1. Home
  2. TOP სიახლე
  3. „საქართველოს კაპიტალის“ დირექტორთა საბჭო ირაკლი გილაურთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„საქართველოს კაპიტალის“ დირექტორთა საბჭო ირაკლი გილაურთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„საქართველოს კაპიტალის“ დირექტორთა საბჭო ირაკლი გილაურთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

566
0

„საქართველოს კაპიტალის“ (Georgia Capital PLC) დირექტორთა საბჭო ირაკლი გილაურთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დირექტორთა საბჭო ეხმაურება „რადიო თავისუფლების“ მიერ წინა კვირაში გავრცელებულ სტატიას.

„კერძოდ, სტატიაში ნახსენები იყო, რომ აშშ-ის კონგრესის წევრებმა აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას გაუგზავნეს წერილი, რომელშიც მოცემული იყო 25 სხვადასხვა პირისგან შემდგარი სია. მათ შორის მოხსენიებული იყო „საქართველოს კაპიტალის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი გილაური. წერილი შეიცავდა მოწოდებას ამ სიაში შემავალი პირების მიმართ გარკვეული ქმედებების განხორციელებისკენ, საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით.

დირექტორთა საბჭოს არ გააჩნია ინფორმაცია ზემოაღნიშნული სიის წარმომავლობასთან დაკავშირებით. თუმცა დირექტორთა საბჭო აქტიურად მუშაობს აშშ-ის ოფიციალურ პირებთან გარემოებების გარკვევის მიზნით. „საქართველოს კაპიტალი“ არის ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული საჯარო კომპანია და მის ძირითად აქციონერებს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის ინსტიტუციონალური ინვესტორები წარმოადგენენ. ირაკლი გილაურის ხელმძღვანელობით კომპანია იმართება კორპორატიული მართვის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად. ჩვენ გვაკისრია პასუხისმგებლობა პირთა საკმაოდ ფართო წრის მიმართ და, შესაბამისად, ჩვენი კომპანიის პოლიტიკა ყოველთვის ითვალისწინებდა ქვეყნის პოლიტიკურ პროცესში ჩაურევლობას.

დირექტორთა საბჭოს გააჩნია სრული ნდობა ირაკლი გილაურისადმი და არ ეთანხმება არანაირ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის მთავრობა, შესაძლოა, განიხილავდეს მის წინააღმდეგ რაიმე მოქმედების განხორციელებას. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენისა და განხილვის შედეგად ნებისმიერი უფლებამოსილი ორგანო გაიზიარებს ჩვენს შეხედულებას.

„საქართველოს კაპიტალი“ აგრძელებს კორპორატიული მართვის უმაღლესი სტანდარტებით მოქმედებას და მიმართავს ყველა საჭირო ზომას კომპანიისა და ირაკლი გილაურის მიმართ დაუსაბუთებელ ბრალდებებზე საპასუხოდ“, – აღნიშნულია განცხადებაში.