1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “რაში უშლის ხელს დასავლეთს ბიძინა ივანიშვილის არსებობა?”- ლევან მამალაძე
“რაში უშლის ხელს დასავლეთს ბიძინა ივანიშვილის არსებობა?”- ლევან მამალაძე

“რაში უშლის ხელს დასავლეთს ბიძინა ივანიშვილის არსებობა?”- ლევან მამალაძე

708
0

„რაში უშლის ხელს დასავლეთს ბიძინა ივანიშვილის არსებობა?!ვის არ აწყობს ჩვენი ურთიერთობის აღდგენა აფხაზებთან და ოსებთან?!- წერს სოციალურ ქსელში ახლად დაფუძნებული ორგანიზაციის, „სახალხო დიპლომატიის ცენტრის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ლევან მამალაძე.

 

მამალაძე ყურადღებას მსოფლიო პოლიტიკაში საქართველოს ადგილზე ამახვილებს და აღნიშნავს, რომ დასავლეთისათვის საქართველო კონტროლირებადი ბუფერული ზონაა კავკასიის ენერგომატარებლებისა და ტვირთების ტრანზიტულ რეგიონში.

„რაში უშლის ხელს დასავლეთს ბიძინა ივანიშვილის არსებობა?!ვის არ აწყობს ჩვენი ურთიერთობის აღდგენა აფხაზებთან და ოსებთან?!

დასავლეთს საქართველო როგორც კონტროლირებადი ბუფერული ზონა ჰყავს კავკასიის ენერგომატარებლებისა და ტვირთების ტრანზიტულ რეგიონში. ჩვენ ქვეყანას უფრო მაღალ სტატუსს არვინ აძლევს და ევროკავშირის კანდიდატის სატყუარაც ამ სტატუსის ჩარჩოების შენარჩუნებისთვის გამოიყენება!

მსოფლიოში შექმნილი ახალი გეოპოლიტიკური ვითარება საქართველოს შედარებით თავისუფალი მოქმედების საშუალებას აძლევს. ევროპა ჩვენთან დამოკიდებულების შეცვლას არ აპირებს და მცირე თავისუფლების გამოვლინებისათვისაც კი მწარედ გვსჯის. ამიტომ თავისივე დაფინანსებულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სექტორს ააქტიურებს, ქვეყანაში ვითარების დაძაბვისთვის და ხელისუფლების დამორჩილებისათვის.

მიუხედავად მრავალი მცდელობისა მათთვის სასურველი შედეგი არ დადგა, მიზეზი კი ხელისუფლების სიმტკიცე და რევოლუციის მსურველთა სიმცირეა. ხელისუფლების ერთიანობის გარანტი კი ბიძინა ივანიშვილია. ივანიშვილმა საქართველო ძალადობრივი რეჟიმისგან გაათავისუფლა. ის არის ავტორი დღევანდელი პოლიტიკური ელიტის და სახელმწიფო სისტემის. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო მართვასა და პოლიტიკას ჩამოშორდა, სწორედ ივანიშვილის ფაქტორია სახელისუფლებო განშტოებათა თანამშრომლობისა სახელმწიფო ინტერესების ჩარჩოებში. ეს კარგად იცის დასავლეთმა და საფუძველს ქმნის სანქციების შემოსაღებად, დეოლიგარქიზაციის ერთი პიროვნების მიმართ გამოსაყენებლად და მეხუთე კოლონის გასააქტიურებლად.

დაფინანსებული მედია საშუალებით საზოგადოებას მუდმივ დაძაბულობაში ამყოფებენ, ხოლო რადიკალების მიერ შემოგდებული დღის წესრიგით ხელისუფლება დროს მათთან პაექრობას უთმობს მაშინ, როცა საზოგადოება მიგრაციის პრობლემებითა და შემოსავლების სიმცირით არის გატანჯული. ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ ივანიშვილის ფაქტორი ამოაგდონ, ხელისუფლებაში დაპირისპირება შექმნან და საქართველო მორიგი რევოლუციით დაიმორჩილონ! შედეგად ბრძოლა ივანიშვილის წინააღმდეგ კია არა , ხელისუფლების ხელში ჩაგდების და ქვეყნის დამორჩილებისთვის მიდის,”- წერს ლევან მამალაძე.

მისი თქმით, არსებული ვითარება აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობის აღდგენის წინაპირობას ქმნის და ამიტომაც „სახალხო დიპლომატიის ცენტრი“ ამ მიმართულებით მუშაობის გააქტიურებას გეგმავს. პირველ ეტაპზე კი სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით სასაუბროდ, აშშ-ის ელჩთან შეხვედრა იგეგმება.

„ჩვენ ამასწინათ სახალხო დიპლომატიის ინიციატივით გამოვედით. რადგან საქართველოს გარშემო არსებული ვითარება, გარკვეულ წინაპირობას ქმნის, რომ აფხაზებთან და ოსებთან ადამიანური ურთიერთობების აღდგენა დავიწყოთ! ჩვენ მტერსაც უნდა დაველაპარაკოთ და მოყვარესაც, რომ ძველი წყენები ნორმალურ ურთიერთობებში გადავიყვანოთ, დაპირისპირება კი ეკონომიკურ თანამშრომლობაში. მაგრამ ზემოთ ხსენებული მიზეზებით,ასეთი ჰუმანური ნაბიჯიც კი დამოუკიდებელ პოზიციად აღიქმება და პრობლემებს აწყდება. ამიტომ ამერიკის ელჩთან ვგეგმავ შეხვედრას, რომ ჩვენი ხალხისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი ინიციატივა არ ჩაგვითვალონ რუსეთთან დაახლოებად და აშშ-ს ინტერესთა საწინააღმდეგოდ!

ჩვენ ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ, რომ სახელმწიფოს არ ვავნოთ. ისე უნდა ვიმოქმედოთ, რომ ქვეყნის სუვერენული ფუნქციის გამტკიცებას ჩვენი პარტნიორები და მოწინააღმდეგენიც მივაჩვიოთ!” – წერს ლევან მამალაძე.

ცნობისათვის, ყოფილმა მაღალჩინოსანმა ლევენ მამალაძემ, რომელიც წლების განმავლობაში ემიგრაციაში იმყოფებოდა, აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობის აღდგენისთვის ახალი პლატფორმა დააფუძნა. მამალაძემ განაცხადა, რომ არსებული პრობლემების ფონზე, აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობების საკითხი ყურადღების მიღმა რჩება, რაც დაუშვებელია.