1. Home
  2. TOP სიახლე
  3. რადიკალური პოლარიზაცია, სიძულვილის ენა და ურთიერთმიუღებლობა ანგრევს ერთიან ქართულ ცნობიერებას -საზოგადოება “ქართული”

რადიკალური პოლარიზაცია, სიძულვილის ენა და ურთიერთმიუღებლობა ანგრევს ერთიან ქართულ ცნობიერებას -საზოგადოება “ქართული”

45
0

რადიკალური პოლარიზაცია, სიძულვილის ენა და ურთიერთმიუღებლობა ანგრევს ერთიან ქართულ ცნობიერებას , – ამის შესახებ „საზოგადოება ქართულის“ განცხადებაშია აღნიშნული.

„საზოგადოებრივი გაერთიანება „ქართული“ ახლახან დაფუძნდა და ჩვენს პირველივე მიმართვაში იმ საფრთხეებზე გავამახვილეთ ყურადღება, რომელთა სიმწვავე ცხადად გამოჩნდა „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვისას.

ჩვენ ვწერდით, რომ დამაზიანებელია ურთიერთსიძულვილისა და ერთმანეთის მიუღებლობის ის ატმოსფერო, რომლითაც წლებია გაჯერებულია ტელეეთერები, სოციალური ქსელები და საზოგადოებრივი ცხოვრების არაერთი სფერო. კანონპროექტის განხილვამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ პოლარიზებული ნეგატიური ველი ცდილობს ყველა და ყველაფერი დაპირისპირებაში ჩაითრიოს. ამის ნათელი მაგალითია დაშინების და შეურაცხყოფის ის აგრესიული კამპანია, რომელიც იმ ადამიანების მიმართ მიმდინარეობს, რომელთა შრომა და საქმიანობა საერთო ქართულს ემსახურება. ესენია სპორტსმენები და ხელოვანები, რომლებიც საერთაშორისო არენაზე საქართველოს წარმოადგენენ და ქვეყნის ღირსებას იცავენ. მათი, ასევე ჩვენი სახელოვანი მეცნიერების, პედაგოგების, მწერლების და სხვა ინტელექტუალების წრეგადასული დამუნათება და რომელიმე მხარეს გადაბირების მცდელობები, არის მიუღებელი ერთიანობისთვის.

ქვეყნის მომავლისა და ქართული დემოკრატიისათვის არანაკლებ დამაზიანებელია „იმედის“ თუ სხვა ტელეკომპანიების ჟურნალისტების დევნისა და მათთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის ხელის შეშლის მზარდი ტენდენცია, ჟურნალისტების და მათი ოჯახის წევრების ბულინგის კამპანიები სოციალურ ქსელებში. სამწუხარო ისაა, რომ ეს იმ ძალებისა და ადამიანების მხრიდან იმართება, რომლებიც ევროპელობაზე ყველაზე მეტად დებენ თავს.

ჩვენთვის მიუღებელია განსხვავებული აზრის შეუწყნარებლობის ასეთი რადიკალური გარემო, როცა, სიტყვის თავისუფლების ნიღბით, ადგილი აქვს აშკარა დაშინებისა და მუქარის ფაქტებს. მათ შორის, ჩვენი საზოგადოების წევრების მიმართ, რომლებიც ღიად აფიქსირებენ თავიანთ მოსაზრებებს. თუ კიდევ განმეორდა მუქარები ჩვენი წევრების მისამართით, მათ სათანადო სამართლებრივი პასუხი გაეცემა, რათა საზოგადოება იმ ადამიანებისგან დავიცვათ, ვინც სხვისი დაშინებით განსხვავებული აზრის ჩახშობას ცდილობს.

დღევანდელი პროცესების შემხედვარეთ, ასევე გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთი თავისუფლებას ბატონის შეცვლასთან აიგივებს, ხოლო ევროპის ოჯახში გაერთიანებას-საკუთარ სუვერენიტეტზე უარის თქმასთან. ასეთი მენტალობის ადამიანები სიტყვიერად ემიჯნებიან წარსულს, საქმით კი პირდაპირი მემკვიდრეები არიან 20-იანი წლების იმ კომკავშირლების, რომლებიც ტაშით დახვდნენ პროლეტარულ რევოლუციას და რუსულ ოკუპაციას.

სხვას რას უნდა მივაწეროთ ის ფაქტი , რომ ზოგიერთისთვის ილიასეულ ტრიადაში-მამული, ენა და სარწმუნოება, ეს უკანასკნელი ზედმეტი აღმოჩნდა, რაც არაა შემთხვევითი მოვლენა ან მხოლოდ უცოდინარობა. ეს თავისუფლების ე.წ. ნეოლიბერალური დოქტრინის ნაწილია, რომელშიც უღმერთობა ტოტალიტარული რელიგიის რანგშია აყვანილი. ამიტომაა, რომ ამ ინსპირაციის შემოქმედი ხალხი, გარე ძალების კარნახითა და ხელშეწყობით, წლებია გამიზნულად ებრძვის ოჯახის ინსტიტუტს, ქრისტიანობას, დასცინის წმინდანებს, აქილიკებს ასი ათასი მოწამის თავგანწირვას, რევიზიას უკეთებს ისტორიას, აკნინებს და უნდა წაშალოს ჩვენი მეფეების, მღვდელმთავრების, საზოგადო მოღვაწეების და პატრიარქის ღვაწლი, ავტორიტეტი ჩვენი ეკლესიისა, რომლის დამსახურება ქართველი ერისა და კულტურის წინაშე აუწონელია.

ჩვენ ისტორიულად და კულტურულად ვართ ევროპელები და ევროპელობა, უპირველეს ყოვლისა, განსხვავებული აზრებისა და არგუმენტების ჰარმონიული სინთეზია და არა ტოტალიტარული აზრის ერთფეროვნება. ჩვენ გვინდა გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ჩვენი იდენტობის, ქრისტიანული ტრადიციების, ისტორიის, ღირსებისა და სუვერენიტეტის ხარჯზე. ეს უკანასკნელი დღეს, ურთულესი გეოპოლიტიკური გამოწვევების პირობებში, ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და ერის ფიზიკური გადარჩენის მთავარი ბერკეტია და მის განმტკიცებაზე ყველამ უნდა ვიზრუნოთ იქნება იგი კონსერვატორი, ლიბერალი, სოციალისტი თუ რომელიმე სხვა იდეოლოგიის მიმდევარი.

საერთო ეროვნული ინტერესები მათზე მაღლა დგას და ამისთვის ჩვენ, პირველ რიგში, განსხვავებული აზრების შეჯერებისა და კომპრომისების გზით, უნდა დავძლიოთ რადიკალიზებული და პოლარიზებული პოლიტიკური გარემო, რათა საზოგადოებაში ეროვნული და სახელმწიფოებრივი საქმეების ერთად კეთების ატმოსფერო დავამკვიდროთ“, – აღნიშნულია განცხადებაში.