“სირცხვილია უკრაინისთვის „ბუკის“ სისტემების მიცემაზე უარის თქმა”- მიხეილ სააკაშვილი
სირცხვილია უკრაინისთვის „ბუკის“ სისტემების მიცემაზე უარის თქმა, პრეზიდენტ იუშჩენკოს დახმარებით, ჩვენ ისინი მინიმალურ ფასში ვიყიდეთ თავის დროზე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქის“ გვერდზეა აღნიშნული.
„როდესაც უკრაინაში იანუკოვიჩი მოვიდა, იუშჩენკოს წინააღმდეგ საქმეც კი აღძრეს „ბუკის“ საქართველოსთვის გადმოცემის გამო და ეს გააკეთეს რუსეთის დავალებით. უფრო მეტიც, ინსტრუქტორი – პოლკოვნიკი მამჩური, რომელიც „ბუკის“ გამოყენებას გვასწავლიდა, რუსეთის აგენტებმა მოკლეს როვნოში 2017 წელს.
ახლა ამერიკელებმა უკრაინას გადასცეს დიდი რაოდენობით რაკეტები „ბუკისთვის“. რაც მთავარია, ამ ნაბიჯით ჩვენ არა მხოლოდ უკრაინელებს ვუთხარით უარი, არამედ ამერიკელებსაც, მათი „ჯაველინების“ უკრაინისთვის სესხებაზე.
ეს არის ღალატი და ასეთი ღალატის ეპიზოდები მძიმე ლაქად დარჩება საქართველო-უკრაინის ურთიერთობების ისტორიაში“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
უკრაინულმა მედიამ გუშინ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის სტატია გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სისტემების დაბრუნება სთხოვა“. როგორც კასიანოვი სტატიაში აღნიშნავს, ასევე უკრაინის მოთხოვნა მოიცავდა აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გადაცემულ „ჯაველინის“ ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს.