იტალიის თავდაცვის მინისტრმა გვიდო კროზეტომგანაცხადა, რომ უკრაინა რუსეთთან ომს „ვერასდროს მოიგებს". ამასთან, მან აღნიშნა, რომ უკრაინისთვის ნამდვილი გამარჯვება სულ სხვა რამეში მდგომარეობს. ამის შესახებ მან BBC-თან ინტერვიუში ისაუბრა.

„უკრაინა ამ ომს ვერასდროს მოიგებს... ბოლოს და ბოლოს, როდესაც იტალიაში ვიღაცამ თქვა: „უკრაინა ომს მოიგებს", ზოგიერთს ეგონა, რომ უკრაინას რუსეთის დამარცხება სურდა, რომ ზელენსკი პრაქტიკულად უკრაინული დროშით შევიდოდა მოსკოვში. არა, ეს შეუძლებელია", - აღნიშნა მან.

კროზეტომ დასძინა, რომ მისი მიზანია უკრაინის გადარჩენის უზრუნველყოფა და ომის დასრულება.

„უკრაინისთვის გამარჯვება ნიშნავს, რომ რუსეთი წავა, შეწყვეტს ბომბების ჩამოყრას და უკრაინა კვლავ გახდება თავისუფალი ქვეყანა - თავისუფალი იმისთვის, რომ იცხოვროს და საკუთარი მომავალი ჰქონდეს. სწორედ ასეთ გამარჯვებას ვუსურვებთ ყველანი უკრაინას", - განმარტა მან.

მისი თქმით, იტალიის მოქალაქეების უმრავლესობა უკრაინისთვის დახმარების გაწევის წინააღმდეგია მაშინ, როცა ქვეყნის ხელისუფლება მხარდაჭერას აგრძელებს.

„ძნელია იმის ახსნა, რომ ხალხს წინააღმდეგობის გაწევაში უნდა დაეხმარო და რომ ასეთი დახმარება მშვიდობის წინააღმდეგ ყოფნას არ ნიშნავს. და, უპირველეს ყოვლისა, არ უნდა აჰყვე საზოგადოებრივ აზრს, თუ ფიქრობ, რომ ის არასწორია", - აღნიშნა მან.

კროზეტომ დასძინა, რომ იტალიამ უკრაინას უკვე გაუგზავნა დახმარების 12 პაკეტი და, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე კიდევ ერთს გაუგზავნის.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ რუსეთი ამჟამად თავისი ბიუჯეტის მნიშვნელოვან ნაწილს იარაღში, ან სამხედრო სექტორში ინვესტიციებზე ხარჯავს, ამიტომ, როგორც ჩანს, პუტინი უკრაინაზე გაჩერებას არ აპირებს.

„მათი სამხედროების რაოდენობა 1,5 მილიონს მიაღწევს. ასე რომ, თუ ომი ხვალ დამთავრდება, რას იზამს პუტინი 1,5 მილიონი ჯარისკაცით? თუ ის ხვალ დილით ომს დაასრულებს, ის შიდა პრობლემების წინაშე აღმოჩნდება. იმის გათვალისწინებით, რომ ის ტემპის აჩქარებას აგრძელებს, ეს მაფიქრებინებს, რომ მას უკრაინაზე გაჩერება არ სურს... სწორედ ამიტომ ვემზადებით ჩვენ - როგორც ევროპა და ნატო", - ხაზგასმით აღნიშნა მან.