
სპეცოპერაციის შემკვეთმა სააკაშვილმა და ხელმძღვანელმა ბარამიძემ კარგად იცოდნენ, რომ იმ სახლში, სადაც ყველა მხრიდან წვიმასავით შემოდიოდა ტყვიები, პატარა ბავშვები ვიყავით -ლედი აფრასიძე
ფანჯრებიდან, კარებიდან ყველა მხრიდან წვიმასავით შემოდიოდა ტყვიები, სწორედ იმ სახლში, სადაც პატარა ბავშვები ვიყავით. ძალიან კარგად იცოდნენ სპეცოპერაციის შემკვეთმა სააკაშვილმა და ხელმძღვანელმა ბარამიძემ, რომ იმ სახლში, იმ დროს, ვიყავით პატარა ბავშვები, – ამის შესახებ სვანეთში, 2004 წელს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაღუპული ევგენი აფრასიძის შვილიშვილმა, ლედი აფრასიძემ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.
ლედი აფრასიძის თქმით, თვალწინ დაუხოცეს ოჯახის წევრები.
„ძალიან პატარა ვიყავი, შესაბამისად, ძალიან მეშინოდა. მარტი იყო, სიცივე, ჩაცმაც ვერ მოვასწარი, ისე შეგვყარეს საწოლის ქვეშ და დედა მეუბნებოდა, კედელთან რაც შეიძლება ახლოს მივსულიყავი, რადგან ტყვიებს არ მოეღწია. ამ დროს მამაჩემი, შმაგი აფრასიძე, ირგვლივ გვაფარებდა ნივთებს, როგორც შეეძლო. როგორ აღვწერო, არ ვიცი, ფანჯრებიდან, კარებიდან ყველა მხრიდან წვიმასავით შემოდიოდა ტყვიები, სწორედ იმ სახლში, სადაც პატარა ბავშვები ვიყავით. ძალიან კარგად იცოდნენ სპეცოპერაციის შემკვეთმა სააკაშვილმა და ხელმძღვანელმა ბარამიძემ, რომ იმ სახლში, იმ დროს ვიყავით პატარა ბავშვები, თუმცა, არც ჩვენ არ დაგვინდეს და გააკეთეს ის, რაც გააკეთეს. ფაქტობრივად, თვალწინ დაგვიხოცეს ოჯახის წევრები. მეორე სახლში იყო გიორგი, იმ სახლში, რომელიც დაიწვა“, – განაცხადა ლედი აფრასიძემ.
ამასთან, ლედი აფრასიძემ კომისიის სხდომაზე გაიხსენა, რომ ომეხი აფრასიძეს ხელბორკილები დაადეს, გადაიყვანეს მეზობლის ეზოში და უკვე დაკავებული ადამიანი, რომელიც წინააღმდეგობის გაწევასაც ვერ შეძლებდა, დახვრიტეს.
„ჩვენს ოჯახში ერთადერთი ძებნილი იყო ომეხი აფრასიძე, რომლის დაკავებაც ნებისმიერ დროს შეეძლოთ, რადგან ის სრულიად თავისუფლად გადაადგილდებოდა მთელ სვანეთში და არა მარტო სვანეთში. მიზანი რომ დამნაშავის დაკავება ყოფილიყო, დამნაშავესაც ხომ უნდა დადგენა და შესაბამისი პროცედურები, ეწარმოებინათ გამოძიება, ჩაეტარებინათ სასამართლო, დაეკავებინათ ომეხი და თუ იმსახურებდა, თუ აღმოჩნდებოდა, რომ ის იყო დამნაშავე, შესაბამისი სასჯელი მიესაჯათ მისთვის. ის ცოცხლად აიყვანეს, ხელბორკილები დაადეს, გადაიყვანეს მეზობლის ეზოში და უკვე დაკავებული ადამიანი, რომელიც წინააღმდეგობის გაწევასაც ვერ შეძლებდა, დახვრიტეს. დახვრიტეს ისე, რომ ჯერ დანით მიაყენეს ჭრილობები, შემდეგ ახლო მანძილიდან ცეცხლსასროლი იარაღით უამრავი ჭრილობა და მისი ცხედარი იყო მთლიანად დაფლეთილი“, – განაცხადა ლედი აფრასიძემ.
ლედი აფრასიძის განცხადებით, ომეხის დახვრეტა მას შემდეგ მოხდა, რაც სროლა შეწყვეტილი იყო. მისივე თქმით, ფაქტს ჰყავს თვითმხილველები.
„ომეხი როდესაც გამოიყვანეს სახლიდან, ვგულისხმობ სახლს, რომელსაც ბოლოს ცეცხლი წაუკიდეს, ჩემი ძმა, გიორგი უკვე მეზობლის ეზოში ჰყავდა გადაყვანილი ბიძაჩემს. გიორგიმ დაინახა და კიდევ სხვა მეზობლებმა, როგორ ჩამოიყვანეს ხელბორკილ დადებული ომეხი გზის მეორე მხარეს, მეზობლის ეზოსთან. რაც შეეხება ამ დახვრეტის ფაქტს, ეს მოხდა მაშინ, როცა უკვე სპეცოპერაცია დასრულებული იყო, სროლა შეწყვეტილი იყო. შესაბამისად, მეზობლებსაც ჰქონდათ იმის შესაძლებლობა, რომ სახლებიდან გამოეხედათ და თვალი ედევნებინათ, იქ რაც ხდებოდა. არიან მოწმეები მეზობლები, მათ შორის ჩემი ოჯახის სხვა წევრებიც, მაგალითად, გოჩა აფრასიძე, რომლებმაც დაინახეს, როგორ დახვრიტეს ხელბორკილდადებული ომეხი“, – აღნიშნა ლედი აფრასიძემ.