1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ავბედითი დაპირისპირება საქართველოში”-Financial Times
“ავბედითი დაპირისპირება საქართველოში”-Financial Times

“ავბედითი დაპირისპირება საქართველოში”-Financial Times

56
0

ბრიტანული გაზეთი „ფაინენშელ თაიმსი“ (Financial Times) აქვეყნებს სარედაქციო სტატიას სათაურით „ავბედითი დაპირისპირება საქართველოში“.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

„2024 წლის თბილისში 2014 წლის კიევის შემაშფოთებელი გამოძახილი ისმის. ათი წლის წინ უკრაინის დედაქალაქში ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა მას შემდეგ, რაც რუსეთზე ორიენტირებულმა პრეზიდენტმა უარი განაცხადა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე.

დღეს საქართველოს დედაქალაქში მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს იმ კანონპროექტის წინააღმდეგ („უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“), რომლის დაკანონება მოსკოვის მიერ კონტროლირებული ოლიგარქის გავლენის ქვეშ მყოფმა მთავრობამ განიზრახა. [მილიარდერის სურვილით] მთავრობა ოპოზიციას უსწორდება და ძირს უთხრის ქვეყნის იმედებს ევროკავშირის წევრად მიღების საკითხში.

პარლამენტს, სადაც მმართველი პარტია უმრავლესობაშია, კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღება უკვე გადაწყვეტილი აქვს.
ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩვენგან შორს მდებარე ქვეყნისათვის. საქართველო პირველი იყო ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან, რომელმაც 2003 წელს დემოკრატიული „ფერადი რევოლუცია“ მოახდინა და ხუთი წლის შემდეგ ვლადიმერ პუტინის რისხვა საკუთარ თავზე იწვნია, რუსული არმიის შეჭრის სახით. მას შემდეგ კრემლის ჯარებს ქვეყნის ტერიტორიის 20% აქვთ ოკუპირებული. იმის გამო, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადრინდელი რეფორმისტული მმართველობა მოგვიანებით რბილ რეპრესიებში და კორუფციულ ნათლიმამობაში გადაიზარდა, მისმა პარტიამ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში, გაერთიანებული ოპოზიციური კოალიციისაგან – „ქართული ოცნებისაგან“ დამარცხება განიცადა.

„ქართულ ოცნებას“ აფინანსებდა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც მილიარდები პოსტსაბჭოურ რუსეთში ბიზნესის წარმოებით დააგროვა.
არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ივანიშვილმა და მისმა პარტიამ (იმის მიუხედავად, რომ ოლიგარქი მხოლოდ პარტიის საპატიო თავმჯდომარედ ითვლება) მოსკოვსა და დასავლეთს შორის ლავირება დაიწყეს, მოსახლეობის მიერ ნატოსა და ევროკავშირის მხარდაჭერის ფონზე. დასავლური რეფორმები ტარდებოდა, მაგრამ პროგრესი უმნიშვნელო იყო.

გასულ წელს მმართველი პარტია შეეცადა მიეღო ისეთი კანონპროექტი, რომელიც ვალდებულს გახდიდა უცხოური დახმარებით დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მასმედიის საშუალებებს, რეგისტრირებულიყვნენ „უცხოური სახელმწიფოს ინტერესების გამომხატველ ორგანიზაციებად“, ანუ ქართული კანონპროექტი ძალიან ჰგავდა რუსეთის კანონს, რომელსაც ვლადიმერ პუტინის რეჟიმი სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლისათვის იყენებდა.

ევროკავშირმა თბილისს მკაფიოდ მიანიშნა, რომ ასეთი კანონპროექტის მიღება შეუთავსებელია საქართველოს იმედებთან ევროკავშირთან ინტეგრაციაზე. 2023 წელს გამართული მასობრივი პროტესტების შედეგად, მთავრობამ უკან დაიხია, მაგრამ სულ რაღაც ოთხიოდე თვის შემდეგ, რაც ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა, „ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტის მიღება ისევ განიზრახა.

ნაწილობრივ ამის მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ მმართველ პარტიას სურს ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შანსები აიმაღლოს. მაგრამ ქართველების მნიშვნელოვანი ნაწილი ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილს და მის მიმართ ლოიალურად განწყობილ ელიტას, რომელთაც მომგებიანად მიაჩნიათ რუსეთთან მეგობრული ურთიერთობა, უფრო ის უნდათ, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება არ მოხდეს. ბრიუსელმა საქართველოს ევროკავშირში მიღებისათვის პირობები წაუყენა: უნდა მოხდეს „დეოლიგარქიზაცია“ და კორუფციის ალაგმვა უმაღლეს დონეზე. მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხვების თანახმად, მოსახლეობის 80%-ს ევროკავშირში გაწევრიანება სურს, მთავრობა სარგებლობს ქართული საზოგადოებისათვის დამახასიათებელი სოციალური კონსერვატიზმით (განსაკუთრებით სოფლის მოსახლეობაში) და ხაზს უსვამს ევროკავშირის ერთგულებას ისეთი ფასეულობებისადმი, როგორიცაა „ლგბტ-საზოგადოების“ უფლებების დაცვა [რაც, თავის მხრივ, კონსერვატორ ქართველებში პოპულარობით არ სარგებლობს].

საპროტესტო აქციების მონაწილეები უკან არ იხევენ, თუმცა მასობრივი უწესრიგობები არავის არ ჭირდება იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ჯარები თბილისიდან ერთი საათის სავალზე, სამხრეთ ოსეთში დგანან. შექმნილი სიტუაციიდან ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება, რომ პროევროპულად განწყობილმა მოსახლეობამ ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებში „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას ჩამოაშოროს, მაგრამ ოპოზიცია ერთიანი არ არის, არ ჰყავს საერთო გავლენიანი ლიდერი, ხოლო აღნიშნული კანონპროექტი მძლავრ ინსტრუმენტს წარმოადგენს ხელისუფლებისათვის – გააკონტროლოს ოპოზიციის მიერ უცხოეთიდან მიღებული ფულადი ნაკადები.

შექმნილი ვითარება ევროკავშირის დიპლომატიის ერთგვარ გამოცდასაც წარმოადგენს. ბოლო წლებში საქართველოში დემოკრატიული პროცესების ტემპების შენელების კვალობაზე, ბრიუსელმა უყოყმანოდ უნდა გაუგზავნოს ოფიციალურ თბილისს მკაფიო სიგნალი, რომ თუ პარლამენტი კანონპროექტს მიიღებს, საქართველოს ევროკავშირში მიღების კანდიდატის სტატუსი შეუჩერდება. ეს უნდა იყოს აგრეთვე მინიშნება ქართველი ოლიგარქისთვისაც, რომ მას შეიძლება სანქციები დაუწესდეს თავისი სიმდიდრით სარგებლობისათვის, თუ საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სისხლიანი რეპრესიები დაიწყება.

ევროკავშირი ასევე ვალდებულია იმ პროევროპელი ქართველების წინაშეც, რომლებიც თავიანთი უსაფრთხოებით რისკავენ. ბრიუსელმა მათ უნდა მიანიშნოს, რომ ევროკავშირის წევრობის გზა ღია იქნება, თუ კანონპროექტი გაუქმდება და რეფორმები რეალურად გატარდება.

დასავლეთის ქვეყნებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ ქართული ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების დასახმარებლად. პოსტსაბჭოურ ისტორიაში არაერთხელ ყოფილა ციკლი, როცა დემოკრატიის პროგრესს ნაწილობრივ რეგრესი ცვლიდა. ამიტომ აუცილებელია ქართველების იმედების მხარდაჭერა, რომ ეს ციკლი დაირღვეს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო