1. Home
  2. TOP სიახლე
  3. „საქართველოს ბრძოლა დემოკრატიის შესანარჩუნებლად“ – რას წერს უცხოური პრესა
„საქართველოს ბრძოლა დემოკრატიის შესანარჩუნებლად“ – რას წერს უცხოური პრესა

„საქართველოს ბრძოლა დემოკრატიის შესანარჩუნებლად“ – რას წერს უცხოური პრესა

107
0

„თბილისი კარგი ადგილია თანამედროვე კლუბური კულტურის გასაცნობად: წვეულებები და გასართობი საღამოები გვიანობამდე გრძელდება. თუმცა ბოლო კვირების განმავლობაში ბევრ ახალგაზრდა ქართველს ღამ-ღამობით არ სძინავს არა კლუბში გართობის გამო, არამედ ქვეყნის სამომავლო ბედზე დარდით – ისინი საქართველოს დემოკრატიულ კურსს იცავენ“, – ასე იწყება ავსტრიის გაზეთ „დერ სტანდარდში“ (Der Standard) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „საქართველოს ბრძოლა დემოკრატიის შესანარჩუნებლად“ (ავტორი – ფაბიან სომავილა).
პუბლიკაციაში განხილულია თბილისში მიმდინარე ხალხმრავალი საპროტესტო აქცია-დემონსტრაციების მიზეზი – კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც მმართველმა პარტიამ შეიმუშავა და უკვე მეორედ ცდილობს მის მიღებას“. მასალაში აღწერილია პოლიციისა და საპროტესტო აქციების მონაწილეების ურთიერთდაპირისპირების ფაქტები, რომელიც სადაო (რუსული კანონის მსგავსი) კანონპროექტის პარლამენტში შეტანამ გამოიწვია. „საპროტესტო აქციის მონაწილენი კანონპროექტს „სახელმწიფოს ღალატის კანონს“ უწოდებენ“, – აღნიშნავს ავტორი.


„ქართული ოცნების“ ინიცირებულმა კანონპროექტმა ნეგატიური შეფასება დაიმსახურა როგორც ევროპარლამენტში და ევროკავშირის ქვეყნებში, აშშ-ის ხელისუფლების მხრიდანაც. „დასავლელი პოლიტიკოსებისა და ექსპერტებისა აზრით, დოკუმენტი, მისი ძალაში შესვლის შემთხვევაში, ხელს შეუშლის საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, ამიტომ მისი მიღება არ უნდა მოხდეს“, – წერს ავტორი და ხაზს უსვამს, რომ პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა კანონპროექტი მესამე მოსმენით „სულ რაღაც 67 წამში მიიღო“.


სტატიაში აღნიშნულია, რომ არადემოკრატიული კანონპროექტი შეიმუშავა მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ „ქართულმა ოცნებამ“ – პრორუსულმა და არალიბერალურმა პარტიამ, რომლის უკან ძლიერი პიროვნება – მილიარდერი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი დგას.

„საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები, მაგალითად „ფრიდომ ჰაუსი“ ოლიგარქს იმაში ადანაშაულებს, რომ მან თავისი ქონება რუსეთში 1990-იან წლებში დააგროვა, ბოლო წლებში კი საქართველოს [კულისებიდან] აკონტროლებს. ბიძინა ივანიშვილმა მინისტრებად დანიშნა თავისი სანდო პირები, ხოლო მისი ერთგული ადამიანები ფლობენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, ბანკებს და ა.შ.“, – წერს ავტორი.


„რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დღიდან „ქართული ოცნება“ ქვეყნის მოსახლეობას შიშს უნერგავს და ავრცელებს პრომოსკოვურ იდეებს, რომ დასავლეთთან ინტეგრირება კრემლს განარისხებს და და საქართველოსაც უკრაინის მსგავსი ბედი ელოდება. არადა, ქვეყნის მთავრობის ასეთი პოზიცია გასაკვირია, რადგან სიტუაცია პირიქით არის: სწორედ უკრაინამ „გაიზიარა“ საქართველოს ბედი – იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინაზე ადრე, 1992 და 2008 წლებში რუსეთის აგრესიის მსხვერპლი საქართველო აღმოჩნდა. 2013 წელს როცა ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი იყო, ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ მას არ სჯერა, რომ რუსეთის სტრატეგიას მეზობელი ქვეყნების მიწა-წყლის მიტაცება წარმოადგენს. არ გასულა ერთი წელიც, რომ რუსეთმა მისი „ისტორიული პროგნოზი“ უარყო – კრემლმა დონბასში ომი გააჩაღა, ყირიმი კი მიიტაცა.


საქართველოს მთავრობის ოპორტუნისტული კურსი, რომელიც სიტყვით ევროკავშირისა და ნატოს წევრობის სურვილს ამჟღავნებს, საქმით კი ევროინტეგრაციის წინააღმდეგ გამოდის, ქართველთა უმრავლესობას უკვე აღარ იზიდავს. თუმცა ამჟამად ისეთი მდგომარეობაა, რომ კანონპროექტის მიღება პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით მაინც განხორციელდება. სწორედ ამიტომ საპროტესტო აქციის ბევრი მონაწილე და თვით ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი [რომელიც, სხვათა შორის, ამ პოსტზე „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით იქნა არჩეული], იმედით ელოდება შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს. მან მოუწოდა მომიტინგეებს, რომ იმედიანად იყვნენ: არჩევნებში [ოპოზიციის] გამარჯვების შემდეგ ჩამოყალიბებული ახალი მთავრობა „პრორუსულ“ კანონს გააუქმებს.


მაგრამ რამდენადაც ოპოზიციის მოქმედებითაც ბევრია უკმაყოფილო და ვერ ხედავს ერთიანი ოპოზიციური ლიდერის წარმოჩენის შესაძლებლობას, ხელისუფლების შეცვლის ალბათობა საკმაოდ დაბალია, მით უმეტეს, რომ კანონად ქცეულ კანონპროექტს შეუძლია ხელი შეუშალოს „ქართული ოცნების“ ოპონენტების საქმიანობას“, – ასკვნის ავტორი სტატიის დასასრულს.


წყარო