
სტივ უიტკოფი ევროპის კონტინენტზე მშვიდობის დასამყარებლად ამერიკის პრეზიდენტს კონკრეტულ წინადადებას სთავაზობს
სტივ უიტკოფი ევროპის კონტინენტზე მშვიდობის დასამყარებლად ამერიკის პრეზიდენტს კონკრეტულ წინადადებას სთავაზობს. ინფორმაციას გამოცემა “როიტერი” სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც გავლენიანი მედია წერს, პეტერბურგში გამგზავრებამდე დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, 47-ე პრეზიდენტს სტრატეგია წარუდგინა, რომლის მიხედვითაც კრემლი უკრაინის 4 ოლქს ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ მიიღებს. ტრამპის პასუხი უცნობია. ოფიციალური განცხადება არც ვლადიმერ პუტინისა და სტივ უიტკოფის შეხვედრის შემდეგ გაკეთებულა.
არის მოლოდინი, რომ უიტკოფის სტრატეგია ვლადიმერ პუტინისთვის განსაკუთრებით მისაღები იქნება. ხერსონი, ზაპოროჟიე, დონეცკი და ლუჰანსკი – ეს ის ოლქებია, რომლებიც უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილებში მდებარეობს და პუტინს ყირიმთან ერთად სტრატეგიული, ეკონომიკური და პოლიტიკური მიზნების, სისრულეში მოსაყვანად სჭირდება.
უცნობია უკრაინის პასუხი. ვიცით მხოლოდ უკრაინის საკითხებში ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის პოზიცია – კიტ კელოგი დარწმუნებულია, რომ ომში მყოფი ქვეყანა შეთავაზებულ წინადადებას არ დათანხმდება. “თაიმსთან” ინტერვიუში, შტატების პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი არც იმას გამორიცხავს, რომ უკრაინა რამდენიმე ზონად დაიყოს, ისე, როგორც ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ბერლინში მოხდა.
ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ახლა მთავარი მიზანი საჰაერო თავდაცვის კიდევ უფრო გაძლიერებაა. თუ ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლამდე, უკრაინა სამხედრო დახმარებას შტატებიდან უფასოდ იღებდა, ახალი თამაშის წესების პირობებში, პრეზიდენტი მზად არის სამხედრო აღჭურვილობაში თანხა გადაიხადოს.
თეთრ სახლში არ მალავენ იმედგაცრუებას ომში ჩართული ქვეყნების მიმართ. კაროლინ ლებიტი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია კონკრეტული ბერკეტების გამოყენებაზე ფიქრობს.
უკრაინაში ომი უკვე 3 წელია გრძელდება, თითქმის 3 თვეა, რაც შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია ევროპის კონტინენტზე ხანგრძლივი მშვიდობის დასამყარებლად მუშაობს.