“საიდუმლო მარშრუტი”, რომლის მეშვეობით რუსეთი და ირანი ერთმანეთს ეხმარებიან” – The Daily Telegraph
ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია, რომელშიც განხილულია კასპიის ზღვის როგორც სატრანსპორტო დერეფნის როლი რუსეთ-ირანის ურთიერთობებში. მასალის სათაურია „საიდუმლო მარშრუტი“, რომლის მეშვეობით რუსეთი და ირანი ერთმანეთს ეხმარებიან“.
როგორც პუბლიკაციაშია ნათქვამი, უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა თითქმის შეუმჩნევლად გააფართოვა მარშრუტი ირანისაკენ კასპიის ზღვის მეშვეობით. ეს ლოჯისტიკური დერეფანი, რომელსაც ზოგიერთებმა უკვე „კასპიის ექსპრესი“ უწოდეს, მოსკოვსა და თეირანს შორის თანამშრომლობის საფუძველი გახდა – მარშრუტი ორივე ქვეყანას შესაძლებლობას აძლევს, რომ გვერდი აუარონ აშშ-ის საზღვაო ზეწოლას სპარსეთის ყურეში.
კასპიის ზღვა პლანეტის შიდა ზღვებს მიეკუთვნება, ანუ ისეთ წყალსატევებს, რომლებთაც მსოფლიო ოკეანესთან გასასვლელი არ აქვთ. რუსეთმა კასპიის ზღვა ირანთან ეკონომიკური ურთიერთობის საბაზო სატრანსპორტო ობიექტად გადააქცია. კრემლის ამ ნაბიჯის სტრატეგიული შედეგები სულ უფრო მეტად იკვეთება იმის კვალობაზე, რაც ახლო აღმოსავლეთში ღვივდება – „მესამე მსოფლიო ომი სპარსეთის ყურეში“.
ომის განმავლობაში ისრაელის ავიაციამ რამდენჯერმე მიაყენა ავიადარტყმა ბენდერ-ენზელს – ირანის სამხედრო-საზღვაო ბაზას კასპიის ზღვის სამხრეთ ნაპირზე – და რამდენიმე სამხედრო კატერი და სანავსადგურო ნაგებობა გაანადგურა. ეს იყო ისრაელის ავიაციის პირველი ოპერაცია კასპიის რეგიონში. გასული თვის ბოლოს კი ისრაელს უკრაინაც დაემატა: უკრაინულმა დრონმა ირანის სავაჭრო გემი დააზიანა, რის შედეგადაც ერთი მეზღვაურიც დაიღუპა. თეირანი რამდენიმე დღე ფიქრობდა საპასუხო დარტყმა მიეყენებინა ოდესისათვის [ბალისტიკური რაკეტებით], მაგრამ, როგორც ჩანს, სიტუაციის გამწვავებას თავი აარიდა.
კასპიის ზღვაზე ირანს ოთხი ნავსადგური აქვს, რომლებიც ბოლო თვეებში დღედაღამ შეუსვენებლივ მუშაობენ და მარცვლეულის და ნავთობის სატვირთო სამუშაოებს აწარმოებენ – ჰორმუზის სრუტის ბლოკადის გამო თეირანმა თავისი სავაჭრო ოპერაციების ძირითადი ნაკადი შიდა ზღვისაკენ გადაამისამართა.
კასპიის ჩრდილოეთ ნაპირზე, რუსეთში, საკვანძო სატრანზიტო საზღვაო პუნქტი გახდა ნავსადგური ოლია, რომელიც მდინარე ვოლგის დელტაში, ასტრახანის ოლქში მდებარეობს. ანუ კასპიის ზღვა ამჟამად ორივე ქვეყნისთვის მომარაგების შეუცვლელი არხი გახდა. ისტორიის ირონიად შეიძლება ჩავთვალოთ ის ფაქტი, რომ „სპარსეთის დერეფანი“ აქტიურად გამოიყენებოდა მეორე მსოფლიო ომის დროსაც: კასპიის ზღვის აკვატორიისა და მისი სახმელეთო ნაპირის გასწვრივ შედიოდა სსრ კავშირში ამერიკული ტვირთების დიდი მოცულობა – „ლენდ-ლიზის“ პროექტით – ნაცისტური გერმანიის წინაღმდეგ ომში დასახმარებლად.
დღეს მოსკოვი ამ ისტორიულ დერეფანს სულ უფრო აქტიურად იყენებს. ათწლეულების განმავლობაში მოსკოვი კასპიის ზღვას მიუდგომელ ბასტიონად თვლიდა. სწორედ ასტრახანის ოლქში მდებარე კაპუსტინ-იარის სარაკეტო პოლიგონიდან იქნა გაშვებული რაკეტა „ორეშნიკი“ უკრაინისაკენ.
იმდენად, რამდენადაც კასპიის ზღვა მსოფლიო ოკეანეს არ უკავშირდება, აშშ-ს როგორც საზღვაო სახელმწიფოს, არანაირად არ შეუძლია ხელი შეუშალოს რუსეთს და ირანს ერთმანეთთან ტვირთბრუნვაში. თეირანისა და მოსკოვის ვაჭრობა ჰორმუზის სრუტის გავლით რომ ხდებოდეს, რომლის შესასვლელი ამერიკას თავისი ავიამზიდებით და სხვა სამხედრო ხომალდებით გადაკეტილი აქვს, მაშინ, რა თქმა უნდა, ვაშინგტონი ზომებს მიიღებდა, მაგრამ თეთრი სახლი ახლა ვერაფერს იზამს. ეს გეოგრაფიული რეალობა პირდაპირ ახდენს გავლენას მოსკოვის ფართო გეოპოლიტიკურ გეგმებზე, რომლებშიც კასპიის ზღვას საკვანძო როლი აქვს დაკავებული „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ სატრანსპორტო სტრატეგიულ დერეფანში, რომელიც რუსეთს, აზერბაიჯანს, ირანს და საბოლოო ჯამში, ინდოეთს აკავშირებს (ომამდე) და გვერდს უვლის დასავლეთის საზღვაო ბარიერებს.
ახლო აღმოსავლეთში ირან-ამერიკული კონფლიქტის გაფართოების კვალობაზე დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია დილემის წინაშე დგას: შეეცადოს თუ არა თეთრი სახლი „კასპიის ექსპრესის“ შეჩერებას, სანამ ის რუსეთ-ირანის პარტნიორობაში მტკიცე ლოჯისტიკურ საფუძვლად არ გადაქცეულა?
აშშ-მა უკვე მოამზადა გარკვეული დიპლომატიური ფუნდამენტი, როცა მხარი დაუჭირა სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმებას და „დონალდ ტრამპის მარშრუტი“ გახსნა. ახლა მან წარმატება უნდა განავითაროს, შეიმუშაოს ისეთი რეგიონული სტრატეგია, რომელიც აზერბაიჯანს განმტკიცების პროცესში მყოფ „საშუალო“ ლიდერად გადააქცევს სამხრეთ კავკასიაში. [გარდა ამისა, კიევ-ბაქოს კავშირებისადმი ხელშეწყობით] აშშ უკრაინას დაეხმარება ზეწოლა მოახდინოს „კასპიის ექსპრესზე“, თეთრი სახლის პირდაპირი ჩარევის რისკის გარეშე, – აღნიშნავს ავტორი.
პუბლიკაციის დასასრულს ნათქვამია:
„ისტორია გვასწავლის, რომ ომები საკმაოდ ხშირად მთავრდება არა იმდენად ბრძოლის ველზე, რამდენადაც მომარაგების გზებზე. „კასპიის ექსპრესი“ უკვე გახდა რუსეთ-ირანის სტრაგიული პარტნიორობის საფუძველი და ამით თეირანს იმედი მიეცა აშშ-სთან ომი „გადაიტანოს“, რომელიც უკვე მეექვსე თვეა გრძელდება. დარჩება თუ არა „კასპიის ექსპრესი“ ირანისათვის მოსკოვთან დამაკავშირებელ „სიცოცხლის გზად“ თუ საბოლოო ჯამში კრახს განიცდის – ეს დამოკიდებული იქნება ვაშინგტონზე, შეიმუშავებს თუ არა თეთრი სახლი ისეთ რეგიონულ სტრატეგიას, რომელიც ჩაკეტავს „სპარსულ დერეფანს“ და ჩაშლის რუსეთის ძალისხმევას ირანისადმი სამხედრო-ეკონომიკურ დახმარებაში“.