1. Home
  2. სიახლეები
  3. პოლიტიკა
  4. “საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ევროკავშირისთვის ახალ შესაძლებლობებს ხსნის”- წილოსანი
“საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ევროკავშირისთვის ახალ შესაძლებლობებს ხსნის”- წილოსანი

“საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ევროკავშირისთვის ახალ შესაძლებლობებს ხსნის”- წილოსანი

51
0

“საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ევროკავშირისთვის ახალ შესაძლებლობებს ხსნის. საჭიროა მჭიდრო თანამშრომლობა, რათა ეს შესაძლებლობები საქართველომ და ევროკავშირმა ერთობლივად გამოიყენონ”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა ესპანეთში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

„პირველ რიგში, მადლობა მსურს გადავუხადო ესპანეთს მასპინძლობისთვის. ჩემთვის პატივია ევროკავშირის წევრი ქვეყნების სპიკერების კონფერენციაში მონაწილეობა და მსჯელობა იმ საკითხებზე, რაც დღეს აქტუალურია ევროკავშირისთვის და, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირის მომავალი წევრი ქვეყნისთვის.

საქართველომ გასული წლის დეკემბერში მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. მადლობა ჩვენს პარტნიორებს ამ მნიშვნელოვან პროცესში მხარდაჭერისთვის. აუცილებელია, ყველამ კარგად გავაცნობიეროთ ამ ახალი რეალობის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა. საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ევროკავშირისთვის ახალ შესაძლებლობებს ხსნის და საჭიროა მჭიდრო თანამშრომლობა, რათა ეს შესაძლებლობები საქართველომ და ევროკავშირმა ერთობლივად სასიკეთოდ გამოიყენონ.

მიუხედავად ურთულესი უსაფრთხოების გამოწვევებისა და რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციისა, სწორედ წარმატებული რეფორმების შედეგად შევძელით, გაგვეხადა ჩვენი ქვეყანა მიმზიდველი ბევრი მიმართულებით. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სტაბილურად ორნიშნა ეკონომიკური ზრდა შესაძლებლობას გვაძლევს, მეტად ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების სოციალურ საჭიროებებზე. სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აუცილებელია იმისთვის, რომ საქართველოს დაკავშირებადობა ევროკავშირთან გავზარდოთ და, ამასთანავე, სწორად გამოვიყენოთ საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი.

დღეს ბევრს ვსაუბრობთ დეზინფორმაციაზე და დემოკრატიულ პროცესებზე მის გავლენაზე. არც საქართველოა გამონაკლისი. ჩვენც გვიწევს, გავუმკლავდეთ გამოწვევებს, რაც, ხშირად, ქვეყნის რეპუტაციას ჩრდილს აყენებს. რეფორმები და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარება რჩება ჩვენი დღის წესრიგის მნიშვნელოვან საკითხად. ვფიქრობთ, პროცესი ხელოვნურად არ უნდა გაიწელოს და ყველა კანდიდატ ქვეყანას უნდა მიეცეს ერთანაირი შესაძლებლობები, რათა დროულად დავიწყოთ მოლაპარაკებების პროცესი ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

ევროკავშირის საბჭოს საპრეზიდენტო ტრიოს ორგანიზებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენცია დღეს დასრულდა. მასში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი.

ევროკავშირის სპიკერთა კონფერენცია ყოველწლიური ფორუმია, რომელშიც მონაწილეობენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების სპიკერები, ევროპარლამენტის პრეზიდენტი და კანდიდატი ქვეყნების პარლამენტის სპიკერები. სპიკერთა კონფერენცია მიზნად ისახავს პარლამენტების როლის დაცვას, საერთო სამუშაოს განხორციელების მხარდაჭერასა და საპარლამენტთაშორისო საქმიანობის ხელშეწყობას.