1. Home
  2. TOP სიახლე
  3. „სი ძინპინის მცდარი გეგმა ეკონომიკური სტაგნაციიდან გამოსვლისათვის: იგი იმედებს გაუცრუებს ჩინელ ხალხს, დასავლეთში კი აღშფოთებას გამოიწვევს“
„სი ძინპინის მცდარი გეგმა ეკონომიკური სტაგნაციიდან გამოსვლისათვის: იგი იმედებს გაუცრუებს ჩინელ ხალხს, დასავლეთში კი აღშფოთებას გამოიწვევს“

„სი ძინპინის მცდარი გეგმა ეკონომიკური სტაგნაციიდან გამოსვლისათვის: იგი იმედებს გაუცრუებს ჩინელ ხალხს, დასავლეთში კი აღშფოთებას გამოიწვევს“

559
0

ბრიტანულ ჟურნალ „ეკონომისტში“ (The Economist) გამოქვეყნებულია ვრცელი სტატია სათაურით „სი ძინპინის მცდარი გეგმა ეკონომიკური სტაგნაციიდან გამოსვლისათვის: იგი იმედებს გაუცრუებს ჩინელ ხალხს, დასავლეთში კი აღშფოთებას გამოიწვევს“, რომელშიც გაანალიზებულია ჩინეთის ეკონომიკური მდგომარეობა და კომპარტიის ძალისხმევა უძრაობიდან (სტაგნაციიდან) გამოსვლისათვის: რეალურია თუ არა სი ძინპინის გეგმის – „ჩინური ოცნების“ – განხორციელება?

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

დღეისათვის ჩინეთი ყველაზე სერიოზული ეკონომიკური გამოცდის პროცესში იმყოფება მას შემდეგ, რაც 1990-იანი წლებში დენ სიაპონის მიერ ინიცირებული მასშტაბური რეფორმები დაიწყო. 2023 წელს ქვეყნის ეკონომიკამ 5%-იან ზრდას მიაღწია, მაგრამ ჩინური მრავალწლიანი სასწაულის საძირკველი მყიფე გახდა: შრომისმოყვარეობით განთქმული ჩინური შრომითი რესურსები მცირდება, უძრავი ქონების ბაზარზე ისტორიაში ყველაზე აქტიური ბუმი საბოლოო ჯამში, კრახით დასრულდა, ხოლო თავისუფალი ვაჭრობის გლობალური სისტემა, რომელიც ჩინეთს გამდიდრებაში ეხმარებოდა, იშლება. ქვეყნის ლიდერმა სი ძინპინი ცდილობს გაორმაგებული ენერგიით განახორციელოს ჩინური ეკონომიკის გარდაქმნის გაბედული გეგმა.

უთავსებს რა ერთმანეთს ტექნოუტოპიზმს, ცენტრალიზებულ დაგეგმვას და უსაფრთხოების დაცვას, ჩინეთის ხელმძღვანელობის ამგვარი მოქმედება ასახავს პეკინის სწრაფვას, რომ იგი ხვალინდელი დღის პერსპექტიულ დარგებში დომინირებდეს. მაგრამ ამგვარი მიდგომის წინააღმდეგობრივი ხასიათი იმასაც ნიშნავს, რომ სი ძინპინი ჩინელ ხალხს იმედს გაუცრუებს, დანარჩენ მსოფლიოსაგან კი რისხვას გამოიწვევს.

„ჩინური ოცნების“ ჰორიზონტები და…

იმასთან შედარებით, რაც 12 თვის წინ იყო (რომ არაფერი ვთქვათ ეკონომიკურად აქტიური განვითარების პერიოდზე), ჩინეთში განწყობა ძალზე ნეგატიურია. მართალია, მარტში წარმოება ცოტა გამოცოცხლდა, მაგრამ უარყოფითი პროცესები გრძელდება. დეფლაციის გამო ბიზნესი იმედგაცრუებულია. სხვადასხვა პროგნოზებით, 2050 წლისათვის ჩინეთი თავისი შრომითი რესურსების 20%-ს დაკარგავს. უძრავი ქონებით ვაჭრობის ბაზარზე შექმნილი კრიზისული ვითარების გამოსწორებას (უძრავ ქონებაზე კი ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტის ერთი მეხუთედი მოდის) წლების დაჭირდება. თავის მხრივ, ეს დაარტყამს ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს, რომლებიც კომპანიებისათვის მიწების გაყიდვას იმედოვნებდნენ შემოსავლების მიღების მიზნით. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას: ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობა შედარებით უფრო მდგრადი გახდა – გასულ კვირას სი ძინპინმა და ჯო ბაიდენმა ტელეფონით ისაუბრეს, მაგრამ პეკინ-ვაშინგტონის ურთიერთდამოკიდებულება მაინც მყიფეა. ჩინელი ოფიციალური პირები დარწმუნებულები არიან, რომ ამერიკა ჩინურ პროდუქციაზე დამატებით შეზღუდვებს დააწესებს და ბევრ ჩინურ კომპანიას დასჯის – იმის მიუხედავად, თუ ვინ დაიკავებს თეთრ სახლს ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად.

ჩინეთის პასუხი იქნება ის სტრატეგია, რომელიც ეფუძნება „ახალ საწარმოო ძალებს“ და რაც საშუალებას მისცემს პეკინს უარი თქვას მომხმარებელთა სტიმულირების ტრადიციულ წესებზე ეკონომიკის გამოსაცოცხლებლად. ამის ნაცვლად სი ძინპინს სურს, რომ სახელმწიფო ხელისუფლებამ ხელი შეუწყოს გადამამუშავებელი მრეწველობის ახალ მოწინავე დარგების განვითარებას, რაც, თავის მხრივ, მაღალ მწარმოებლურ სამუშაო ადგილებს შექმნის, ჩინეთს თვითკმარ ქვეყნად გადააქცევს და ამერიკული სავარაუდო სანქციებისაგან და აგრესიისაგან დაიცავს. ჩინეთი ნახტომს განახორციელებს ფოლადის წარმოებასა და ცათამბჯენების მშენებლობაში, ოქროს ერაში შეიყვანს ელექტრომობილების, აკუმულატორების, ბიომექანიკის პროდუქციის წარმოებას და მოსახლეობას დრონების ბაზაზე „მცირე სიმაღლის აპარატებით“ მომსახურების უმაღლეს დონეს შესთავაზებს.

ამ გეგმის მასშტაბები გასაოცარია: ყოველწლიური ინვესტიციები „ახალ საწარმოო ძალებში“ 1,6 ტრილიონ დოლარს მიაღწევს, რაც მთელი ინვესტიციების ერთ მეხუთედ ნაწილს შეადგენს და ორჯერ მეტს, ვიდრე ხუთი წლის წინ იყო. ეს არის 43%-იანი ეკვივალენტი იმ ინვესტიციებისა, რაც 2023 წელს აშშ-ის ეკონომიკაში ჩაიდო. ზოგიერთ დარგებში 2030 წლისათვის საწარმოო ძალები შესაძლოა 75%-ით და მეტითაც გაიზარდოს. ნაწილობრივ ეს განხორციელდება მსოფლიო დონის ჩინური კერძო კომპანიების მეშვეობით, მაგრამ ბევრი რამ სახელმწიფოს სუბსიდიებით გაკეთდება. უცხოური ინვესტიციები მისასალმებელია, მაგრამ ბევრი უცხოური ფილმა ჩინეთში „უკვე დაიწვა“. სი ძინპინის საბოლოო მიზანია მსოფლიო ეკონომიკაში ძალთა ბალანსის შეცვლა. ჩინეთი არა მხოლოდ თავიდან მოიშორებს დასავლურ ტექნოლოგიებზე დამოკიდებულებას, თვითონ გააკონტროლებს მსოფლიოს ინტელექტუალური საკუთრების მნიშვნელოვან ნაწილს. ტრანსეროვნული კორპორაციები იძულებულნი გახდებიან თვითონ კი არ ასწავლონ ჩინელებს, არამედ ჩინური გამოცდილება თვითონ შეისწავლონ.

… ჩრდილოვანი მხარეები

მაგრამ ჩინეთის ოცნებები აუხდენელ-შეუსრულებელია – სი ძინპინის გეგმა ძირშივე მცდარია. მისი ერთ-ერთი ნაკლოვანება იმაში გამოიხატება, რომ არ ითვალისწინებს მომხმარებელთა ინტერესებს. მოსახლეობას რომ ხელი შეეწყოს შრომისათვის, ამისათვის აუცილებელია სტიმულები – უნდა გაუმჯობესდეს სოციალური უზრუნველყოფისა და ჯანდაცვის დონე, უნდა განხორციელდეს ისეთი რეფორმები, რომლებიც ახალგაზრდებს დააკმაყოფილებს. სი ძინპინი კი დახმარებას უძრავი ქონებით სპეკულაციურად მოვაჭრე კომპანიებს ჰპირდება, ახალგაზრდებს კი მოუწოდებს – „ნაკლებად განებივრებულად იცხოვრეთ და მზად იყავით, რომ წინ მძიმე ცხოვრებას გაუძლოთო“.

კიდევ ერთი ნაკლოვანებაა ის რომ სუსტი შინაგანი მოთხოვნილების (მოხმარების) გამო ჩინეთი იძულებული იქნება წარმოებული პროდუქციის საზღვარგარეთ ექსპორტი მოახდინოს. სამწუხაროდ, მსოფლიო თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმს 2000-იანი წლებიდან დაშორდა, სხვათა შორის, თვითონ ჩინეთის მერკანტილური პოლიტიკის გამო. ამერიკა უეჭველად დაბლოკავს ჩინური მოწინავე ტექნოლოგიების იმპორტს და ასევე უეჭველად ხელს შეუშლის სხვა ქვეყნებში ჩინური კომპანიების საქმიანობას. ევროპა ისედაც პანიკაშია იმის გამო, თუ როგორ ანადგურებს ჩინური ავტომობილები ევროპულ ავტომრეწველობას და ცდილობს პეკინის შეზღუდვას. ჩინელი ჩინოვნიკების თქმით, ისინი „გლობალური სამხრეთის“ ქვეყნებზე გადაერთვებიან, მაგრამ თუ განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკა „ჩინური შოკით“ დაზარალდება, ისინიც სიფრთხილეს გამოიჩენენ.. ჩინეთზე მსოფლიო წარმოების 31% მოდის და განა რამდენად გაიზრდება ეს ციფრი პროტექციონიზმის ეპოქაში?

ჩინელი ბიზნესმენების შიში: „წმენდები და რეპრესიები“

სი ძინპინის გეგმის ბოლო ნაკლოვანება არის მისი არარეალისტური მიდგომა იმ მეწარმე-ბიზნესმენთა მიმართ, რომლებიც ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩინური ეკონომიკის მოტორს წარმოადგენდნენ. ანუ ინვესტიციები იმ ახალ დარგებში, რომლებიც კომპარტიის პოლიტიკური მხარდაჭერით სარგებლობენ, გაიზრდება, მაგრამ სხვა ძველი ტრადიციული ე.წ. მოძველებული „კაპიტალისტური დარგების“ განვითარება სარისკო ხდება. ბევრი მსხვილი ჩინელი ბიზნესმენი უკმაყოფილოა სი ძინპინის არაპროგნოზირებადი პოლიტიკის გამო და შიშობენ – ვაითუ წმენდები და რეპრესიები დაიწყოსო. უცხოელი კომპანიებიც სიფრთხილეს იჩენენ: შეიმჩნევა კაპიტალის გადინების დაჩქარებისა და მაგნატების ემიგრაციის ნიშნები.

ჩინეთი შეიძლება 1990-იანი წლების იაპონიას დაემსგავსოს, რომელიც დეფლიაციის ხაფანგში მოექცა და უძრავი ქონების ბაზრის კრახი განიცადა. რაც უფრო უარესია, ჩინური ეკონომიკური ზრდის ცალმხრივ მოდელს საერთაშორისო ვაჭრობის ძირის გამოთხრა შეუძლია და თუ ასე მოხდება, ამით გეოპოლიტიკური დაძაბულობა გაძლიერდება. ამერიკას და მის მოკავშირეებს ასეთი სცენარი არ მოეწონებათ და ზომებს მიიღებენ.

სი ძინპინი არავის არ უსმენს

ისმება კითხვა: თუ ეს ნაკლოვანებები აშკარად ჩანს, მაშინ რატომ არ ცვლის ჩინეთი „ახალი საწარმოო ძალების“ განვითარების კურსს?

ერთ-ერთი მიზეზი იმაში გამოიხატება, რომ სი ძინპინი არავის არ უსმენს. ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩინეთი გახსნილი იყო ეკონომიკური დისკუსიებისათვის, უცხო სპეციალისტების მონაწილეობითაც. ჩინელი ტექნოკრატები სწავლობდნენ მოწინავე მსოფლიო გამოცდილებას და მიესალმებოდნენ აქტიურ ტექნიკურ მოწინავე აზრებს. სი ძინპინის ცენტრალიზებული მართვის გაძლიერების პირობებში კი ეკონომიკის ექსპერტები კი გარიყულები აღმოჩნდნენ. ის აქტიური საქმიანი გამოძახილები კი, რომლებსაც ადრე ჩინეთის ლიდერები ექსპერტებისგან იღებდნენ, დღეს უკვე სუფთა პირფერობად და მლიქვნელობად გადაიქცა.

სი ძინპინის კიდევ ერთი შეცდომა არის ის, რომ იგი თვლის – ეროვნულ უსაფრთხოებას უფრო მეტი პრიორიტეტი უნდა ჰქონდეს, ვიდრე ცხოვრების კეთილდღეობის ზრდასა და აყვავებას. ანუ ჩინეთი მზად უნდა იყოს აშშ-სთან ბრძოლისათვის, თუნდაც ამისათვის განსაზღვრული მძიმე ფასის გადახდა გახდეს საჭირო. სხვათა შორის, 1990-იან წლებთან შედარებით ჩინეთის მიდგომებში ეს ძალზე მნიშვნელოვან და ღრმა ცვლილებას წარმოადგენს, რომლის ნეგატიურ შედეგებს თვითონ ჩინეთის გარდა, მსოფლიოც იგრძნობს.

წყარო