იმ განცხადებაზე, რაც ლიეტუვის წარმომადგენელმა ევროპარლამენტარმა გააკეთა, პოლიციის ხელმძღვანელის დასანქცირების მოთხოვნასთან დაკავშირებით, სერიოზული კომენტარის გაკეთებაც კი მიჭირს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა „დღის ქრონიკაში“ ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩუსის განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომელიც გუშინ ევროპარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე სიტყვით გამოვიდა.
„როგორ შეიძლება ასე აზროვნებდე და ასე მსჯელობდე ევროპარლამენტარი. ეს არის პირდაპირი თავდასხმა სახელმწიფო ინსტიტუციაზე და ერთგვარი ძალადობის წახალისებაც. ინსტიტუცია, რომელიც იცავს ქვეყნის უსაფრთხოებას, წესრიგს და უზრუნველყოფს რომ შეკრებები, რომელიც იმართება, კანონის ფარგლებში ჩატარდეს, რატომ უნდა მოგივიდეს ასეთი რამ, რომ ამ ინსტიტუციის ხელმძღვანელის დასანქცირებაზე ისაუბრო, ჩემთვის წარმოუდგენელია“, – აღნიშნა გიორგი კახიანმა.
მისი თქმით, ასეთ განცხადებებზე განმარტებები უნდა გაკეთდეს.
„ასეთი განცხადებების უბრალოდ გატარება არ შეიძლება. ჩემი აზრით, ამას საგარეო საქმეთა სამინისტროსგან უნდა მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება და ელჩმა უნდა გააკეთოს განმარტებები, რატომ ხდება მათი წარმომადგენელი ევროპარლამენტარების მხრიდან თავდასხმა სახელმწიფო ინსტიტუციებზე“, – აღნიშნა გიორგი კაციანმა.
ევროპარლამენტარმა, პეტრას აუსტრევიჩუსმა ევროკავშირის ინსტიტუტებს მიმართა, სანქციები შემოიღონ ზვიად ხარებაშვილისა და ვაჟა სირაძის წინააღმდეგ.