სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ რაჭაში ტყე არ გაყიდულა, არსებული კანონმდებლობით ტყის გაყიდვა შეუძლებელია -ოთარ შამუგია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე რაჭაში სამონადირეო მეურნეობის მოწყობის ლიცენზიის საკითხზე ისაუბრა.
ოთარ შამუგიას თქმით, ლიცენზიის გაცემისას გარემოს ეროვნულმა სააგენტომ კანონმდებლობის შესაბამისად, ყველა პროცედურა დაიცვა.
„გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიერ 2022 წლის მარტში საჯარო აუქციონის წესით იქნა გაცემული ლიცენზია, რომელშიც გაიმარჯვა კონკრეტულმა კომპანიამ – „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკამ“. პროცესს თან სდევდა გარკვეული კვლევები, შესაბამისი სამუშაოები. აუქციონის გამოცხადებამდე ერთი თვით ადრე პრესაში, ასევე გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე და სხვა საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, პროცესი იყო აბსოლუტურად საჯარო და იმ კანონმდებლობის შესაბამისი, რომელიც საკითხს არეგულირებს ქვეყანაში. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ დაიცვა ყველა პროცედურა კანონმდებლობის შესაბამისად; აბსოლუტურად საჯაროდ გამოცხადდა აუქციონი და შესაბამისად გაიცა ლიცენზია“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
ოთარ შამუგიას განცხადებით, რაჭაში ტყე არ გაყიდულა და არსებული კანონმდებლობით ტყის გაყიდვა შესაძლებელი არ არის.
„მინდა, კიდევ ერთხელ ცალსახად და სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ეს არის სიცრუე, ტყე ნამდვილად არ გაყიდულა. არსებული კანონმდებლობით ტყის გაყიდვა შესაძლებელი არ არის“, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.
ამასთან, ლიცენზიით გათვალისწინებულ ვალდებულებებსა და უფლებამოსილებაზე საუბრისას, ოთარ შამუგიამ განაცხადა, რომ კომპანიას, რომელზეც ლიცენზია გაიცა, მიეცა უფლებამოსილება, ტერიტორიაზე სამონადირეო მეურნეობის მოწყობის დროს არანაკლებ ხუთი მილიონი ლარის ღირებულების ინვესტიცია განეხორციელებინა, მოეწყო შესაბამისი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა.
მისივე თქმით, დასაქმებული ადამიანების 80%-ზე მეტი უნდა ყოფილიყო ადგილობრივი მოსახლეობა და ტერიტორიაზე გადაადგილების დროს ლიცენზიის მფლობელს ხელი არ უნდა შეეშალა მოსახლეობისთვის, ასევე, არამერქნული რესურსების მოპოვებისთვის.
„ლიცენზიაში კონკრეტულად არის გაწერილი, რომ სოციალური ჭრის ნაწილში, სატყეო სააგენტოსთვის ხელი არ შეეშალა საშეშე მერქნის მოპოვებაში. ლიცენზიანტს ჰქონდა ვალდებულება, მოსახლეობასთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად და სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან ერთად შეედგინა მართვის გეგმა, განეხორციელებინა შესაბამისი კვლევები, მათ შორის, ზურმუხტის ქსელის ტერიტორიაზე. ინფრასტრუქტურული ნაწილის დაგეგმვის, შემდგომი საქმიანობის დაგეგმვის პროცესში ჩართული უნდა ყოფილიყო ადგილობრივი მოსახლეობა და მათი ინტერესები ყოფილიყო გათვალისწინებული“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.