1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ,,რესპუბლიკური საავადმყოფო უახლოესი წლების განმავლობაში ფუნქციონირებას ჩვეულებრივად გააგრძელებს”- პრემიერი
,,რესპუბლიკური საავადმყოფო უახლოესი წლების განმავლობაში ფუნქციონირებას ჩვეულებრივად გააგრძელებს”- პრემიერი

,,რესპუბლიკური საავადმყოფო უახლოესი წლების განმავლობაში ფუნქციონირებას ჩვეულებრივად გააგრძელებს”- პრემიერი

255
0

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებული პროცესი გაჩერდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

კობახიძის თქმით, უახლოესი თვეების განმავლობაში მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტრო ალტერნატიულ პროექტზე იმუშავებენ.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალთან შეხვედრის შემდეგ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საავადმყოფოს უკანა ტერიტორიაზე აშენდეს ახალი საავადმყოფო, ხოლო წინა ტერიტორია გამოყენებული იქნეს საინვესტიციო მიზნებისთვის.

„შეხვედრა გქვონდა ჯანდაცვის მინისტრთან და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერთან ერთად რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებთან. როგორც მოგეხსენებათ, არსებობდა განსხვავებული მოსაზრებები, როგორ უნდა განვითარდეს პროცესები რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობის მშენებლობასთან დაკავშირებით. ჩვენ მოვისმინეთ გუშინ ექიმების მოსაზრებები. ამის შემდეგ გვქონდა კონსულტაციები ჯანდაცვის მინისტრთან, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად და მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილება.

უახლოესი თვეების განმავლობაში მთავრობა, ჯანდაცვის სამინისტრო იმუშავებს ალტერნატიულ პროექტზე. როგორც მოგეხსენებათ, დაგეგმილი პროექტი ითვალისწინებდა საავადმყოფოს გარკვეული ტერიტორიის გამოყენებას, უკანა ტერიტორიის გამოყენებას საინვესტიციო მიზნებისთვის, ხოლო წინა ტერიტორიაზე არსებული შენობის ადგილას, მისი დემონტაჟის საფუძველზე ახალი შენობის მშენებლობას. ალტერნატიული ვარიანტი შემოგვთავაზეს ექიმებმა, რაც გულისხმობდა, რომ უკანა ტერიტორიაზე შეიძლებოდა საავადმყოფოს მშენებლობა, ხოლო წინა ტერიტორიის გამოყენება მოგვიანებით საინვესტიციო მიზნებისთვის. ეს შემოთავაზება შეესაბამება იმ გეგმას, რომელიც არსებობდა თავის დროზე, თუ არ ვცდები, ჯერ კიდევ 2007 წელს. თავის დროზე, ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა დაგეგმილი ახალი შენობის მშნებელობა, შემდეგ, ასევე პოლიტიკური მიზეზების გამო, პროცესების გათვალისწინებით, სამწუხაროდ, ეს პროექტი ვეღარ განხორციელდა. სწორედ უკანა ტერიტორიაზე იგეგმებოდა ახალი საავადმყოფოს მშენებლობა. ჩვენ ვიმუშავებთ სწორედ ასეთ პროექტზე, კიდევ ერთხელ წარიმართება საპროექტო სამუშაოები. დაიგეგმება შესაბამისი პროცესი და მომზადდება წინადადებები სწორედ ამ მიმართულებით, რომ უკანა ტერიტორიაზე განხორციელდეს საავადმყოფოს მშენებლობა, ხოლო წინა ტერიტორია გამოყენებული იქნეს საინვესტიციო მიზნებისთვის, რაც ზუსტად შეესაბამება იმ შემოთავაზებას, რომელიც ჰქონდათ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს.

შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაჩერდება დაწყებული პროცესი, რომელიც უკავშირდებოდა ექიმებისა და პერსონალის მიერ განცხადებების დაწერას, რეორგანიზაციას. ჩვენ მოვამზადებთ კიდევ ერთხელ, უახლოესი თვეების განმავლობაში წინადადებებს და ამის შემდეგ უკვე განისაზღვრება ის, როგორ გაგრძელდება პროცესი. ჩვენი მთავარი ამოცანა არის ის, რომ გვჭირდება ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო. დღევანდელი ინფრასტრუქტურა არ არის სათანადო მდგომარეობაში, კარგ მდგომარეობაში. შესაბამისად, ჩვენს ქვეყანას სჭირდება ახალი შენობა, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო, რასაც ყველა იზიარებს, მათ შორის პირველ რიგში იზიარებს რესპუბლიკური საავადმყოფოს კოლექტივი. აქედან გამომდინარე, ეს მიზანი აუცილებლად განხორციელდება. უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში აუცილებლად აშენდება ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო, თუმცა მანამდე ახალი ვერსია, რომელზეც შევჯერდით, მოგვვემს საშუალებას, რომ უახლოესი წლების განმავლობაში შევინარჩუნოთ დღეს მოქმედი საავადმყოფო თავისი პერსონალით. შესაბამისად, რესპუბლიკური საავადმყოფო უახლოესი წლების განმავლობაში გააგრძელებს ჩვეულებრივად ფუნქციონირებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.