოებში“, – განმარტავს ვლადიმერ იშჩენკო. იგი ვერ ხედავს უკრაინაში დაბრუნების შესაძლებლობას და უკრაინის განვითარების შანსებს დემოკრატიულობისა და პლურალიზმის განვითარების თვალსაზრისით.

წყარო