აშშ-ის გაზეთი "პოლიტიკო" (Politico) თავის ევროპულ ვერსიაში აქვეყნებს სტატიას სათაურით: "ზელენსკი დილემის წინაშე: დარჩეს თავის აზრზე თუ ტრამპს დაუთმოს?" (ავტორი - ჯეიმი დეტმერი). 

"უკრაინის ლიდერი ძალიან რისკავს, თუ ტრამპს დაუპირისპირდება, მაგრამ თუ დაუთმობს, დათმობა უკრაინისათვის მძიმე შედეგების მომტანი იქნება", - ნათქვამია მასალაში.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

თუ ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტის "რჩევას" ყურადღებას არ მიაქცევს და არ გადადგება, დიდი რისკია, რომ უკრაინა თეთრი სახლისგან სასიცოცხლოდ აუცილებელ მხარდაჭერას დაკარგავს, მაგრამ თუ დონალდ ტრამპის რეკომენდაციას დათანხმდება და გადადგება, ასეთი დათმობა უკრაინისათვის შეიძლება უარესი აღმოჩნდეს.

ვოლოდიმირ ზელენსკი გაბრაზებულია და არცთუ უსაფუძვლოდ.

ოქტომბერი უკრაინისათვის საშინელი დაბომბვებით დაიწყო, ჰორიზონტზე უკვე მკაცრი ზამთარიც მოჩანს... და ამ დროს დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთთან "ძალიან მსხვილ და მნიშვნელოვან გარიგებაზე" შევთანხმდიო - მილიონობით ტონა რუსული დიზელის საწვავის შესყიდვის მიზნით. უარეს მომენტს ასეთი ნაბიჯისათვის ვერც მოიფიქრებ.

აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება - მოუხსნას სანქციები მოსკოვს და დიზელის იმპორტი განახორციელოს - უკრაინელთა უმრავლესობისათვის ზურგში დანის ჩაცემას ნიშნავს: ქვეყანას სეტყვასავით აცვივა ციდან რუსული რეაქტიული დრონები და ბალისტიკური რაკეტები, მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი მატულობს და ამ დროს ამერიკის ლიდერი თავის რუს კოლეგას უთანხმდება...

საკითხავი ისაა, თუ როგორ სჯობს ამ შემთხვევაში - ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრაზისგან თავი შეიკავოს თუ რისხვა საჯაროდ ყველას აჩვენოს?

"უკრაინის ლიდერის გაღიზიანება სრულიად გასაგებია, მაგრამ როგორც ამბობენ ხოლმე, „მედალს უკანა მხარეც აქვს": რა იქნება შემდეგ?", - ამბობს ტიმ უილას-უილსი, ყოფილი ბრიტანელი დიპლომატი, რომელიც ამჟამად თავდაცვითი კვლევების გაერთიანებული სამეფო ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელია.

უკრაინის პრეზიდენტმა იჩქარა და დონალდ ტრამპის მიერ დადებული გარიგება "სუსტ გადაწყვეტილებად" და "პუტინის საჩუქრად" მონათლა, თან ხაზი გაუსვა, რომ დიზელის საწვავის ექსპორტით მიღებულ ამერიკულ დოლარებს კრემლი თავისი სამხედრო მანქანის გაძლიერებას მოახმარსო.  უფრო მეტიც - გაჯავრებულმა ზელენსკიმ დაამტკიცა ახალი გეგმა უკრაინული დრონების მიერ რუსეთის რიგი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვის თაობაზე [რათა ხელი შეუშალოს დიზელის წარმოებას]. შესაბამისად, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინელებს ლიდერის გამოცვლა მოუწევთო.

ჯერ-ჯერობით, არაფერი არ მიანიშნებს იმას, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი შეასრულებს თავისი ამერიკელი კოლეგის მოთხოვნას რუსული ენერგეტიკის ობიექტებზე შეტევის შეწყვეტის შესახებ. უკრაინის პრეზიდენტს მოთმინების ფიალა ევსება, რაც განსაკუთრებით ბოლო თვეებში ჩანს: იგი არ ინდობს არც მტრებს და არც მოკეთეებს - ევროპელ ლიდერებს - და მათ ერთნაირად აკრიტიკებს დაგვიანებული და გაჭიანურებული დახმარების გამო. ზელენსკის არ მოსწონს თვით ტრამპის მიდგომაც კონფლიქტის მიმართ.

ტონის გამკაცრება აიხსნება იმით, რომ კიევის უკმაყოფილება თანდათან მატულობს, უპირველესად აშშ-ის პრეზიდენტის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის იმედი აქვს - თავისი ახალი რაკეტებით და დრონებით - რუსეთს საკადრის პასუხს გასცემს, მისი მხრიდან აშშ-სადმი უკმაყოფილების გამომჟღავნება მაინც დიდ რისკებს უკავშირდება.

როგორც ტიმ უილას-უილსი ვარაუდობს, ვოლოდიმირ ზელენსკის, ალბათ, იმედი აქვს, რომ დონალდ ტრამპის პოზიციები კონგრესის შუალედური არჩევნების შემდეგ მნიშვნელოვნად შესუსტდება (რესპუბლიკელების დამარცხების შედეგად). მით უმეტეს, რომ ზოგიერთი გავლენიანი რესპუბლიკელი უკვე გამოვიდა აშშ-ის მიერ რუსული დიზელის საწვავის შესყიდვისა და  იმპორტის წინააღმდეგ. მაგრამ კიევი მაინც რისკავს: ტრამპს შეუძლია უკრაინას აღარ მისცეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სადაზვერვო მონაცემები ან ზეწოლა მოახდინოს ილონ მასკზე, რომ მისმა კომპანიამ SpaceX-მა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კოსმოსურ-თანამგზავრული კავშირის ინტერნეტ-სისტემა "სტარლინკი" გაუთიშოს.

"ვოლოდიმირ ზელენსკი ჯეროვნად ვერ აცნობიერებს იმას, თუ რამდენად სახიფათოა უკრაინისათვის გაჯავრებული დონალდ ტრამპი", - გამაფრთხილებლად ამბობს ტიმ უილას-უილსი.

როგორც ორშაბათს გაზეთი "ფაინენშელ თაიმსი" იტყობინებოდა, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უკვე დაიმუქრა, რომ დახურავს პროგრამას, რომლითაც ნატოს ევროპელი წევრები უკრაინას ამერიკული იარაღით ამარაგებენ. თუ ეს მართლაც მოხდება, მაშინ უკრაინა იძულებული გახდება მხოლოდ ევროპელ პარტნიორებს დაეყრდნოს. სამწუხაროდ, თავის მხრივ, ევროპელებსაც ბევრი თავიანთი პრობლემა აქვთ - ვერ ასწრებენ საკუთარი სამხედრო მარაგების შევსებას.

მაგრამ ვოლოდიმირ ზელენსკი დანებებას არ აპირებს. მისი მტკიცებით, უკრაინა რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვას მხოლოდ მას შემდეგ შეწყვეტს, თუ მოსკოვი თავის საჰაერო შეტევებს შეაჩერებს: "სიტუაციის განმუხტვის მიზნით გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი ორმხრივი უნდა იყოს", - წერს იგი სოციალურ ქსელში.

და ამ საკითხში უკრაინელ ლიდერს მომხრეები გამოუჩნდნენ, თანაც ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებიც ჩვეულებრივ მის მიმართ კრიტიკას არ იშურებენ ხოლმე.

ზელენსკის მომხრეთა შორისაა ექს-პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოც - მისი დიდი ხნის პოლიტიკური მოწინააღმდეგე, რომელმაც მხარი დაუჭირა თავის მეტოქე ზელენსკის მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა უკრაინის ლიდერის შეცვლა მოითხოვა.

"თუ ვინმეს ახალი ლიდერი ჭირდება, ეს მხოლოდ რუსეთი შეიძლება იყოს", - განაცხადა პეტრო პოროშენკომ, - "ჩემთვის ახლა მთავარი საკითხია ის, თუ რამდენად ახლოს ვართ სრულ და უსიტყვო ცეცხლის შეწყვეტასთან. აი, სწორედ ამ თვალსაზრისით უნდა შეფასდეს ნებისმიერი ნაბიჯები".

"დონალდ ტრამპის მოწოდება ლიდერის შეცვლის თაობაზე, როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ქვეყნის შიგნით "წყალს ზელენსკის წისქვილზე ასხამს", - თვლის ნიკოლაი კნიაჟიცკი, ოპოზიციური დეპუტატი.

"დონალდ ტრამპის ანტიზელენსკური თავდასხმები უკრაინის პრეზიდენტისათვის საუკეთესო რეკლამას წარმოადგენს", - ამბობს დეპუტატი, - "ყოველი ასეთი მორიგი შეხლა-შემოხლის შემდეგ ზელენსკის რეიტინგი იზრდება როგორც უკრაინაში, ისე მის მოკავშირეებს შორის, განსაკუთრებით ევროპაში".

ამასთან, ისიც უნდა ითქვას, რომ დონალდ ტრამპის შესაძლებლობები აიძულოს ზელენსკი [რუსეთთან] შეთანხმების დადებაზე მნიშვნელოვნად შეიზღუდა", - თვლის ნატალი ტოჩი, რომელიც ადრე კონსულტაციას უწევდა ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური უწყების ორ ყოფილ ხელმძღვანელს. მისი თქმით, დონალდ ტრამპმა იმით, რომ უკრაინას ამერიკული დახმარება შეუმცირა, თავისი ზეწოლისათვის აუცილებელი ბერკეტებიც შეასუსტა - უკრაინაზეც და ევროპაზეც.

"დიახ, ტრამპს ძველებურად შეუძლია უკრაინა სერიოზულად დააზარალოს, თუ კიევს სადაზვერვო მონაცემების მიწოდებას შეუწყვეტს, მაგრამ საეჭვოა, რომ მან ასეთი ნაბიჯი გრძელვადიანად გადადგას - არაფერი რომ ვთქვათ იარაღის მიწოდების მთლიანად შეჩერებაზე", - ამბობს ნატალი ტოჩი, - "თუ მისთვის მთავარს აშშ-ისათვის შემოსავლების მიღება წარმოადგენს, საეჭვოა, რომ პრეზიდენტმა იარაღის გაყიდვების არხი დახუროს".

მაგრამ კიევი შიშობს, რომ დონალდ ტრამპის სწრაფვა მოსკოვთან შეთანხმების დადების მიზნით, უკრაინისათვის სასარგებლო მაინც არ იქნება.

ირინა კლიმპუშ-ცინცაძე, ცნობილი ოპოზიციური დეპუტატი და ყოფილი ვიცე-პრემიერი, არ თვლის, რომ პუტინი რაიმეს დათმობს: "კრემლი მზად არ არის საომარი კამპანიის შესაჩერებლად და ცეცხლის შესაწყვეტად", - განაცხადა მან და ხაზი გაუსვა: "რამდენადაც მე ვიცი, ყველა ის გარიგება, რომლებსაც აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს იხილავდნენ, მხოლოდ უკრაინის კაპიტულაციას ეხება და, თავისი არსით, ნიშნავს იმას, რომ უკრაინა შეწყვეტს არსებობას როგორც დამოუკიდებელი, თავისუფალი და სუვერენული სახელმწიფო".

 

ალბათ, სწორედ ამით აიხსნება ზელენსკის ბრაზი: იგი აცნობიერებს, რომ ღია დაპირისპირება დონალდ ტრამპთან ანგარიშსწორების ტოლფასია ამერიკელი ლიდერის მხრიდან... მაგრამ ისიც აშკარაა, რომ მისი მცდელობები ასიამოვნოს დონალდ ტრამპს, რომელიც, თავის მხრივ, სულ უფრო უახლოვდება ვლადიმერ პუტინს, უკრაინას ასევე ძვირად დაუჯდება. მოკლედ, უკრაინას არ აქვს კარგი ვარიანტები - ორივე ცუდია.

 

წყარო: