1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “შეძლებს თუ არა ევროპა რუსეთთან შეჯიბრს იარაღის წარმოებაში?”- The Spectator
“შეძლებს თუ არა ევროპა რუსეთთან შეჯიბრს იარაღის წარმოებაში?”- The Spectator

“შეძლებს თუ არა ევროპა რუსეთთან შეჯიბრს იარაღის წარმოებაში?”- The Spectator

143
0

ბრიტანულ ჟურნალ „სფექთეითორში“ (The Spectator) დაბეჭდილია სტატია სათაურით „შეძლებს თუ არა ევროპა რუსეთთან შეჯიბრს იარაღის წარმოებაში?“ (ავტორი – საშა ლენსკი, რუსეთის მოქალაქე. ცენზურის გამო წერს ფსევდონიმით).

მასალაში განხილულია ნატოს ევროპელი წევრების სამხედრო მრეწველობის პრობლემები, რუსეთთან შედარებით.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

„თქვენ უნდა იცოდეთ, რომ თუ ევროპელებს [ვინმე] თავს დაგესხმებათ, ჩვენ არ დაგეხმარებით“ – ასე განუცხადა დონალდ ტრამპმა ევროპის ქვეყნების მეთაურებს, როცა იგი ამერიკის პრეზიდენტი იყო. ამჟამინდელ სიტუაციაში, როცა გეოგრაფიულად (გნებავთ გეოპოლიტიკურადაც) ევროპაში ისეთი მასშტაბის ომი მიმდინარეობს, რომელიც 1945 წლიდან აღარ მომხდარა, კონტინენტმა უნდა გადახედოს თავის დამოკიდებულებას აშშ-ის თეთრი სახლის – თავის მოკავშირისა და მფარველის მიმართ ბოლო 70-ზე მეტი წლის განმავლობაში.

ამჯერად სრულიად შესაძლებელია, რომ ევროპას მოუწევს უფრო მეტად საკუთარი რეზერვებისა და გამძლეობის იმედად იყოს, მაგრამ ჩნდება ბუნებრივი კითხვა: ეყოფა თუ არა კონტინენტს ერთიც და მეორეც? როგორც ამას წინათ აღნიშნა ნატოს გენმდივნის მოადგილემ მირჩა ჯოანემ, პრობლემა არა მარტო ფულშია, არამედ სამხედრო-სამრეწველო პოტენციალშიც: ცივი ომის დასრულების მომენტიდან ევროპის ქვეყნები (ნატოს წევრები) მშვიდობიანი პერიოდის დივიდენდებზე ისხდნენ და იმედოვნებდნენ, რომ მათ უზრუნველ ცხოვრებას არაფერი არ დაემუქრებოდა.

 

რუსეთში არსებული სიტუაცია კი ევროპულისაგან სრულიად განსხვავებულია: მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა გააცნობიერა, რომ უკრაინასთან ომი ისეთი არ იქნება, როგორიც მას ჰქონდა წარმოდგენილი, კრემლმა მოძებნა გზა დასავლური სანქციების გვერდის ასავლელად, რათა იარაღის საწარმოებლად მაღალტექნოლოგიური კომპონენტების იმპორტი განეხორციელებინა. დღეისათვის რუსეთმა ბევრი მიმწოდებელი იპოვა, რომლებიც, სხვათა შორის, მოხარულები არიან მოსკოვთან მომგებიანი ურთიერთობით.

 

როცა 2022 წლის შემოდგომისათვის აშკარა გახდა, რომ უკრაინასთან ომი გაჭიანურდებოდა, რუსეთის სამხედრო წარმოებამ სწრაფი ტემპით ზრდა დაიწყო. ისეთი სამხედრო კომპანიები, როგორებიცაა „ურალმაშზავოდი“ (რომლებიც მძიმე საბრძოლო ტექნიკის წარმოებაში არიან დასპეციალებულნი), სადღეღამისო რეჟიმით მუშაობაზე გადავიდა. ის კომპანიები კი, რომლებიც უარს იტყვიან რუსეთის არმიასთან დაკავშირებული კონტრაქტების დადებაზე, მათ ხელმძღვანელებს რვა წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

 

2024 წელს დაგეგმილია თავდაცვის ხარჯების რეკორდული მატება – რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 6%-მდე. როგორც მირჩა ჯოანემ აღნიშნა, რუსეთის სამხედრო წარმოება „სრულიად პასუხობს დღევანდელ მოთხოვნებს“ – ტანკების, ქვემეხებისა და ჭურვების დაბალტექნოლოგიური და იმავდროულად სრულყოფილი წარმოებისათვის, ხოლო რაკეტებისა და დრონების დასამზადებლად მაღალტექნოლოგიურ კომპონენტებს (მაგალითად, „ჩიპებს“ // ინტეგრალურ სქემებს) რუსეთი ნაწილობრივ თვითონაც აწარმოებს, უმეტესად კი მესამე ქვეყნების მეშვეობით იღებს. ამასთან, რაკეტებს და დრონებს კრემლი ირანისა და ჩრდილოეთ კორეისგანაც ყიდულობს.

 

ამჟამად რუსეთის სამხედრო მრეწველობაში აშკარად შეიმჩნევა ოპტიმიზმი: მთავარი სახელმწიფო-სამრეწველო კორპორაციის „როსტექ“-ის ხელმძღვანელმა სერგეი ჩერნეზონმა გასაოცარი ციფრები გააჟღერა ორი თვის წინათ, ტელეინტერვიუს დროს – მისი თქმით, 2023 წელს, ტანკების წარმოება 7-ჯერ, მძიმე საარტილერიო სისტემების – ორჯერ და მეტად, ხოლო მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღისა – 60-ჯერ გაიზარდა, რაც ლიტონი სიტყვები ნამდვილად არ არის. სამხედრო მრეწველობის ზრდის ტემპები რუსეთის არმიის ინტენსიურ საომარ მოქმედებებითაც დასტურდება.

 

ევროპა კი ამ მხრივ რთულ სიტუაციაშია ჩავარდნილი. ევროპა დიდი ხნის მშვიდობიანი პერიოდის განმავლობაში იარაღის ნელი წარმოებისადმი იყო მიჩვეული, თანაც მცირე რაოდენობით, ახლა კი იძულებულია ტემპები რადიკალურად შეცვალოს. მართალია, სამხედრო არსენალის მოდერნიზება-მატებისათვის ფული უკვე გამოყოფილია (დაახლოებით 230 მილიარდი ევრო), მაგრამ სამხედრო მრეწველობის ისეთი სწრაფი ზრდა, როგორც რუსეთშია, ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება.

 

რასაკვირველია, ზოგიერთი ქვეყანა უფრო უკეთეს მდგომარეობაშია, ზოგიც უარესში. არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ პოლონეთი, თავისი ისტორიისა და გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, შედარებით კარგად ემზადება – ვარშავამ უკვე გააფორმა 10 მილიარდი ევროს კონტრაქტები ამერიკულ კომპანია „ლოქხიდ მარტინთან“ – HIMARS-ის სისტემის 500 სარაკეტო დანადგარის მიწოდებისათვის (კონტრაქტის დასრულების შემდეგ პოლონეთს უფრო მეტი HIMARS-ები ექნება, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებს).

 

რას აკეთებს გერმანია, რომლის ბუნდესვერს ევროპის უსაფრთხოებაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება? ერთ-ერთი გერმანელი სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, „მშვიდობიანი და ბედნიერი ცხოვრების წლებში“ სამხედრო სფეროს განმტკიცების მიმართ გამოჩენილი გულგრილობის გამო „არმია შიშველი დარჩა“. ცხადია, თავის მხრივ, რუსეთ-უკრაინის ომის შემხედვარე, ბერლინიც გააქტიურდა, მაგრამ საკმაოდ ნელი ტემპით:

კომპანია Rheinmetall-ის განცხადებით, 155-მილიმეტრიანი ქვემეხების ჭურვების დამზადების 33%-იანი ზრდა მხოლოდ 2024 წლის ბოლოსათვის იქნება შესაძლებელი (თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი სხვა უფრო რთული მძიმე სამხედრო ტექნიკის გამოშვების მატებაზე არაფერს ამბობს). სხვათა შორის, გერმანიას, მრავალჯერადი განცხადების მიუხედავად, თავისი თავდაცვის სფერო მშპ-ის 2%-თ ჯერაც არ აქვს უზრუნველყოფილი.

 

შვედეთი, რომელიც ჯერ-ჯერობით ნატოს წევრი არ არის, მაგრამ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლამდე „ერთი ნაბიჯიღა აკლია“, სამხედრო სფეროს ხარჯები თითქმის 30%-ით გაზარდა, მაგრამ თავისი მაღალტექნოლოგიური სამხედრო მრეწველობისა და ჯარში სამსახურის გაგრძელების მიუხედავად, მშპ-ის 2%-ის გამოყოფას თავდაცვის სფეროსათვის მხოლოდ 2026 წლისათვის აპირებს.

 

ობიექტურად თუ ვიტყვით, ევროპისათვის ისტორიულად ხანგრძლივი მშვიდობით განპირობებული „საღათას ძილიდან“ გამოსვლის შემდეგ ასეთი „გააქტიურებაც“ კი საკვირველია, მაგრამ ევროპულ სამხედრო მრეწველობის წინაშე ორი მნიშვნელოვანი პრობლემა დგას: პირველი – საკუთარი თავდაცვის სისტემების სწრაფი წარმოება-მოდერნიზება და მეორე – უკრაინისადმი ადეკვატური დახმარების გაწევა. ეს მომენტი შეშფოთებას იწვევს: გასულ ზაფხულს უკრაინას აშკარა უპირატესობა ჰქონდა ჭურვებით მომარაგებაში (დღეში 7500 გასროლა, რუსეთის 5000 გასროლასთან შედარებით), ამჟამად კი ჭურვების გასროლის რაოდენობა დღეში მხოლოდ 2000 აღწევს, რუსეთმა კი ადრინდელი რაოდენობა (5 ათასი) შეინარჩუნა და 2024 წლის შუახანებისთვის მის გაორმაგებას აპირებს.

 

თუ მხედველობაში მივიღებთ ვლადიმერ პუტინის მუქარანარევ განცხადებებს, ევროპამ სიტუაცია „ხელში უნდა აიყვანოს“. ევროპამ უარი უნდა თქვას იარაღის წარმოებაში საბაზრო-ორიენტირებულ მიდგომაზე და სამხედრო მრეწველობის უპირატესი ნაწილი სახელმწიფოს კონტროლქვეშ უნდა მოაქციოს. ყურადღება უნდა დაეთმოს არამარტო საბრძოლო მასალების წარმოებას, არამედ საბრძოლო იარაღის წარმოებასაც, თანაც იარაღი ხარისხიანი უნდა იყოს – მოდერნიზებულ-გარემონტებულიც და ახლადწარმოებულიც: ჭურვი გინდაც უამრავი გქონდეს, თუ ქვემეხს ლულა არ უვარგა, მათ მაინც ვერ გაისვრი.

 

როგორც 2023 წელმა აჩვენა, უკრაინისთვის საკუთარი ტერიტორიის დაბრუნება ჰაერში ბატონობის გარეშე შეუძლებელია. კიევს „ფალკონის“ (F-16) ტიპის ავიაგამანადგურებლები ათობით კი არა, ასობით დაჭირდება, ასევე სხვა ტიპის თვითმფრინავებიც.
მოკლედ, თუ დასავლეთი ძველებურად მხარს უჭერს უკრაინის 1991 წლის დროინდელი საზღვრების აღდგენას, მაშინ უკრაინას გაძლიერებული ტემპით და მეტი რაოდენობით უნდა მიაწოდოს იარაღი. თუ არ უჭერს მხარს, მაშინ ამის ალტერნატივა სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყება წარმოადგენს, რასაც შედეგად, სამწუხაროდ, ქვეყნის გაყოფა მოჰყვება – აგრესორს შეუძლია რამდენიმე წლის შემდეგ იგივე გაიმეოროს.

 

რა თქმა უნდა, ევროკავშირის საშუალო სტატიკურ ამომრჩეველს არ სურს ცუდი ამბების გაგება მოსალოდნელ ომზე და სამხედრო ხარჯების გაზრდაზე, მაგრამ ეს გარდაუვალია და აუცილებლად მოხდება. „ილაპარაკეთ მშვიდად, მაგრამ კომბალი მზად უნდა გქონდეთ“, – უთქვამს 1901 წელს აშშ-ის პრეზიდენტს თეოდორ რუზველტს, როცა მას კითხვა დაუსვეს კარიბის ზღვის რეგიონში და, საერთოდ, მსოფლიოში მშვიდობის უზრუნველყოფის თაობაზე.

 

ევროპა დღემდე, მართალია, უკრაინის ომით გამოწვეული გარკვეული შეშფოთების ფონზე, მაგრამ რუსეთს მაინც მშვიდად ელაპარაკებოდა, ახლა კი დადგა დრო თეოდორ რუზველტის ნათქვამის მეორე ნაწილის მიხედვით ვიმოქმედოთ.

წყარო: