1. Home
  2. TOP სიახლე
  3. სოფელ ველისციხეში ორი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

სოფელ ველისციხეში ორი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

130
0

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორი პირის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 4 ივლისს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის ცენტრში ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე არარეგისტრირებული პისტოლეტიდან გასროლით ორ პირს ჭრილობები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ორივე დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

„დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირის მიმართ) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა.

გამოძიების ეტაპზე ბრალდებულს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდა, რის შედეგადაც დანაშაულის ჩადენის დროს შეზღუდულად შერაცხადობა დაუდგინდა.

თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.