1. Home
  2. TOP სიახლე
  3. საქართველოსთვის ახალი შესაძლებლობების ფანჯარა იხსნება
საქართველოსთვის ახალი შესაძლებლობების ფანჯარა იხსნება

საქართველოსთვის ახალი შესაძლებლობების ფანჯარა იხსნება

765
0

უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების დაწყების ფონზე, ევროკომისიამ გეგმა წარადგინა, რომლის თანახმადაც, მან  წლის ბოლომდე, რუსულ გაზზე დამოკიდებულება 2/3-ით უნდა შეამციროს, ხოლო 2030 წლამდე რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტი სრულად უნდა გაუქმდეს. 

 

ევროკავშირი აზერბაიჯანთან შეთანხმებას გააფორმებს, რომლის თანახმადაც, რამდენიმე წელიწადში აზერბაიჯანიდან ევროკავშირის ქვეყნებში გაზის მიწოდება გაორმაგდება. ამ საკითხზე ევროკავშირის წარმომადგენლებმა აზერბაიჯანში შეხვედრები უკვე გამართეს.

 

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრამდეც რუსული გაზის მიწოდება ევროკავშირში სანდო აღარ იყო, ამიტომ ევროკავშირმა რუსეთისგან დივერსიფიცირება და უფრო სანდო პარტნიორებზე გადართვა გადაწყვიტა. ევროკომისიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ აზერბაიჯანი მომარაგების უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი ენერგო პარტნიორი იქნება.

 

“ვიღებთ ვალდებულებას, გავაფართოოთ „სამხრეთის გაზის დერეფანი“, ეს უკვე არის ძალიან მნიშვნელოვანი მიწოდების მარშრუტი ევროკავშირში, რომელიც წლიურად 8 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს აწვდის,”- აცხადებს ლაიენი.

 

ინფორმაციისთვის, ბუნებრივი აირის მარაგების მოცულობით აზერბაიჯანი მსოფლიოში 25-ე ადგილზეა და ის 35 მილიონ კუბურ ფუტ გაზს ფლობს, რაც გლობალური რეზერვის 0.5%-ია, წარმოების წლიური მაჩვენებლით კი, აზერბაიჯანი მსოფლიო რეიტინგში 31-ე ადგილს იკავებს.

 

რაც შეეხება რუსეთის ფედერაციას, ის ბუნებრივი აირის მარაგების მოცულობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა, წარმოების მაჩვენებლით კი – მეორეზე. რუსეთი დაახლოებით 1 688 228 000 კუბურ ფუტ გაზს ფლობს, რაც გლობალური რეზერვების 24.3%-ია. ევროკავშირის მიერ ყოველწლიურად იმპორტირებული გაზის საერთო მოცულობის თითქმის 45% კი, რუსეთიდან შედის.

 

ევროკავშირისთვის აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის მიწოდება საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანი საკითხია, ვინაიდან გაზის ეს გაორმაგებული ოდენობა, რაც ევროპას უნდა მიეწოდოს, საქართველოს ტერიტორიაზე გაივლის. 

 

როგორც ტრანზიტული სახელმწიფო, საქართველო წლიურად „შაჰდენიზის“ გაზსადენში გატარებული გაზის 5%-ს უფასოდ, 25%-ს (0,5 მილიარდი კუბური მეტრი) კი შეღავათიან ფასად იღებს. თუ აზერბაიჯანი საქართველოს ტერიტორიის გავლით, ევროკავშირს ბუნებრივი რესურსის მიწოდებას გაუორმაგებს, საქართველოს სატრანზიტო ფუნქციაც გაიზრდება. შესაბამისად, გაიზრდება საქართველოს,  როგორც ტრანზიტული ქვეყნის სარგებელიც.

 

თუმცა, საინტერესოა კონკრეტულად რა სარგებელს მიიღებს საქართველო ახალი პროექტით და რა როლი ექნება მას ამ პროცესში? ამასთან,  შესაძლებელია თუ არა პროექტის განხორციელება საქართველოს გვერდის ავლით მოხდეს? – ამ კითხვებით „ჯორჯიან თაიმსი“  კომპანია SOCAR MIDSTREAM-ს  დაუკავშირდა, რომელიც „შაჰდენიზის“, (იგივე სამხრეთ კავკასიის მილსადენით) ბუნებრივი აირის ტრანზიტს ახორციელებს. გამოცემა შეეცადა კომპანიის წარმომადგენლებისგან გაერკვია, არსებობს თუ არა სხვა ალტერნატივა, რომ აზერბაიჯანიდან გაზის გაორმაგებული რაოდენობა „შაჰდენიზის“ გვერდის ავლით გავიდეს. კომპანიის წარმომადგენლობამ ოფიციალური კომენტარი არ გააკეთა და განაცხადა, რომ ამ პროცესში ჩართულები არ არიან.

 

თუმცა, ენერგეტიკული პოლიტიკის საკითხებში ექსპერტი თემურ გოჩიტაშვილი აცხადებს, რომ აზერბაიჯანიდან ევროკავშირის ქვეყნებისთვის გაზის მიწოდება იმავე კორიდორის საშუალებით მოხდება, რომელშიც „შაჰდენიზის“ მილსადენია გაყვანილი. ექსპერტი გაზის მიწოდების სხვა ალტერნატივას გამორიცხავს და აცხადებს, რომ არსებული ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე, საქართველო პროცესში ჩართული თავისთავად აღმოჩნდება.

 

საქართველოს პროცესიდან გათიშვის მინიმალურ რისკს ხედავს ყოფილი ვიცე-პრემიერი და ედუარდ შევარდნაძის ყოფილი ეკონომიკური მრჩეველი – თემურ ბასილიაც. როგორც მან გამოცემასთან განაცხადა, რეგიონში შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ევროკავშირში ბუნებრივი აირის მისაწოდებლად სამხრეთ კავკასიის გაზსადენის გარდა, სხვა გზების გამოყენება შეუძლებელი ხდება. 

 

“რისკი იმისა, რომ პროექტის განხორციელება საქართველოს გვერდის ავლით მოხდეს, მინიმალურია. საერთაშორისო ვითარება ისეა შექმნილი, რომ ერთადერთი რეალური გზა, რომლითაც შესაძლებელია ბუნებრივი აირი ევროპას მიეწოდოს, საქართველოსა და თურქეთის გავლით გადის. ბუნებრივია, სხვა გზები არსებობს, მაგრამ რეგიონში შექმნილი პოლიტიკური ვითარება სხვა მარშრუტების გამოყენების საშუალებას არ იძლევა”,- აცხადებს ის. 

 

ბასილია ვერ გვპასუხობს, თუ რატომ არ არის საქართველოს მთავრობა ჩართული პროექტის განხილვაში, თუმცა, აცხადებს, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ამ პროექტში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. 

 

ბასილაია გაზსადენის ეკონომიკურ სარგებელზეც საუბრობს და აცხადებს, რომ როდესაც საქართველო სხვა ქვეყანას აძლევს ნებართვას, მისი ტერიტორია გამოყენებული იყოს გაზის გატარებისთვის, ამ უფლების მიცემაში საქართველომ გარკვეული შემოსავალი უნდა მიიღოს. 

 

“საქართველო სხვა ქვეყანას  საშუალებას აძლევს, მისი ტერიტორია გამოყენებული იყოს ნავთობის ან ბუნებრივი აირის მისაწოდებლად, ის გარკვეულ სარგებელსაც იღებს. დარწმუნებული ვარ, ახალი პროექტის განხორციელების შემთხვევაშიც ასე იქნება. 90-იან წლებში, როდესაც ნავთობსადენებისა და გაზსადენების პროექტების განხორციელებაზე დაიწყო მოლაპარაკებები, ხელშეკრულებაში შავი თეთრზე ჩაიწერა, რომ საქართველო უფასოდ მიიღებდა 5%-ს, გარკვეულ რაოდენობაზე კი, შეღავათიანი ფასით ისარგებლებდა. მგონია, რომ ამ შემთხვევაშიც იგივე პრინციპი იმოქმედებს, ოღონდ ამ შემთხვევაში, საქართველო ამ პროცესში უფრო აქტიურად უნდა მონაწილეობდეს, რათა საკუთარი ინტერესი დაიცვას,”- აცხადებს ბასილია.

 

მისივე თქმით, საქართველომ გაზი უფრო შეღავათიანი ფასით უნდა მიიღოს, რაც შექმნის შესაბამის პირობებს, რომ საქართველოში ტარიფი ან შემცირდეს, ან სტაბილურად შენარჩუნდეს, რაც ეკონომიკაზე პოზიტიურად აისახება. 

 

გარდა ამისა, ბასილია საცავების არარსებობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს საცავების ასაშენებლად გამოყოფილი თანხა დაიკარგა. 

 

“საცავები საქართველოს არ აქვს. ჯერ კიდევ სააკაშვილის მმართველობის დროს იყო გადაწყვეტილება მიღებული, იასთან დაკავშირებით, რომ  საცავები აშენებულიყო. 500 მილიონი ევროს ოდენობის სესხი იქნა მიღებული და ეს თანხა საცავების მშენებლობას უნდა მოხმარებოდა, მაგრამ თანხა ისე დაიკარგა, არავის მოუკითხავს. ვინაიდან დღეს ქვეყანას საცავები არ გააჩნია, ბუნებრივ აირს ვიღებთ და ვიყენებთ. თუ ქვეყანას საცავები ექნებოდა, როგორც ეს ევროპის ქვეყნებშია, შეგვეძლო ბუნებრივი აირის გარკვეული რაოდენობა მიგვეღო, დაგვერეზერვებინა და ზამთრის პერიოდში, ან მაშინ, როდესაც გაზის მოხმარება მკვეთრად გაიზრდებოდა, ეს რეზერვი გამოგვეყენებინა“, – აცხადებს თემურ ბასილია.  

 

აზერბაიჯანიდან ევროკავშირში გაზის გაორმაგებული რაოდენობის ტრანზიტის პროექტით საქართველოსთვის ახალი შესაძლებლობების ფანჯარა იხსნება, რაც ქვეყანამ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს. როგორ მოხდება პროექტის განხორციელება და როგორ ჩაერთვება საქართველო ყველა ამ პროცესში, “ჯორჯიან თაიმსი” განახლებულ მასალას მოგვიანებით შემოგთავაზებთ. 

geotimes.ge /თათია შაიშმელაშვილი/